ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ წუხელ გვიან ღამით მარტვილის საავადმყოფოში ერთ-ერთი დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა. მეუფემ ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარი პროვოკაცია იყო.
„მე ერთი მოვინახულე, აქ ვინც იყო დარჩენილი. დანარჩენი, ზოგი გაეწერა, ზოგი წავიდა“, - განაცხადა მეუფემ.
მისივე თქმით, სასულიერო პირები კრებას მართავდნენ, სადაც გარკვეულმა პირებმა შეჭრა სცადეს და „ამ შემოჭრის შედეგად ჟურნალისტები გახდნენ მსხვერპლი“.
„ჩვენ ვითხოვეთ, რომ აივანზე არავინ ამოეშვათ, არც ჟურნალისტები, არც ის ხალხი, მაგრამ არავინ გვისმინა. დარღვევაა ჟურნალისტების მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შემოიჭრნენ. ეკლესიის მსახურებს გვაქვს უფლება, რომ კრება ჟურნალისტების გარეშე ჩატარდეს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს გადაღებული, ყველაფერი გამოჩნდება ვინ ყვიროდა და ვინ არა.
მე ყველას მივეცი აზრის გამოთქმის საშუალება. როდესაც მე უნდა გამეცა პასუხები, იმ დროს არა და არ გაჩერდა ის ორი კაცი, ერთი არქიმანდრიტი ათინოგენე, კარგადაც არ მახსოვს მათი სახელები, ხოლო მეორე იღუმენია დანიელი. ისინი ყვიროდნენ. შეიძლება ეს სპეციალურად იყო მოწყობილი, მერე მათმა წარმომადგენლებმა დაიწყეს კარისკენ წასვლა. ეს ჯგუფები ორგანიზებული იყო მეუფე პეტრეს მიერ და არიან ადამიანები, რომლებიც ამას ამოწმებენ. ეს არის ეკლესიაზე თავდასხმა“, - განაცხადა მეუფემ.
ცნობისთვის, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში უკმაყოფილო სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც მათ შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა- შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.
მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"