ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2021

ვინაა ევროპელი მედიატორი კრისტიან დანიელსონი და მოახდენს თუ არა გარდატეხას პოლიტიკურ კრიზისში
ზაალ ანჯაფარიძე - “საგამოძიებო მოქმედებები დიდი ალბათობით “ტვ პირველის” შენობის გარეთ მოხდება”
დიდი ცვლილება: თბილისში 50-თეთრიანი “მარშრუტკები” დაბრუნდა, თანაც უამრავი შეღავათით
* * *
ვინაა ევროპელი მედიატორი კრისტიან დანიელსონი და მოახდენს თუ არა გარდატეხას პოლიტიკურ კრიზისში
“შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში პირად მედიატორად დანიშნა, თბილისს ეწვია. ვინ არის დანიელსონი და გახდება თუ არა შვედი დიპლომატი პოლიტიკურ კრიზისში გარდამტეხი ფაქტორი, ამ საკითხზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ დანიელსონის ვიზიტი მიშელის ვიზიტის გაგრძელებაა, რაც მიანიშნებს, რომ ბრიუსელის მხრიდან დიდი ინტერესია, რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ, რაც ქვეყანაში სტაბილურობის ერთგვარ გარანტიას შექმნის. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ დანიელსონის მედიაციით შესაძლოა პლებისციტზე შეთანხმება მოხდეს. ხოლო ოპოზიცია ამბობს, რომ მათი დღის წესრიგი არ გადაიხედება და მთავარი მოთხოვნებიც იგივეა - ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინაა ევროპელი მედიატორი კრისტიან დანიელსონი და მოახდენს თუ არა გარდატეხას პოლიტიკურ კრიზისში.
“ის გამოცდილი შვედი დიპლომატია, დიდი გამოცდილება აქვს, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებაში თუ იქაური კრიზისების მოგვარებაში. მისი მისია შარლ მიშელის ძალისხმევის გაგრძელებაა - მან სპეცწარმომადგენლის დანიშვნა გადაწყვიტა და მე ვიტყოდი, რომ ესაა ევროპული საბჭოდან პირველი უპრეცედენტო მეგობრული ნაბიჯი, როდესაც პრეზიდენტისა და მისი სპეცწარმომადგენლის მეშვეობით მეგობარი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში მედიატორობას ეწევა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ბრიუსელის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა, რომ აქ იყოს სტაბილურობა და რაც მთავარია, ურყევი ევროინტეგრაციული პროცესები, რასაც ისინი თავად ისედაც აღიარებენ. ვფიქრობ, რომ ეს კარგი ნაბიჯია და ამასთანავე ცალკეული ევროპარლამენტარების მიმართ სიგნალი, რომლებიც საქარველოს სახელმწიფოსთვის არცთუ ისე კარგ განცხადებებს აკეთებენ, რომელშიც ჩანს ხოლმე, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი თითქოსდა “ნაციონალურ მოძრაობას” მხარს უჭერს, რაც ბუნებრივია, საზოგადოების დიდ ნაწილში გაღიზიანებას იწვევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ეს ადამიანი უკვე თბილისშია და მოლაპარაკებებს გამართავს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ბრიუსელში გაიმართება ყოველწლიური ასოცირების საბჭოს სხდომა, ესაა უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისა და მთელი ევროკავშირის ტოპ ლიდერშიფის მონაწილეობოთ, სადაც განიხილავენ იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველომ ერთის მხრივ რას მიაღწია საკანონმდებლო რეფორმების კუთხით და მეორეს მხრივ რით და როგორ დაეხმარა ქვეყანას ევროკავშირი. ერთ-ერთი საკითხი კი, რომელიც თავად შარლ მიშელის ინიციატივითაა, ესაა პოლიტიკური დიალოგი. პრემიერი წარადგენს იმას, რასაც წარადგენს, მიღწეულია თუ არა შეთანხმება. მინდა საზოგადოებას ხაზგასმით ვუთხრა, რომ თუ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასოცირების საბჭო მყისიერად დაიხურება და იქ მეტს არაფერს არ განიხილავენ, არა, ესაა დღის წესრიგის დამატებითი საკითხი იმ ყოველწლიური საბჭოს სხდომაზე. შემდეგ იმ მომდევნო საკითხებზე გადავლენ, რომელიც უკვე დიდი ხნის მომზადებულულია და რომელიც შემდგომი დაახლოების და ევროინტეგრაციული პროცესების განხილვას გულისხმობს”, - განმარტავს რესპონდენტი.
“არ მაქვს იმისი ილუზია, რომ დესტრუქციული “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” დღეს-ხვალ რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწევენ, იმიტომ რომ როგორც “ნაციონალურმა მოძრაობამ” აჩვენა, რაც არ უნდა შესთავაზო, ის ყოველთვის უარზეა, რადგან მას არეულობა, დესტრუქცია და დაძაბულობა სურს. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ “ქართული ოცნება” და ბარიერგადალახული ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის ძირეულ რეფორმაზე შეთანხმდნენ. ასევე ის, რომ ეს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო მანდატები ეკუთვნით, დამატებით იმ საგამოძიებო კომისიაში ჩაერთვნენ, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნები უნდა შეისწავლოს. ჩვენ დავინახეთ, რომ “წითელი ხაზები” არსებობს. მხრიდან ესაა განმეორებითი არჩევნები, ე.წ. პოლიტპატიმრები და პლებისციტი, თუმცაღა ბატონი დანიელსონის გეგმა როგორი იქნება, არ ვიცით, შესაძლოა მან თავისი გეგმა ჩამოიტანოს, ამიტომ მომდევნო დღეები ორშაბათამდე გვანახებს თუ მხარეები სად არიან და როგორ მოხდა მათი გაყინვა, დაახლოება თუ დაშორიშორება”, - დაასკვნის გია აბაშიძე.
“დანიელსონი შვედი დიპლომატია, თავის დროზე შვედეთის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობა ეკავა. მოლაპარაკების პროცესში პასუხისმგებლობა თვითონ საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გამოიჩინოს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, და გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადადგან. შეიძლება ევროკავშირი დახმარებას შეეცადოს, მაგრამ თუ შეხების წერტილები არ გამოიძებნა, მაშინ შეთანხმების მიღწევა პრობლემა იქნება. ყველაზე რეალისტური საკითხი, სადაც შეხების წერტილი ორივე მხრიდან იქნება, მეჩვენება, რომ პლებისციტია, რომელიც შესაძლოა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად გაიმართოს. პირადი წარმომადგენელის გამოშვება ნიშნავს, რომ მიშელმა შეთანხმების საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა. ევროკავშირის მცდელობაა, რომ 15-17 მარტამდე როდესაც საქართველო-ევროკავშირის კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ექვსპუნქტინი გეგმის მიხედვით მანამდე იქნას მიღწეული”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ჩვენ პოზიციისთვის არ გადაგვიხედავს და ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან სრული პოლიტიკური ნება არსებობს, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ასევე საარჩევნო თემასთან დაკავშირებით და მედიატორის თანამონაწილეობით ვიმსჯელოთ იმაში თუ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან როგორ გამოვიდეს. “ქართული ოცნების” პოზიციები თუ არ გადაიხედება, რომელიც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, ცხადია, რომ შეთანხმებაის მიღწევა რთული იქნება”, - განაცხადა “ნაცმოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის თქმით, წინასწარ პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის და მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების პროცესში თამაშის ერთგვარ წესებსა და იმ ღირებულებების სისტემაზე შეთანხმდნენ, რომლის ირგვლივაც მოუწეთ გადაწყვეტილებების მიღება”, - დასძენს გამოცემა.
ზაალ ანჯაფარიძე - “საგამოძიებო მოქმედებები დიდი ალბათობით “ტვ პირველის” შენობის გარეთ მოხდება”
“ამ ფაილების წარდგენა შეიძლება საერთოდ “ტვ პირველის” გარეთაც მოხდეს, პროკურატურის ტელევიზიის შენობაში არანაირი შეღწევა არ იქნება, ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ “რეზონანსთან” ისაუბრა. დასძენს, რომ პროკურატურაში “უბრალოდ იმ ფაილების წარდგენა მოითხოვეს, რის საფუძველზეც ამ ჩანაწერის გაშვება მოხდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, მორიგი სკანდალის აგორებას ცდილობენ, ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
“ტვ პირველის” საქციელი პრინციპში არ მიკვირს, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მასთან არიან აფილირებული თუ “ტვ პირველია” აფილირებული მათთან, ახლა ცდილობენ, რომ აქედან რაღაც სენსაცია-სკანდალი გამოადნონ და, როგორც იტყვიან, თემა ასწიონ. პროკურატურამ, მე მგონი, საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებებზე, რაც კანონითაა დაშვებული და თუ “ტვ პირველი” საკუთარ თავს კანონის მიღმა აყენებს, ეს უკვე სხვა საქმეა. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, მედიასაშუალებაა, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ყველა კანონს უნდა დაემორჩილოს. რამდენადაც ვიცი ამ ეტაპამდე არც “ტვ პირველის” მაუწყებლობა შეფერხებულა და არც ტელევიზიის რაიმე საქმიანობა. შემდგომში რა იქნება არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემია კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“თუ პროკურატურამ რაღაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, ეს დიდი ალბათობით “ტვ პირველის” შენობის გარეთ მოხდება, იმიტომ, რომ როგორც განცხადებას გავეცანი, მათ უბრალოდ იმ ფაილების წარდგენა მოითხოვეს, რის საფუძველზეც ამ ჩანაწერის, სხვათაშორის დამონტაჟებულის, გაშვება მოხდა. ანუ ამ ფაილების წარდგენა შეიძლება საერთოდ “ტვ პირველის” გარეთაც მოხდეს, ასე რომ პროკურატურის ტელევიზიის შენობაში არანაირი შეღწევა არ იქნება, ჩემთვის ამ სკანდალის მიზეზები კი გასაგებია, მაგრამ უბრალოდ მიუღებელია, როდესაც ასეთ თემებზე ტელევიზია და პოლიტიკური ძალები მორიგი სკანდალის და დაძაბულობის აგორებას ცდილობენ, მით უმეტეს, იმ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყების წინ, რომელიც ამ კვირაში უნდა შედგეს”, - მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე.
დიდი ცვლილება: თბილისში 50-თეთრიანი “მარშრუტკები” დაბრუნდა, თანაც უამრავი შეღავათით
“მალე თბილისში ძვირი მგზავრობის ხანა წარსულს ჩაბარდება. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მერიას ასეთი გადაწყვეტილებისკენ უბიძგა, მუნიციპალური ტრანსპორტის წახალისებაა. 1-ლი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი გახდება, ხოლო წლის ბოლომდე ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რაც ნიშნავს, რომ ტარიფი მასობრივად გაიაფდება. ერთიან სისტემაში ინტეგრირებით მიკროავტობუსიც უკვე ნაწილობრივ მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციას შეიძენს. მოხდა ყველაზე პოზიტიური ცვლილება, რაც გადაადგილებას უფრო კომფორტულს, ხელმისაწვდომს და მობილურს გახდის, რაც დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემად მიიჩნეოდა. თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი, “რეზონანსთან” თბილისის საკრებულოს წევრმა, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტმა შალვა ოგბაიძემ ისაუბრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი ცვლილება: თბილისში 50-თეთრიანი “მარშრუტკები” დაბრუნდა, თანაც უამრავი შეღავათით / ყველაფერი ახალი სატარიფო ცვლილების შესახებ, რომელიც დედაქალაქში აპრილიდან ამოქმედდება.
“ახალი სატრანსპორტო პროგრამა რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის მგზავრობის საფასურის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას, რომელშიც მეტრო, ავტობუსები და ახალი ლურჯი ავტობუსები ჩაერთვება. მოქალაქეები ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდა. საათნახევრის განმავლობაში ისინი ერთი გადახდის შემდეგ უფასოდ იმგზავრებენ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და ლურჯ მიკროავტობუსში. საათნახევრის გასვლის შემდეგ მგზავრი ისევ ჩვეულებრივ 50 თეთრს გადაიხდის და ტარიფი არ შეიცვლება. შეიძლება ითქვას მიკროავტობუსები მთლიანად მუნიციპალურ სატრანსპორტო სქემაში ჩაერთვნენ. პრაქტიკულად მათ ძველი ფუნქცია დაიბრუნეს, რაც გადახდის ერთიან სქემას გულისხმობს. დამოკიდებულება - “კონდიციონერი ჩართე”, “ჯიბიდან გადაიხადე” და სხვა მსგავსი რამ წარსულს ჩაბარდა. შეიცვალა მძღოლის ანაზღაურების ფორმაც, ისინი სტაბილურ შემოსავალს მიიღებენ. რაც შეეხება ლურჯი მიკროავტრობუსების რაოდენობას, ამ ეტაპზე რამდენიმე ასეულია და წლის ბოლომდე მათი რიცხვი 1000-მდე გაიზრდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ოგბაიძე.
“ამ ეტაპზე ტარიფის ზრდა არ განიხილება, მეტიც, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში მოქმედი შეღავათიანი პაკეტები “ლურჯ მიკროავტობუსებზეც” გავრცელდება. უფასო გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლების ამ შღავათით ისედაც სარგებლობდნენ: დედაქალაქში რეგისტრირებული უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები; 10 თეთრით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები; ხოლო 20 თეთრით მგზავრობის საშუალება ექნება იმავე კატეგორიას, რომელიც ამ შეღავათით მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას სარგებლობს: სტუდენტები; სკოლისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები და სხვა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შალვა ოგბაიძის ინფორმაციით, “საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამით” სხვა ცვლილებებთან ერთად გათვალისწინებულია მგზავრობის ერთკვირიანი და ერთთვიანი აბონემენტების შემოღება. აბონემენტების ფასი შეღავათიანი იქნება, თუმცა მგზავრებს თავად შეეძლებათ გააკეთონ არჩევანი - ისარგებლონ ჩვეულებრივი ტარიფით, თუ უღირთ შეიძინონ აბონემენტები. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, ვიქტორ წილოსანის თქმით, ფინანსური რესურსი კონკრეტულად არც ერთ პროექტს არ აკლდება და სუბსიდირებისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მოიძიეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის ზრდის ხარჯზე რეფორმის ეს ნაწილი გამართლებული იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩვენ მოსახლეობას მგზავრობას დავუსუბსიდირებთ. ზუსტად იმიტომ, რომ რეფორმის ფარგლებში მოხდეს მოსახლეობის წახალისება და შესაძლებელი იყოს გადასხდნენ კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მერია რა თქმა უნდა, ამაში თანხას დახარჯავს. ეს ბიუჯეტის გადანაწილების ნაწილია, კონკრეტულად რომელიმე პროექტს თანხა არ დააკლდება. ეს არის 10-წლიანი გეგმის ნაწილი. იმის ხარჯზე, რომ ყოველწლიურად მგზავრთნაკადი 15%-ით იზრდება, ვფიქრობთ, რომ ჩვენ მივიღებთ დამატებით შემოსავლებს”, - განაცხადა წილოსანმა. მთავრობის სატრანსპორტო პოლიტიკას დარგის სპეციალისტები დადებითად აფასებენ. როგორც ექსპერტმა გელა კვაშილავამ “რეზონანსთან” აღნიშნა, ტარიფის გაიაფება საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისების მიზნით მოხდა, რაც მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია”, - დასძენს გამოცემა.
“წლების განმავლობაში საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსოპორტის სფერო მოუწესრიგებელი იყო. გარდა იმისა, რომ მგზავრები გადაადგილდებოდნენ მაღალ ფასად, ტრანსპორტირების პირობები იყო ძალიან მძიმე, შეიძლება ითქვას, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყოველთვის სჭირდება მხარდაჭერა, ყველა ქვეყანაში ასეა და კარგია, რომ ამჯერადაც მთავრობა ცდილობს დარგის წახალისებას. როგორც ჩანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო პრიორიტეტული ხდება, ამიტომ ასეთი ქმედითი ნაბიჯები საბოლოოდ ჯამში დიდ შედეგს მოგვცემს. რაც მთავარია, მგზავრობა გახდება კომფორტული და მარტივი. ინტეგრირებული სისტემა კი კარგია იმისთვის, რომ მომსახურების კონტროლიც გამარტივდეს, ამ მხრივ ერთიანი სქემა უფრო მისაღები და ადვილად სამართავია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა კვაშილავა.

























