მიანმარში უსაფრთხოების ძალებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 38 დემონსტრანტი და 1 პოლიციელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, არმიის მიერ კონტროლირებადი ტელევიზია Miawadday-ი იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალებმა მოქმედება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მომიტინგეებმა ქალაქ იანგორში მდებარე რამდენიმე ჩინურ ქარხანაში ხანძარი გააჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ქარხნების დაწვაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
მომხდარს ჩინეთის საელჩოში გამოეხმაურნენ და მიანმარის ხელისუფლებას ჩინეთის მოქალაქეებისა და ქონების დაცვისკენ მოუწოდეს.
Reuters-ი წერს, რომ ჩინეთს სამხედრო ხუნტის მხარდამჭერად მიიჩნევენ, რომელმაც ქვეყნის ძალაუფლება ხელში აიღო.
მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საერთო ჯამში, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, მიანმარში აქციების დროს პოლიციიის მხრიდან ძალის გამოყენებას სულ მცირე 126 ადამიანი ემსხვერპლა, დაკავებულთა რაოდენობა კი 2 000-ს აჭარბებს.