არტილერისტებს 28 წლის იუბილე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, არტილერისტებს 28 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადაში მიულოცეს. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას არტილერიის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თავდაცვის ძალების სიძლიერის და ბრძოლისუნარიანობისთვის არტილერიის შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიან ხედვაში არტილერია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემუშავებული მიდგომებით, ჩვენ ვგეგმავთ არტილერიის მნიშვნელოვან მოდერნიზაცია-განახლებას და თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. არტილერიის დღე დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადაშიც აღინიშნა.

„საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ბრიგადის ტერიტორიაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ქართული არტილერიის ისტორია XVIII საუკუნიდან იწყება, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გრძელდება და მოდის დღემდე. 1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. 14-დან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ. 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს