პარლამენტში „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ მეორე, ათასგვერდიანი ტომის „საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში - ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისათვის (1990-1995)“ პრეზენტაცია გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, კონსტიტუციონალისტები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი მინდია უგრეხელიძე, ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი,პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი თენგიზ შარმანაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში თორნიკე ჭეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ გონაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო მინდიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თამთა წირქვაძე.

პრეზენტაცია მიეძღვნა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს. აღინიშნა, რომ პირველი ქართული კონსტიტუცია მრავალათასწლოვანი ქართული სახელმწიფოსა და სამართლის გვირგვინს, ქართველი ერის პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურის გამოხატულებას წარმოადგენს. კრებული ქართული კონსტიტუციონალიზმის უახლეს ისტორიას ასახავს. აქ მკითხველი გაეცნობა 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმის შემდეგ 1921 წლის კონსტიტუციის თაობაზე არსებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. ამ თვალსაზრისით კრებული 1921 წლის კონსტიტუციის მემატიანეა.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კრებულის შედგენის ძირითადი მიზანია ისტორიული წყაროების შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა. დღემდე უამრავი დოკუმენტია დაკარგული, მაგალითად, 1993-1995 წლების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშები. გამქრალია კავკასიის ინსტიტუტის გაზეთი „Georgian Chronical“, სადაც 1994-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის პლენარული სხდომის მასალები იყო გამოქვეყნებული.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ კრებული დასტურია იმისა, რომ ქართველი ერისთვის ნიშანდობლივია კონსტიტუციური აზროვნება, რომ ქართველი ერი პატივს სცემს კონსტიტუციონალიზმის იდეას.

გამოითქვა მოსაზრება, რომ კრებული დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის ნომრის განმარტების პროცესში.

კრებულის კონცეპტუალური გააზრება, შესავალი წერილი და სამეცნიერო რედაქცია ეკუთვნის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს მინდია უგრეხელიძეს, ხოლო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია. პროექტის სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფს წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტები დიმიტრი ცანავას ხელმძღვანელობით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 26 მაისს გეგმავს „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ მესამე ტომის პრეზენტაციას, რომელიც მიეძღვნება უშუალოდ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა