მამუკა მდინარაძე - ჟოზეფ ბორელის განცხადების და მკაფიო გზავნილების შემდეგ, მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულებასთან დაკავშირებით, ჩემი მოლოდინი კიდევ უფრო გაიზარდა

ჟოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადების და იმ მკაფიო გზავნილების შემდეგ, რაც მისი მხრიდან გახმოვანდა, ჩემი პოზიტიური მოლოდინი მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაიზარდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში ორივე მხრიდან კომპრომისული წინადადებების წარდგენა უზრუნველყოფს მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულებას.

„დღევანდელი გზავნილები ევროპიდან ჩვენს პოზიციას ამაგრებს, მეორე მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისული ნაბიჯი იქნება ის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ საერთო წარმატებაში მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეკითხვაზე, რადგან მმართველი გუნდისთვის ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია, რჩება თუ არა სივრცე მოლაპარაკებებისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ის წითელ ხაზებზე არ ისაუბრებს.

„მე არ დავარღვევ იმ პირობას, რაც ამ დღეების განმავლობაში სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენ დავიცავით და ეს არ გააკეთა ოპოზიციამ. არ ვილაპარაკებ წითელ ხაზებზე და რომელიმე ფერის ხაზებზე და ასე არ დავყოფ იქიდან გამომდინარე, რომ ეს დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ პროცესს. ჩვენ თავს ვიკავებთ იმ დეტალების გახმაურებისგან, რომელ დეტალებზეც უკვე ძალიან კარგი, სწორი წარმოდგენა აქვთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ეს დღევანდელ პრესკონფერენციიდანაც გამოჩნდა. ჩვენ უამრავ თემაზე ვსაუბრობთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ვსაუბრობთ თემებზე, რომელთა საერთო დახასიათება შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ეს არის სამართლიანი პირობები. მეორე მხრიდანაც ველოდებით ასეთ პირობებს. შესაბამისად დეტალებში და სიღრმეებში ნამდვილად არ შევალ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია „სახელმწიფოებრივ და რაციონალურ“ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„თუკი ოპოზიცია შეძლებს და მიუხედავად ყველაფრისა და მათი მოქმედებისა, განცხადებებისა და პირობების დარღვევისა, მაინც ვიმედოვნებ, რომ ისინი შეძლებენ სახელმწიფოებრივად, რაციონალურად ფიქრს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ეს იქნება მათი მხრიდან კარგი ნაბიჯი, რამეთუ ეს ხელს შეუწყობს იმ პირობების შესრულებას საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, რასაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები და რაც საფუძველი გახდება, 2024 წელს ჩვენ მიერ განაცხადის შეტანისა. თუ ისინი ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებენ, ეს მათთვისაც ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა