პროკურორი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით - ყველას დავკითხავთ, ვინც საქმეს ეხება

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის გამოიკითხვას არ გამორიცხავს. ამასთან, როგორც კოტრიკაძე განმარტავს, იმისთვის, რომ გამოძიებამ ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსზე გამოძიება დაიწყოს, ჯერ მისი ავთენტურობა უნდა დაადგინოს.

კოტრიკაძის თქმითვე, საქმის კვალიფიკაცია არ უშლის ნოდარ მელაძეს ხელს, რომ გამოძიებას ჩანაწერი გადასცეს, ისევე, როგორც გამოძიებას არ უშლის ხელს საქმის კვალიფიკაცია, გამოძიება ჩანაწერის შინაარსზე დაიწყოს. პროკურორის განცხადებით, შესაძლოა, ამ ჩანაწერების მიწოდებით გამოძიება სხვა დანაშაულზე, მათ შორის, შინაარსზე გავიდეს.

„სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების ფარგლებში გამომძიებელმა ყველა რელევანტური კითხვა დასვა. ნოდარ მელაძემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გამოიყენა და კითხვების უმეტესობაზე პასუხი არ გასცა. კითხვები იყო, როგორც ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ასევე მის შინაარსთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ როცა დასაკითხი პირი პრეტენზიას გამოთქვამს შინაარსთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულს გამოძიება არ იძიებს, ის შინაარსზე დასმულ კითხვებს პასუხს არ სცემს. სწორი არ არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება შინაარსს არ იძიებს, გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. სწორედ, ამიტომაც გვინდა ეს აუდიო ჩანაწერი, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ. საქმეზე კვალიფიკაცია არ უშლის ხელს გამოძიებას, რომ ყველა მიმართულებით იმუშაოს. ასევე, პირს, რომელსაც უნდა თანამშრომლობა, ასევე კვალიფიკაცია არ უშლის ხელს, რომ გამოძიებას ეს ჩანაწერი მიაწოდოს, რადგან სწორედ, შესაძლოა, ამ ჩანაწერების მიწოდებით გამოძიება გავიდეს სხვა დანაშაულზე, მათ შორის, შინაარსზე“, - აცხადებს კოტრიკაძე.

მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ პირთა დანაშაულებრივი ქმედება დადგინდეს, ამისთვის მტკიცებულებებია საჭირო. კითხვაზე, რატომ არ კითხავენ ისინი ბერა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს, პროკურორი პასუხობს, „ვინ თქვა, რომ არ კითხავენ“.

„როდესაც მოვიპოვებთ ჩანაწერებს და ავთენტიკურობა დადგინდება, ამის შემდეგ გამოძიება სხვა მიმართულებებით იმუშავებს. გამოძიება ყველა მიმართულებით იმუშავებს, მაგრამ კონკრეტულ დანაშაულზე რომ გახვიდე და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ამისთვის საჭიროა, მტკიცებულებები. შინაარსობრივი მხარის მტკიცებულებების ბაზა თუ არ შექმენი, მაშინ სისხლის სამართლებრივ დევნას როგორ დაიწყებ?

ვინ თქვა რომ არ ვკითხავთ? ყველას დავკითხავთ, ვინც საქმეს ეხება. შესაძლოა, ყველა პირი იყოს დაბარებული, ვინც ამ საქმეს ეხება და ვისაც შეუძლია უშუალო ინფორმაციის მიწოდება, სად ნახეთ, რომ ვინმეს ეთქვა, არ დავკითხავთო. ვიმეორებ, გამოძიების ინტერესებისთვის ვისი დაკითხვაც საჭირო იქნება, ყველას დავკითხავთ. ყველა საქმე არის ინდივიდუალური, საქმის გამომძიებელი და პროკურორი წყვეტენ რა კვალიფიკაციით დაიწყონ გამოძიება, ერთიც და მეორეც, პასუხისმგებელია სრულ და ობიექტურ გამოძიებაზე, ამ საქმეზე რა მტკიცებულებებიც იყო, იმის შესაბამისად განვსაზღვრეთ კვალიფიკაცია. შინაარსი რომ არ გვაინტერესებდეს, შინაარსთან დაკავშირებით, კითხვებს დავსვამდით? რა თქმა უნდა, არ დავსვამდით“, - აცახდებს კოტრიკაძე.

მისივე თქმით, ისინი მზად არიან ჩანაწერი ნებისმიერი ფორმით მიიღონ, მათ შორის, იმ ფორმითაც, რომელმაც შეიძლება წყაროს იდენტიფიცირება ვერ მოახდინოს.

„დასაკითხ პირს პრეტენზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მუშაობდა და აქედან გამომდინარე, თუ ნახავდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მუშაობს, ჩანაწერს გადმოგვცემს. ის ჩანაწერები რისთვის გვჭირდება? იმისთვის, რომ გამოძიებამ დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვოს, იმუშაოს. სწორედ ნოდარ მელაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. კვალიფიკაციის შეცვლას კი მტკიცებულება სჭირდება, გამოძიებამ მტკიცებულება თუ ვერ მოიპოვა, ჰაერში ვერ შეცვლის კვალიფიკაციას. როცა ადამიანი სიტყვით ამბობს, თანამშრომლობა მინდაო, მაგრამ საქმით ამას არ აკეთებს, რანაირი თანამშრომლობა გამოდის ეს. ნოდარ მელაძე თუ არ გადმოგვცემს ამ ჩანაწერს, ეს მისი უფლებაა და ვერც ვერავინ დაააძალებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით არ იმუშავებს“, - აცხადებს კოტრიკაძე.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა. ამის შემდეგ სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ აღნიშნული ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა, „ტვ პირველმა” კი თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს