პრეზიდენტი - დათა ვანიშვილი იყო შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დათა ვანიშვილი შეუპოვარი ბრძოლის მაგალითია.

„ის იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს.

გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს.

მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა. ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს”, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს