ქართული პრესის მიმოხილვა 22.03.2021

ვახტანგ ძაბირაძე - “მოლაპარაკების ჩაშლაში სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო”

ოპოზიციის ახალი გეგმა - რა რისკზე მიდის “ნაცმოძრაობა” და რისი ეშინია “ოცნებას”

უკავშირდება თუ არა ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების ჩაშლას

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “მოლაპარაკების ჩაშლაში სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო”

“ექსპერტთა წრეებშიც თუ საზოგადოებაშიც დიდწილად ველოდით, რომ მოლაპარაკება ჩაიშლებოდა. საქმე ის არის, რომ მიუხედავად განცხადებებისა, თითქოს პროცესი მეტ-ნაკლებად კარგად მიდიოდა, აშკარად ჩანდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან წითელი ხაზები ყოველთვის იყო. ამ შეხვედრებს ერთი დადებით მხარე მაინც ჰქონდა - დასავლეთი და ჩვენი პარტნიორები ქართულ პოლიტიკურ სივრცეს და აქაურ პროცესებს კარგად გაეცნენ, რისი დეფიციტი აქამდე იგრძნობოდა. ამ ხანგრძლივმა მოლაპარაკებამ, ვფიქრობ, დანიელსონსაც და საზოგადოდ, ევროპელებსაც, ქართული პოლიტიკის რეალური სურათი აჩვენა, კარგად დაანახა, თუ რას წარმოადგენს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. სამწუხაროდ, თავის მოსაწონი არაფერი გვაქვს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მოლაპარაკების ჩაშლაში სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო” / “ცხადად გამოჩნდა, რომ არჩევნებით მოსვლა ხელისუფლებაში სააკაშვილისთვის მისაღები არ არის. მას სურს მოვიდეს რევოლუციით ან რევოლუციასთან მიახლოებული სცენარით, რათა უკონტროლო ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში” / “ყველაზე მეტად მაოცებს “ლელოს” პოზიცია. ჩემთვის დღემდე აუხსნელია, რატომ უნდა იდგეს “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით...”

“ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ქვეყნის საწინააღმდეგო დინებით მიდიან. ორივე ლაპარაკობს ხალხის სახელით, მაგრამ მოქმედებს ხალხის და სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. ამ მოლაპარაკებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რასაც 30 წელია თავი ვერ დავაღწიეთ - ჩვენ მოწინააღმდეგის განადგურებას ვცდილობთ და არა მის დაყოლიებასა და დათანხმებას. კომპრომისი ასე გვესმის - ჩვენ არაფერს დავთმობთ, მხოლოდ მეორე მხარემ უნდა გადმოდგას ჩვენკენ ნაბიჯი. ამის ნათელი მაგალითია “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის წევრისგან გაუგონარი რამ მოვისმინეთ - თურმე მათი კომპრომისი ის ყოფილა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. როდესაც ქვეყანაში ნომერი მეორე პარტიის წარმომადგენელი ასეთ განცხადებას აკეთებს, იქ სერიოზულ და ლოგიკურ განზრახვაზე ლაპარაკი შეიძლება? როდესაც პირველად დაიწყო ლაპარაკი მედიაციაზე, მაშინვე ვთქვი, მედიაცია არ გვიშველის, მომრიგებელ-მოსამართლე გვჭირდება, რომელიც გადაწყვეტილებას ჩვენ ნაცვლად მიიღებს-მეთქი. სხვანაირად არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ ძალებმა შეწყვიტონ კინკლაობა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჰქონდეთ ურთიერთობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“პოლიტიკური პარტია რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, წესით, უნდა აანალიზებდეს იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს გადაწყვეტილება აძლევს. თუ ოპოზიცია წარდგენილ წინადადებებს დათანხმდებოდა და პარლამენტში შევიდოდა, რას კარგავდა? ან რა მიიღეს ამაზე უარის თქმით? თუ დათანხმდებოდა და პარლამენტში შევიდოდა, ქუჩაში ხელისუფლება ხომ არ დარჩებოდა - ოპოზიციას შეეძლო ქუჩაშიც გაეგრძელებინა აქტიურობა. ეს საპროტესტო მოძრაობა გაცილებით წონიანი იქნებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო ოპოზიცია... ახლა ახალ საპროტესტო აქციაზე - “მოძრაობა საქართველოსთვის” და სრულ დაუმორჩილებლობაზე კი განაცხადეს, მაგრამ მათი დიდი პრობლემა ის არის, რომ ამ ეტაპზე ისეთი მხარდაჭერა არა აქვთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მასობრივი აქციების ორგანიზება შეძლონ. თავსაც იტყუებენ და ჩვენც გვატყუებენ. არადა, პარლამენტში შესული ოპოზიციის 60-კაციანი ჯგუფი ფაქტობრივად პოლიტიკის წამყვანი იქნებოდა, თან თუ 5 კომიტეტსაც უხელმძღვანელებდნენ... როდესაც ამაზე უარს ამბობ, რისი იმედი გაქვს?”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოპოზიცია პარლამენტში შესვლით არაფერსაც არ კარგავდა, მეტიც, ის პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერდა და საერთაშორისო მხარდაჭერასაც მიიღებდა, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნაზე უარი თქვეს. ოპოზიციას თუ აქვს ამის თავი, ერთ რამეს შევთავაზებ - ერთხელ გამოიყვანოს ხალხის ის რაოდენობა, რაც, დავუშვათ, 2011 თუ 2012 წელს გამოიყვანა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე. ხელისუფლება მხოლოდ ამ შემთხვევაში დაფიქრდება, რა ქნას. ახლა 20 კაცით გინდა შუშის სასახლეს მიადექი, გინდა პარლამენტს და გინდ კანცელარიას... გასაგებია, არ ვარგა ეს ხელისუფლება, მაგრამ ის არც ისეთი გულუბრყვილოა, ვერ აკონტროლოს სიტუაცია და განწყობა ქვეყანაში. ტელევიზიით რამდენიც გინდა იყვირო, ხალხი მე მიჭერს მხარსო, ასე არ არის. როცა რაღაცას გეგმავ, პიარის გარდა, რეალობაც ხომ უნდა გაითვალისწინო?” - მიიჩნევს ექსპერტი.

“რომ დავუბრუნდეთ ქუჩაში ოპოზიციის შანსებს, შორს არ წავალ, ნიკა მელიას დაკავების ამბავს გავიხსენებ, რომელსაც ასე ამზადებდა “ნაციონალურ მოძრაობაში”, გაამაგრეს ოფისი და იმედი ჰქონდათ, რომ ამით ასწევდნენ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტს, თანაც, გავიხსენოთ, მელიას დაპატიმრებამდე პრემიერი გიორგი გახარია გადადგა, რასაც უფრო უნდა წაეხალისებინა პროტესტი, მაგრამ ვნახეთ, რაც მოხდა და რამდენი ხალხი შეიკრიბა საპროტესტოდ. გაიძახიან, თავებს არ ითვლიანო, საქართველოში ნამდვილად ითვლიან და რამდენად მასობრივია აქცია, იმის მიხედვით იწყებს მოქმედებას პოლიტიკური სპექტრი. თუ ასეთ ვითარებაში ერთჯერადადაც კი ვერ მოახერხეს ძლიერი საპროტესტო აქციის გამართვა, მაშინ რისი მოლოდინი აქვთ ახლა? როგორ შეძლებენ, რომ არაერთი პრობლემით დატვირთული ხალხი ქუჩაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოიყვანონ? თანაც მაშინ, როდესაც არც შინ და არც გარეთ თითქმის არავის სჯერა, რომ არჩევნები ისე გაყალბდა, ვადამდელის ჩატარება იყოს საჭირო. ოპოზიციას კიდევ იმის იმედი აქვს, რომ ეკონომიკური ვითარება ისე გართულდება, ამის გამო გამოვა ხალხი ქუჩაში, მაგრამ როცა სანაცვლოდ არაფერს სთავაზობ ხალხს, არაფერს ამბობ, შენ როგორ აპირებ ვითარების შეცვლას, რატომ გამოვა ქუჩაში შენს დაძახილზე?” - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“ხაზარაძემ თქვა კიდეც, მოლაპარაკების დაწყებისას უფრო ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, ვიდრე შემდეგო - მდგომარეობა შეიცვალა იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი “ქართული ოცნებისთვის” გაცილებით მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე თვითონ ხელისუფლება ელოდა. უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ყველასთვის გასაგებად თქვა, რომ ევროკავშირი ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რამაც საბოლოოდ გამოაცალა ოპოზიციას არგუმენტი იმის სათქმელად, რომ არჩევნები გაყალბდა. დააკვირდით, მათი რიტორიკაც შეიცვალა - ახლა ცდილობენ არჩევნების გაყალბება აღარ ახსენონ, ამბობენ, პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნებიო. არადა, დასავლური სტანდარტით ქვეყანაში არც პოლიტიკური კრიზისია, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა მუშაობს. კრიზისად მიიჩნევა ის ვითარება, როდესაც ქვეყანაში მთავრობის ჩამოყალიბება ვერ ხდება ან მისი მუშაობა პარალიზებულია. არ ვიცი, რისი იმედი აქვს ოპოზიციას. “ქართულ ოცნებაში” მშვენივრად იციან, რა განწყობაც არის საზოგადოებაში, დღეს რევოლუცია არავის სურს, ამიტომაც უპასუხეს ძალიან მშვიდად ოპოზიციის განცხადებებს, არ გვეშინია თქვენი აქციებისო”, - განმარტავს რესპონდენტი.

“მოკლედ, ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებები განპირობებულია იმით, რომ გაცილებით ძლიერი არგუმენტები აქვს ხელისუფლებას, ვიდრე ოპოზიციას. არჩევნების შედეგებს აღიარებენ “ქართული ოცნება” და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, გარდა ოპოზიციისა. ასევე ბევრი კითხვის ნიშანია ამ აკვიატებულ ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე. ხელისუფლება ნიკა მელიას ეუბნება, გადაიხადე გირაო და გაგიშვებო, ის კი უარს ამბობს, რასაც დასავლეთში, დარწმუნებული ვარ, უფრო პროვოკაციად განიხილავენ. რთულია ამ ვითარებაში და ამ არგუმენტებით დაარწმუნო ამერიკელები ან ევროპელები, რომ მელია პოლიტპატიმარია. ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციას სუსტი პოზიციები აქვს, თანაც “ქართული ოცნების” შეთავაზება, რომელშიც რეალურად ჩანს დათმობები, ბუნებრივია, დასავლელი პარტნიორების თვალში ისევ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. მოკლედ, დანიელსონს ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე სრული წარმოდგენა შეექმნა. მას აუცილებლად ექნება შეხვედრა შარლ მიშელსა და ევროპარლამენტარებთან და მეეჭვება მისი აზრი ოპოზიციის სასარგებლო იყოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია ელოდება სენატში საქართველოს საკითხის განხილვას, მაგრამ ძალიან მეეჭვება სენატმა ევროკავშირისგან განსხვავებული შეფასებები გააკეთოს. ამ შეხვედრებს თბილისში ესწრებოდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც და ისიც კარგად ხედავს, ვინ რას აკეთებს, ვისი არგუმენტებია უფრო მყარი, სენატისთვის კი მთავარი წყარო სწორედ ის იქნება”, - თვლის ძაბირაძე.

“მაინც იმედი მაქვს, რომ ისევ ჩაერევიან ჩვენი პარტნიორები და რაღაც სახის შეთანხმებამდე მივალთ, მაგრამ ამ იწილობიწილოში დრო იკარგება. მას უპირველესად კარგავს ქვეყანა, რომლის წინაშეც არაერთი გამოწვევაა... საქართველოს მოსახლეობა დაიღალა ამ უაზრო იწილო-ბიწილოთი, თუ პოლიტიკოსები და პარტიები გონს დროზე არ მოეგებიან და ქვეყნის დამაზიანებელ ჯანჯღარს ისევ გააგრძელებენ, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ არა მარტო საქართველოსგან”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე რამდენად იმოქმედა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ბოლო დღეებში ძალიან აქტიური იყო?” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, მოლაპარაკების ჩაშლაში სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო. ოპოზიციაში ამას ვინ აღიარებს და ვინ არა, უმნიშვნელოა, რადგან ეს ფაქტია. დღეს ოპოზიცია, გარდა ელისაშვილის პარტიისა და “გირჩისა”, მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალებს. სასაცილო იქნება, თუ ვინმე დაიჩემებს, რომ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. სააკაშვილი არა მარტო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკას განსაზღვრავს, არამედ მთელი ოპოზიციისას. ამასთან, ამ პროცესმა ცხადყო ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეალური თავმჯდომარე სწორედ სააკაშვილია და მელია ვერაფერსაც ვერ წყვეტს. ის დამოუკიდებლად თამაშს ვერასდროს შეძლებს და თავმჯდომარედაც მანამ დარჩება, ვიდრე სააკაშვილი მოინდომებს”.

“ერთიც - ცხადად გამოჩნდა, რომ არჩევნებით მოსვლა ხელისუფლებაში სააკაშვილისთვის მისაღები არ არის. მას სურს მოვიდეს რევოლუციით ან რევოლუციასთან მიახლოებული სცენარით, რათა უკონტროლო ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ამ პროცესში ყველაზე მეტად მაოცებს “ლელოს” პოზიცია. ჩემთვის დღემდე აუხსნელია, რატომ უნდა იდგეს “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით. მისი ელექტორატი არ არის რევოლუციური, ეს სხვა ტიპის ამომრჩეველია, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას “ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერები შეადგენენ. თუ ასე გააგრძელეს, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებში 1%-იანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებათ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

ოპოზიციის ახალი გეგმა - რა რისკზე მიდის “ნაცმოძრაობა” და რისი ეშინია “ოცნებას”

“ოპოზიცია რეგიონებში მცირემასშტაბიანი აქციების სერიას იწყებს და, დაახლოებით, 2 თვის შემდეგ, 15 მაისს პარლამენტის წინ შემაჯამებელ აქციას გამართავს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამით ოპოზიცია რისკზე მიდის, რადგან ამ დროისთვის ხალხის ფართო მასების ქუჩაში გამოყვანა თუ ვერ შეძლეს, ადგილობრივ არჩევნებზე პერსპექტივასაც და ერთიანობასაც დაკარგავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიციის ახალი გეგმა - რა რისკზე მიდის “ნაცმოძრაობა” და რისი ეშინია “ოცნებას”.

“ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგონებსა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს. დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე. ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს”, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა 20 მარტს, ეს კი ზუსტად ის დღეა, როცა ოპოზიციამ ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” საუბარში ოპოზიციას ურჩევს დაახლოებით ისეთი მოსამზადებელი კამპანიის ჩატარებას, როგორიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გრიგოლ ვაშაძეს ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში 15 მაისის აქცია საკმაოდ ხალხმრავალი და, შესაბამისად, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება. ჩიტაძე ამბობს, რომ პარალელურად საჭიროა, ოპოზიციას დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან კომუნიკაცია ჰქონდეს. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს აქციის მაისისთვის გადადება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, თუ 15 მაისს ოპოზიციამ აქციაზე ხალხის საკმაოდ სოლიდური მობილიზება ვერ მოახდინა, შესაძლოა, ოპოზიციის ერთიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. “ხელისუფლებას მხოლოდ რუსთაველზე გამართული პერმანენტული და მრავალრიცხოვანი აქციები აშინებს და ოპოზიცია ერთჯერადი, თუნდაც მრავალრიცხოვანი პროტესტით პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის”, - ასე ეხმიანება “რეზონანსთან” ოპოზიციის გეგმებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი”, - განაგრძობს გამოცემა.

“აქციის გადადება სწორად მიმაჩნია, რადგან მომზადებაა საჭირო. ჯერჯერობით, ხალხის გამოსაყვანად რესურსი არაა, ორ თვეში კი კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება შედარებით გამოსწორდება. პირველ რიგში, მათ ამ პერიოდის განმავლობაში სურთ, რომ მოსახლეობის ცნობიერება აამაღლონ იმასთან დაკავშირებით, თუ „ქართული ოცნების" მმართველობა ქვეყანას რა პრობლემას უქმნის და მოსახლეობის ის ნაწილი თავის მხარეზე გადაიბირონ, რომელიც შედარებით ნეიტრალურად არის განწყობილი. მათ რეალური ვითარება უნდა აუხსნან და შემდგომში თბილისში მასშტაბური აქცია განახორციელონ. ხელისუფლებამ ისედაც დიდი შეცდომები უკვე დაუშვა. აქ მთავარი ის კი არაა, ამ ხნის განმავლობაში კიდევ დაუშვებს თუ არა, აქ მთავარი ისაა, რომ ოპოზიციამ ხალხს მიაწვდინოს ხმა, რომ სისტემა რომ შეიცვლება, ამით მათი მდგომარეობა გამოსწორდება. ამ დროის განმავლობაში თუ სწორ საინფორმაციო პოლიტიკას გაატარებენ და მოსახლეობაში ეჭვს გაფანტავენ, შესაძლებელია, ხალხის დიდი მასა შეკრიბონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ გრიგოლ ვაშაძემ თავის გუნდთან ერთად, რამდენიმე ათასი კოლომეტრი გაიარა, საქართველოს თითოეულ რეგიონსა და დასახლებული პუნქტების უმეტეს ნაწილს ეწვია და ფაქტობრივად პირველ ადგილზე გავიდა. უბრალოდ, მას არჩევნები, ასე ვთქვათ, წაართვეს. საბოლოო ჯამში, მან მეორე ტურში 800 ათასი ხმაც მიიღო. ანუ, ასეთი კამპანია უნდა ჩაატარონ და, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობამ" ხალხს ეჭვი უნდა გაუფანტოს და შეახსენოს, რეალურად რა გაკეთდა. ამის მერე მგონია, რომ ხალხი უნდა დაირაზმოს. პარალელურად ოპოზიციას თავისი ლობისტები ჰყავს ევროპის სახალხო პარტიაში, რომელიც ევროპარლამენტის ფარგლებში ყველაზე მძლავრი პარტიაა, ასევე - სენატში, ასევე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ხმა მიაწვდინონ. შესაძლებელია, ბაიდენთან თვითონ მიხეილ სააკაშვილმა პირადი კონტაქტები გამოიყენოს. ამიტომაც ყველაფერი შესაძლებელია, თუ სწორი სტრატეგია და ტაქტიკა იქნა არჩეული”, - ამბობს ჩიტაძე.

“თუ მათ ამ 15 რიცხვამდე, ორ თვეში, ვერ შეძლეს, რომ საპროტესტო მუხტს საკმაოდ სოლიდური მობილიზება გაუკეთონ, მაშინ ოპოზიცია იმ რეალობის წინაშე დადგება, რომ ან უფრო მეტად გაიშლება, ან იძულებული გახდება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, კომპრომისზე წავიდეს. ამ ორ თვეში მათივე ტელევიზიებიდან და ა.შ. ძალიან დიდი მოლოდინი იქნება შექმნილი და თუ არ გამართლდა, მაშინ მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ და, სამწუხაროდ, კარგავენ არა მარტო პარლამენტში შესვლის, არამედ ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზული წარმატების მიღწევის პერსპექტივასაც, რისი შანსიც მართლა ჰქონდათ... ჯერჯერობით, საზოგადოებაში ისეთი განწყობაა, რომ “ოცნებამ” რაღაც კატასტროფული შეცდომა უნდა დაუშვას, რომ ამას თუნდაც ერთჯერადი ამბოხი მოჰყვეს. ამას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ვერც ამის პერსპექტივას ვხედავ. უფრო ოპოზიციას უჩნდება პრობლემა, რომ 15 მაისს ხალხმრავალი აქცია უზრუნველყოს”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ხელისუფლება შეცდომებს ყოველთვის უშვებს, მაგრამ აქცია 15 მაისისთვის იმიტომ დანიშნეს, რომ, წესით, მეტი შეზღუდვის მოხსნა უნდა დაიწყოს და იმედი აქვთ, რომ ხალხი რეგიონებიდან ჩამოვა. თუ ხელისუფლებამ არსებული შეზღუდვები მაისისთვის არ მოხსნა, ეკონომიკური დიდი ჩავარდნა ექნებათ - ტურისტები და ა.შ. იმედი აქვთ, რომ ამ ფონზე თავისი მომხრეების მობილიზებას შეძლებენ. თუ ოპოზიციას მხოლოდ 15 მაისის იმედი აქვს, ძალიან ცუდია. თუ უნდათ, რომ ხელისუფლება სერიოზულად შეშფოთდეს და შეშინდეს, ასეთი აქციები რეგულარული და შეუქცევადი უნდა იყოს. ასე მოხდა თავის დროზე შევარდნაძის გაშვება, სააკაშვილის მიუღებლობა. “ქართული ოცნება” არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში კრიზისია. ის მშვიდად და ლაღადაა, ოპოზიციასა და ევროპას კატათაგვობანას ეთამაშება და ადგილობრივი არჩევნებისაკენ მშვიდად მიდის. აშენებს გზებს, სკვერებს და ქალაქებში მშენებლობის ტენდენციას გახსნის. “ოცნება” ცდილობს, კრიზისი არ შეიმჩნიოს. ევროპა აშკარად გადააგდეს. ეს საკითხი არც ადარდებთ და, მათი აზრით, დრო კარგად გაწელეს. რაც მთავარია, მათი მოკავშირეა საზოგადოების აპათია, რომ ისინი “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” თუ ოპოზიციას შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავენ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ოცნების” ამოცანა არაა, რომ ხალხს როგორმე თავი შეაყვაროს, არამედ როგორმე ხალხმა ოპოზიციაში მათი ალტერნატივა არ დაინახოს, რასაც კარგად ახორციელებს. ამ ფონზე იმედი აქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ბევრ რამეს აჩვენებს, ფულს დახარჯავს და ამის მერე იტყვის - უკაცრავად, რომელ ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი, ნახეთ, ხმა რამდენმა ადამიანმა მომცაო. აი, აქ აგებს ოპოზიცია, როდესაც არა ადგილობრივ არჩევნებზე, არამედ მიტინგზე მუშაობს. ამ დროს უნდა საუბრობდნენ, რა ხდება მუნიციპალიტეტებში, სადაც უამრავი პრობლემაა. თუ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არ გადაერთვება, ამასაც წააგებს და მერე მსოფლიოში ყველას დაავიწყდება, რომ საქართველოში არჩევნებით სიტუაცია მოაგვარონ და 2024 წლამდე იქნება სრული სიმშვიდე, რადგან ხალხი დაინახავს, რომ ხელისუფლება რაღაცას აკეთებს”, - განაგრძობს ზაქარეიშვილი.

“თუ “ქართულ ოცნებაში” განხეთქილება შიგნით არ მოხდა და არ გასკდა, როგორც გახარიამ შექმნა კრიზისი, მას ოპოზიცია გარედან ვერაფერს უზამს. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება ძლიერია, არა, ძალიან სუსტია, მაგრამ ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტია. 15 მაისს შესაძლოა, ფართომასშტაბიანი აქცია ჩატარდეს. “ნამოხვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მხოლოდ იმერეთი გამოვიდა. ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციამ ამდენი ხალხი გამოიყვანოს, იქ ხალხი ბუნებრივად გამოვიდა. თუ გამოიყვანს - კი, ბატონო, ყოჩაღ! თუმცა ერთდღიანი და ორდღიანი გამოსვლები “ქართულ ოცნებას” ვერ შეაშინებს. ერთადერთი, რისიც ეშინია, თბილისში პერმანენტული მრავალრიცხოვანი აქციებია, როცა რუსთაველზე დღისით 50 ათასი კაცია, ხოლო ღამით - 5 ათასი. თუ ოპოზიციამ ხალხის პროტესტი ამ ტემპერატურაზე არ აიყვანა, ხელისუფლებას არაფრის არ შეეშინდება და არხეინად წავა ადგილობრივი არჩევნებისკენ”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“დასავლეთს გული აქვს აყრილი და შეშფოთებულია როგორც “ქართული ოცნებით”, ისე - ოპოზიციით. ის გამოსავალს ვერ ხედავს და ისევ ურჩევნია არა დემოკრატია, რომლის ნასახსაც ასევე ვერ ხედავს, არამედ - სტაბილურობა. სტაბილურობის გარანტია მაინც ყოველთვის ხელისუფლებაა - სისხლი არ იღვრება, არ აპატიმრებენ, იმ შეცდომებს არ უშვებენ, რომლებიც თავის დროზე “ნაცმოძრაობამ” დაუშვა. ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციამ ევროპას თავი მოაწონოს, “ქართულ ოცნებაზე” უკეთესი ვარო. მოლაპარაკებამ აჩვენა, რომ ორივე რეგვენია, არც ერთი დათმობაზე არ წავიდა. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ სისხლის ღვრა თავიდან აიცილოს, გავრილოვის ღამის ვარიანტიც კი. თუ შეეცდებიან, რომ ოპოზიციის პროტესტი უმტკივნეულოდ აიტანონ, სადაც არავინ არ დაზარალდება, მაშინ ეს მიტინგები მშვიდად ჩაივლის, დასავლეთი ყურადღებას არ მიაქცევს და ყველა იტყვის, ველოდებით ადგილობრივ არჩევნებსო”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

უკავშირდება თუ არა ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების ჩაშლას

“ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა. უკავშირდება თუ არა საბანაძის გადადგომა, ევროკავშირის შუამავლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების ჩაშლას? ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ, უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც 16 მარტს გაიმართა. ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის აზრით კი, ეს გადადგომა გარკვეულ ეჭვებს იწვევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკავშირდება თუ არა ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების ჩაშლას.

“როცა შენი ქვეყნის ელჩი თანამდებობას ტოვებს, ცხადია გარკვეული ეჭვები გიჩნდება,მაგრამ დასკვნების გამოტანას არ ჩქარობ: იქნებ და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, იქნებ და რა მოხდა...მაგრამ მთელი “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ე.წ. ტელევიზიები, რომ გაქებენ ეს ეჭვები უფრო ღრმავდება... ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, სულ მქონდა განცდა, რომ ჩვენი დიპკორპუსი და ელჩები არცთუ კარგად ირჯებინ, მათ რიცხვში კი საქართველოს მთავარ დიპლომატი და წარმომადგენელი ევროკავშირსა და ბელგიაში, ქალბატონ ნატალია საბანაძეცაა (ახლა გადადგომა? მოვრჩით ევროპაში საქმეებს?! )... აქ ორი აზრი არ არსებობს - “ქართული ოცნებაცაა” დამნაშავე ასეთი ელჩები ადრე რომ არ გაუშვა თანამდებობიდან! იმედია, სწრაფად მოეგებიან გონს და ასეთი ადამიანებიდან დროულად გაიწმინდება ქართული დიპლომატიური კორპუსი! სხვათა შორის, ისევ და ისევ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკზე”. ამ საკითხზე “რეზონანსი” პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საგარეო საქმეთა საკითხებში და “ჯიპას” ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოდით ასე ვთქვათ - ამ კითხვაზე პასუხი იცის უშუალოდ ელჩმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შესაბამისად მიზეზებზე, თუ რატომ დატოვა თანამდებობა ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, მე ამაზე პასუხს ვერ გავცემ. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ნატა საბანაძე იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ელჩი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე დიპლომატი, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოს წარმატებისთვის. მისი ელჩობა ბრიუსელში იყო ძალიან სერიოზული იმედი, საყრდენი ჩვენი დასავლური და ევროპული გზისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პროფესიონალები ტოვებენ თანამდებობას, ერთადერთი ამის თქმა შემიძლია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით - პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა. საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს” - წერს ნატალი საბანაძე”, - დასძენს გამოცემა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა