ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2021

ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა - რა დრო დაგვჭირდება პანდემიის შესაჩერებლად, თუ პროცესი ასე გაგრძელდა

“გახარია ივანიშვილს არასდროს დაარტყმას, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება” - რა სცენარს ვარაუდობს ზაქარეიშვილი

რატომ ვერ მიიღეს დენის სუბსიდია მოქალაქეების ნაწილმა და პურის საცხობებმა?

* * *

ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა - რა დრო დაგვჭირდება პანდემიის შესაჩერებლად, თუ პროცესი ასე გაგრძელდა

“საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა, ვაქცინის შემოტანიდან ზუსტად ერთ კვირაში 21 მარტის მონაცემებით ჯანდაცვის სექტორის 3800-ზე ოდნავ მეტი თანამშრომელია აცრილი - პროფესიონალები თვლიან, რომ თუ ეს პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა, სასურველი შედეგის მისაღწევად შესაძლოა 10 წელზე მეტი დრო დასჭირდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა - რა დრო დაგვჭირდება პანდემიის შესაჩერებლად, თუ პროცესი ასე გაგრძელდა / “ამ ტრაგედიებს და გაცხადებული სიკვდილის ქრონიკას მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინა შეაჩერებს”.

“საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “ასტრაზენეკა” 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინის პირველი დოზები 15 მარტს პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის სექტორის ცნობილმა სახეებმა გაიკეთეს. 18 მარტს, ახალციხის კლინიკა “იმედის” ახალგაზრდა ექთან მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს, სადაც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, ამ ფაქტმა ვაქცინაციის ტემპზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” აცხადებს, ამ შემთხვევაში, როდესაც ვაქცინაციის ტემპი საერთოდ არაა, აუცილებელია, რომ ადამიანს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ სარგებელი რისკებს განუზომლად აჭარბებს. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე კი აცხადებს, რომ ტემპის აჩქარება იმაზეა დამოკიდებული, თუ იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწობილნი, საინფორმაციო წყაროები ინფორმაციას რამდენად კარგად მიაწვდიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საინფორმაციო კამპანიაა აუცილებელი. ეს დღეები ბევრი გადაცემა მიეძღვნა, მაგრამ საკმარისი არაა, ის კითხვები, რაც ვაქცინის უსაფრთხოებას უკავშირდება, აუცილებელია, რომ პასუხგაუცემელი არ დარჩეს და ამომწურავი ინფორმაცია მოვაწოდოთ. ეს მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით უნდა დაიყოს, ანუ კოლეგებს სხვა ტიპის ინფორმაცია სჭირდებათ, უფრო ღრმა, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ვისაც სპეციალური განათლება არ აქვს, სხვა ტიპის ინფორმაცია. მთავარია, რომ ეს ყველა არხით და საინფორმაციო საშუალებით იქნას მიწვდენილი - ძირითადად საზოგადოება საზრდოობს ამ ტიპის ან არასრული, ან დამახინჯებული ინფორმაციით, ან ტყუილებით, რომელიც სოციალური ქსელებით ვრცელდება, რომელიც უფრო ადვილადაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ინფორმაცია სანდო წყაროებიდან. ამის გარდა, ვისაც საზოგადოებაში პატვისცემა აქვს, საკუთარი მაგალითით აჩვენოს ყველამ, რომ ვაქცინის სარგებელი ნებისმიერ რისკს განუზომლად აჭარბებს, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელიც სამი დღის წინ მოხდა და რომლის საბოლოო მიზეზის დადგენისას აუცილებელია დაზუსტება და ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება თუ 27 წლის ექთნის გარდაცვალების მიზეზი რა გახდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ამის გარდა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის ოჯახს, რომ ვუსამძიმრებთ, ასევე უნდა მივუსამძიმროთ ამ მინიმუმ 10 ადამიანის ოჯახსაც, რომლებიც ყოველდღიურად კოვიდის შედეგად იღუპება. ამ ტრაგედიებს და გაცხადებული სიკვდილის ქრონიკას მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინა შეაჩერებს, სხვა გამოსავალი არაა. ეს გზავნილები ადამიანების მიმართ აუცილებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც აცრას გავიკეთებთ, ამითი ჩვენთვის საყვარელ ადამიანებსაც დავიცავთ. მთავარია, რომ მაქსიმალურად სარწმუნო ინფორმაცია მივაწოდოთ, ამის გარდა ალბათ ვაქცინაცია გაიხსნება არა მხოლოდ მედიკოსებისთვის, არამედ ასაკობრივი ჯგუფებისთის, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ავითვისოთ ის ოდენობა, რაც შემოტანილია, არავითარ შემთხვევაში არცერთი დოზა არ უნდა გაცდეს და არ უნდა ჩავარდეს ისე, როგორც 2010 წელს წითელას ვაქცინაცია სწორედ ასეთი დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად ჩავარდა და რომლის დროსაც დაგვეღუპა ბავშვები. და ამ შედეგებს წლებია ვიმკობთ, როცა შემდეგ ზრდასრულ ასაკში განუვითარდათ დიდი გართულებებით, ბევრი ადამიანი დაიღუპა და დღემდე ითვლება რომ ჩვენთან წითელას ეპიდემია მიმდინარეობს, რადგან ყოველწლიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა გვაქვს, წელს შეზღუდვების ფონზე შედარებით უკეთესი სიტუაციაა”, - განმარტავს ექსპერტი.

“ვინმეს თუ 90-იანი წლები ახსოვს, როცა “ბეცეჟეს” ვაქცინა არ გვქონდა, მაშინ ძალიან ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი ტუბერკულოზური მენინგიტით გარდაიცვალა, ბევრმა ოჯახმა ეს სიმწარე თავის თავზე გამოსცადა. ასე რომ, ეს ყველაფერი უნდა გავიხსენოთ, როდესაც ავკარგიანობაზე და რისკზე ვსაუბრობთ... დღეს ტემპი არ არსებობს, ამ ტეპით ვერსად ვერ წავალთ - აქ მხოლოდ ექიმებზე და ექთნებზეა საუბარი და ვერც შენარჩუნდება, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის ადამიანები არიან, ვინც სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ და დანარჩენ მოქალაქეებსაც დიდი რისკის ქვეშ აყენებენ. ყველა ევროპულმა ქვეყანამ “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია განაახლა, ვისაც კი ამ საქმეში რამე გაეგება იცის, რომ სარგებელი ასიათასჯერ აჭარბებს ნებისმიერ რისკს. დავუშვათ მანქანაში რომ ვსხდებით უფრო მეტ რისკზე მივდივართ, ვიდრე ამ ვაქცინის გაკეთებით”, - განაგრძობს ზოიძე.

“ის ადამიანები, რომლებიც სიგარეტს ეწევიან, ვაქცინაციის რისკზე საუბრობენ, ცნობილია, რომ თამბაქო კლავს, ოღონდ თეორიულად კი არა, პრაქტიკულად კლავს, თითოეულ სიგარეტში 267 ცნობილი ტოქსინი შედის. ცნობილია, რომ ტოქსინები და კობოს გამომწვევი შიგნითაა, მაგრამ ადამიანები აუღელვებლად ერთ, ორ და სამ კოლოფს მოიხმარენ. ამ დროს ეს ადამიანი მოტრიალდება და ამბობს, რომ თითქოს ვაქცინაში რისკის შემცველი ნივთიერებები იყოს, ესაა სასტიკი ირონია. სამწუხაროდ ამ დონემდეა მისული სიტუაცია და ძალიან მნიშვნელოვანია,რომ დეზინფორმაციის ნიაღვარიც ასევე შეჩერდეს და ის ადამიანები, ვინც დღეს ყოყმანობენ, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ საზოგადოების ყველა ინსტიტუტმა და მედიამ”, - დაასკვნის აკაკი ზოიძე.

“ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ საინფორმაციო წყაროები რამდენად კარგად იმუშავებენ, როგორ იმუშავებენ თვითონ ექიმები, რომლებსაც ხელეწიფება, რომ ადამიანებამდე ინფორმაცია მიიტანონ, რომ ვაქცინის ხარსიხი ერთი შემთხევით არ განისაზღვრება და ის, რომ ეს ყველაფერი არა ვაქცინის უხარისხობა, არამედ იმ კომპონენტების მიმართ აუტანლობამ გამოიწვია, რომლებიც ამ ვაქცინაში შედის. ნებისმიერმა საჭმელმა, წამალმა, ან ფუტკრის ნაკბენმა შესაძლოა იგივე გამოიწვიოს, “ასტარზენეკა” ის ფირმა არაა, რომელიც უხარისხოდ მუშაობს, მათი პრეპარატების გამოყენების გამოცდილება მაქვს და ვიცი როგორც მუშაობს და რამდენიმე მედიკამენტი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას და უკეთესი ვერავინ ვერ შექმნა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“თუ “ასტრაზენეკას” მიმართ კრიტიკული გამოხტომები იქნება, მე კიდევ ერთ გამოსავალს ვხედავ, სახელმწიფო შეეცადოს და “ფაიზერის” და “ჯონსონი და ჯონსონის” ვაქცინები შემოიტანოს, რომ მოსახლეობაზე რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად იმოქმედებს. მესმის, არის ხალხი რომელიც ერკვევა და არის ხალხი, რომელიც მაინცდამაინც ვერ ერკვევა და ამიტომაც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ და ისინი რაღაცნაირად შემოვატრიალოთ.ასეთი ადამიანები არა მხოლოდ თავიანთ თავებზე არ ზრუნავენ, არამედ ოჯახის წევრებზეც. ხელმძღვანელი ხალხი გამოვიდა და პირდაპირ თქვეს, რომ თუ ასე იქნება, მაშინ მესამე ტალღის მოლოდინში უნდა ვიყოთო. თუ ეს ადამიანები არ აიცრებიან, მათ ვირუსი დაემართებათ, როცა ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ მეტი გზა არ დაგვრჩა. სხვა გზა არაა - მინიმალურ რისკებზე უნდა წავიდეთ, რომ მაქსიმალური მივიღოთ. ამასთანავე აცრის გაკეთება უნდა მოხდეს ისეთ კლინიკაში,სადაც გვერდზევე რეანიმაციული განყოფილებაა და იქვე იქნება ინტენსიური თერაპიის ჩატარება და როცა ასეთი სერიოზული აცრა კეთდება პაციენტი აცრის შემდეგ საკმაო ხანს კლინიკაში რამდენიმე საათითაც კი უნდა დაყოვნდეს, რომ გართულებები და ექსცესები თავიდან ავირიდოთ”, - თვლის ირაკლი ხმალაძე.

“საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით, ვაქცინაციის დროს რისკები მნიშვნელოვნად მცირეა. მედდის ვაქცინაცია ისეთ დაწესებულებაში მოხდა, სადაც ყველა დარგის ექიმი იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა და დასძინა, რომ იმისათვის, რომ ვაქცინაციამ ქვეყნის მდგომარეობაზე დადებითი გავლენა მოახდინოს, ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში ვერ იქნება. რადგან 300-400 ადამიანის აცრით სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ”, - დასძენს გამოცემა.

“კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ მეგის ოჯახს. გმირი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის სერიოზული დანაკარგია - ოჯახური და ადამიანური. ჯანდაცვის სისტემასაც და ვაქცინაციასაც ზიანი მიადგა, უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს და ქვეყანასაც. ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყველა დარგის ექიმი მის ირგვლივ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, რატომ, როგორ და რანაირად ამას გამოძიების პროცესი სჭირდება, სამედიცინო გამოძიებას ვგულისხმობ. ასევე, მყარი არგუმენტებით დასაბუთების დადება. გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობაში ნდობის თვალსაზრისით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში იყოს ვაქცინაცია, თუმცა შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გვინდა, რომ ვაქცინაციამ გავლენა მოახდინოს და ჩვენი ქვეყანა უკან-უკან არ წავიდეს ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში ვერ იქნება. რადგან 300-400 ადამიანის აცრით სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ”, - განაცხადა კულუმბეგოვმა “დილის შოუში”, - წერს სტატიის ავტორი.

“გახარია ივანიშვილს არასდროს დაარტყმას, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება” - რა სცენარს ვარაუდობს ზაქარეიშვილი

“ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ძვრებია მოსალოდნელი - საზოგადოებას ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ უკვე ამცნო, რომ ის არც ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. შესაბამისად, მისი გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება. ის მოვლენებს მიჰყვება და ამის მიხედვით იმოქმედებს. რა გეგმები აქვს გახარიას და ვის ვიხილავთ მასთან ერთად. რა სახის პოლიტიკური კაპიტალი აქვს და ვისი უშუალო კონკურენტი შეიძლება გახდეს, ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდების დონეზე საუბარი შეგვიძლია. აქვს შანსი, რომ მესამე პოლიტკური ძალის ფორმირება მოახდინოს და ხომ არ არის ეს ბიძინა ივანიშვილის თამაში? - ამ და სხვა კითხვებზე “რეზონანსს” ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესუბრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გახარია ივანიშვილს არასდროს დაარტყმას, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება” - რა სცენარს ვარაუდობს ზაქარეიშვილი.

გიორგი გახარიას განაცხადი მომეწონა, საქართველოს გამოცდილი პოლიტიკოსები აკლია და ვფიქრობ, გახარია ნამდვილად არის გამოცდილი. შეიძლება აკრიტიკო და წარსული შეახსენო, მაგრამ დადებითი მომენტებიც აქვს. მიმაჩნია, რომ მისი ბოლო ქცევა, მაღალი რანგის პოლიტიკოსების ქცევას მიეკუთვნებოდა, ამიტომაც ქართული პოლიტიკისთვის საჭირო ფიგურაა. ის არ უნდა დაკარგულიყო, ამიტომაც მისი ეს გადაწყვეტილება ძალიან გამიხარდა. ამ ფონზე, შესაძლოა მან მესამე პოლიტიკური ძალა ვერ შექმნას, მაგრამ, “ქართული ოცნების” ალტერნატიული ძალა გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ის “ოცნებიდან” სხვადასხვა დროს წასული ხალხის გვერდით შემოკრებას შეძლებს. თუ ის შეძლებს და ამ ხალხით სერიოზულ გუნდს შექმნის, მაშინ ის ნეიტრალური ამომრჩევლის გულის მოგებას შეძლებს, რომელსაც არც “ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა. ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის გახარია ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გახდება. ის “ქართული ოცნების” ამომრჩევლის გახლეჩვას შეძლებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ასეთი პარტია კი 2024 წელს 5%-იან ბარიერსაც კი გადალახავს და “ოცნებას” სერიოზულ ხმებს წაართმევს. დღევანდელ ოპოზიციას კი ვერ წაართმთევს, რადგანაც იქ უკვე ანტიოცნების ხმებია. ამიტომაც ყველაზე მეტად გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე გამოჩენა “ქართულ ოცნებას” უნდა ეშინოდეს. ფაქტობრივად არჩევნებზე გახარიას ზურგით გავიდნენ, ამიტომაც ის კაცი, რომელიც მათი სიის პირველი ნომერი იყო, ცალკე პოლიტკურ ძალას ქმნის. თავისთავად ცხადია, “ოცნების” ამომრჩევლის ნაწილი მას გაჰყვება. მითუმეტეს სახელისუფლებო გუნდში ბიძინა ივანიშვილიც აღარ არის. კაცი ამბობს წავედი პოლიტიკიდანო”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარია თამაშში შემოჰყავდეს. უბრალოდ ივანიშვილს უნდა, რომ “ქართული ოცნებიდან” ახალი პოლიტიკური სპექტრი ამოიზარდოს. როგორც ეს “მოქალაქეების” შემთხვევაში მოხდა “ნაციონალების” სახით. მერე დაიყო და “ნაციონალური მოძრაობაც” კი სხვადასხვა განშტოებების სახით არსებობს. დაახლოებით ამ ტიპის რაღაცა ხდება. მგონია ბიძინა ივანიშვილს უნდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს „ქართული ოცნებიდან“ გასული ძალა მართავდეს. ეს მან პირდაპირაც თქვაა. მისთვის “ნაციოანლური მოძრაობა” და სააკაშვილი მიუღებელია. ამიტომ, თუ გახარია რაღაცა წარმატების მიღწევას შეძლებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის ხელით კეთდება. ეს არის უბრალოდ ის პროცესი, რომელიც მან 2012 წელს დაიწყო. ივანიშვილს მშვიდი და წყნარი ცხოვრება უნდა პოლიტიკის გარეშე. მას არ უნდა, რომ სააკაშვილის ტიპის ადამიანები ემუქრებოდნენ. ამიტომ თუ კი გაჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მის ოჯახს, ბიზნესს არ შეეხებიან და დაემუქრებიან, როგორც ელცინი წავიდა და პუტინი დარჩა ისე იქნება - პუტინმა ელცინის საწინააღმდეგოდ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ელცინს არ შეეხო. არ მგონია ივანიშვილს გული დასწყდეს, თუ კი გიორგი გახარია პოლიტაკაში უკან დაბრუნდება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“კალაძე ვხედავთ, რომ “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებთან დისტანცირებულია. ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, როცა გახარია წავიდა და კალაძე ამ კობახიძის და თალაკვაძის ჯგუფთან ერთად გამოჩნდა. ჯობდა კალაძე იქ არ ყოფილიყო, მაგრამ რადგანაც იყო, ვნახეთ, რომ ჩუმად იდგა. ის დისტანციერებას არ მალავს და დიდად არ იგიჟებს გუნდის დაცვით თავს. ჯერჯერობით ისევ მერია და წარმატებული ქალაქის თავადაც ითვლება. ამიტომ ეცდება თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩუმად იყოს და ზედმეტი არაფერი არ ილაპარაკოს. ახლა საინტერესოა, გახარია პოლიტიკაში როდის დაბრუნდება. დაელოდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებს და მერე შემოვა, თუ ახლავე გუნდს ჩამოაყალიბებს. მგონია დალოდება ჯობია, რადგანაც ნახავს რა ძალები გავლენ და როგორი შედეგით. მის გუნდს ჩაძირავენ თუ თავს გადაირჩენენ. უამრავი ფაქტორი გამოჩნდება, რაც მომგებიან სიტუაციაში ჩააყენებს. ამასობაში კალაძესაც ვადა ამოეწურება და შეხედავს წასვლა საით სჯობს”, - განმარტავს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

“კი ბატონო, გიორგი გახარიას ირგვლივ ბევრი კითხვები არსებობს, თუმცა საზოგადოებაში მისი გამბედაობა და გარკვეული ხასიათის თვისებები სიმპათიას იწვევს. ასევე ნიკა მელიას დაკავების ამბავმა, გავრილოვის ღამეც კი რაღაცნაირად შეარბილა. ხალხმა დაიჯერა, რომ მას მელიას დაკავება არ უნდოდა, რადგანაც ქვეყნის ინტერესები კიდევ უფრო წინ დააყენა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კალაძე-გახარიას ტანდემმა, კობახიძის ამბიციები საერთოდ ჩაძიროს და “ოცნების” ამომრჩევლის დიდი ნაწილი იქით გადავიდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გახარია თანამდებობაზე ყოფნის დროს პასუხისმგებლობას არ გაურბოდა. ის დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა. გავრილოვის ღამე, აშკარად მის სინდისზეა, რადგანაც მან უფრო მეტი აიღო საკუთარ თავზე, ვიდრე უნდა აეღო. ვიღაცას პასუხისმებლობა აარიდა. მას პასუხისმგებლობის აღების არ ეშინოდა. ხოლო კრიტიკულ სიტუაციაში ის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს იღებს. ეს კი პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა. ვიღაცამ გადაწყვეტილებაა უნდა მიიღოს და დაანახოს გუნდს, რომ პასუხისმგებლობას რაღაცაზე იღებს. “ოცნებაში” გახარიამ დაკარგული პერსონალური პასუხისმგებლობა დააბრუნა”, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

“ბოდიშის მოხდა რომელი პოლიტიკოსისგან გაგიგიათ. ბასიანის და პანკისის შემთხვევაშიც დარტყმა საკუთარ თავზე აიღო. ხალხის მხარე დაიკავა და საზოგადოებას განცდა გაუჩინა, რომ ის მათი მინისტრია და არა “ქართული ოცნების”. მელიას საქმეზეც ასე ქნა. აჩვენა საზოგადოებას, რომ ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა პარტია ვერ დადგება... გახარია ივანიშვილს არასდროს დაარტყამს, რადგანაც ეს მისი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. ასევე, მის პოლიტიკურ მომავალს დააზიანებს. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს გახარიასთვის ივანიშვილი, ის მას არ დაარტყამს. თუ თავად ივანიშვილმა არაფერი თქვა, რაც ძალიან მეეჭვება. გახარია ივანიშვილს რაღაცა კონტექსტში გააკრიტიკებს, მაგრამ მის დამსახურებებზეც ისაუბრებს დაა იტყვის, რომ კარგი პარტნიორი იყო. გახარიას ოპოზიცია 20 ივნისს ვერ შეახსენებს, რადგანაც წარსული ოპოზიციასაც აქვს და გახარიაც შეახსენებთ. გირგვლიანის მკვლელობა, 7 ნოემბერი, 26 მაისი და ასე შემდეგ. მკვლელობების მთელი სერიები იყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. ამიტომ ყველაზე მეტად წარსულზე საუბარი მათ არ უნდა აწყობდეთ. ის ვინც მას აკრიტიკებს, მასზე სისხლიანია, ამიტომ 20 ივნისის საქმეზე გახარია ოპოზიციასთან სუფთაა”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

რატომ ვერ მიიღეს დენის სუბსიდია მოქალაქეების ნაწილმა და პურის საცხობებმა?

“2021 წლიდან დენის ტარიფი როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციულ ნაწილში გაიზარდა, თუმცა მთავრობამ მაშინვე თქვა, რომ ხელისუფლება სრულად დაასუბსიდირებდა საყოფაცხოვრებო ტარიფს და ასევე საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მთელი 2021 წლის განმავლობაში. ჯერჯერობით კი ვერც მომხმარებლების ნაწილმა და ვერც კომპნიებმა სუბსიდირება ვერ მიიღეს. “რეზონანსი” მიზეზებით დაინტერესდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ვერ მიიღეს დენის სუბსიდია მოქალაქეების ნაწილმა და პურის საცხობებმა? / მოსახლეობის ელექტრონულ ქვითრებში გადასახადი გაზრდილი ტარიფით არის ასახული, საწარმოების შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულადაა.

“სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში კომპანია “თელასის” აბონენტთათვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური 3.497 თეთრით გაიზარდა. შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ/სთ-ზე 14.544-ის ნაცვლად, 18.041 თეთრს გადაიხდიან (დღგ-ის ჩათვლით), 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-მდე 18.556 თეთრის ნაცვლად - 22.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ/სთ-დან ზემოთ 23.040 თეთრის ნაცვლად - 26.537 თეთრს. რაც შეეხება რეგიონებს, აქ “ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლებისთვის დენის საფასური 3.494 თეთრით იზრდება. შესაბამისად მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ/სთ-ზე 14.237-ის ნაცვლად, 17.731 თეთრს გადაიხდიან (დღგ-ის ჩათვლით), 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-მდე 18.213 თეთრის ნაცვლად - 21.707 თეთრს, ხოლო 301 კვტ/სთ-დან ზემოთ 22.733 თეთრის ნაცვლად - 26.227 თეთრს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტარიფი გაეზარდა ბიზნეს სექტორსაც, შესაბამისად, მოიმატა ადგილობრივი პროდუქციის თვითღირებულებამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2020 წლის დეკემბრის ბოლოს ტარიფის ზრდას გამოეხმაურა მაშინდელი პრემიერი გიორგი გახარია და განაცხადა, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას ვერ იგრძნობენ. აბონენტებს, რომლებიც 300 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, მთავრობა 2021 წელს მოქმედ და გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობას სრულად დაუფარავს. ექსპრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ სულ 1.7 მლნ აბონენტიდან 1.6 მლნ სწორედ ასეთია. პარალელურად საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის მთავრობას 2021 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50% უნდა დაესუბსიდირებინა. გახარია პრემიერი აღარ არის, თუმცა დარჩა გაზრდილი ტარიფები და მოქალაქეები და ბიზნესის ნაწილიც ვერ იღებენ იმ შეღავათს, რასაც პრემიერი დაჰპირდა”, - განაგრძიბს გამოცემა.

“თბილისის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს უკვე მიუვიდა თებერვლის თვის ელექტრონული ქვითრები გაზრდილი 22-თეთრიანი ტარიფით. ერთ-ერთი ასეთი მაია ტაბატაძეა. მოქალაქე ჰყვება, რომ ხარვეზთან დაკაშირებით დარეკა ცხელ ხაზზე, თუმცა პასუხი ვერ გასცეს. “,დიდი იმედი მქონდა, რომ წელს მართლა ვერ ვიგრძნობდით ტარიფის ზრდას. მით უფრო, რომ თვის განმავლობაში 300 კილოვატს არც კი ვუახლოვდები არასოდეს. მიუხედავად ამისა, ქვითარი გაზრდილი ტარიფით მომივიდა. ცხელ ხაზზე დავრეკე რა იყო მიზეზი და ვერ გამცეს პასუხი. მითხრეს, რომ ფილიალში უნდა მივიდე. მეგონა, მხოლოდ ჩემს შემთხვევაში იყო შეცდომა, თუმცა გაირკვა რომ ძალიან ბევრ ადამიანთან მიუვიდა ასე. ყველას, ვინც ჩემს გარშემოა. ალბათ ყველა აბონენტს ასე დაუგზავნეს”, -განაცხადა ”თელასის” აბონენტმა. “რეზონანსმა“ ვერ შეძლო საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის მოპოვება, თუმცა “თელასის” ცხელ ხაზს, როგორც აბონენტები ისე დავუკავშირდით და განგვიცხადეს, რომ თავდაპირველად დავალიანება გაზრდილი ტარიფით დაირიცხება, ხოლო შემდეგ სუბსიდირებული თანხა დააკლდება იმ შემთხვევაში, თუ დანახარჯი არ სცდება 300 კილოვატს. მოქალაქეების გარდა, სუბსიდირების მიღების პრობლემა, ბიზნეს სექტორსაც აქვს. პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ მათ შემთხვევაში რეგისტრაცია იყო აუცილებელი პირობა, რათა სუბსიდია მიეღოთ, თუმცა პორტალი რამდენიმე დღით გაიხსნა და მეწარმეებს ინფორმაცია ამ დროში არ ჰქონდათ”, - დასძენს გამოცემა.

“1 კვტ/სთ ელექტროენერგია 22 თეთრი ღირდა და მოიმატა 11 თეთრით. აქედან ხელისუფლებამ თქვა, რომ 50%-ს დაასუბსიდირებდა. ინფორმაციის ჩვენამდე მოწოდების პრობლემა ნამდვილად იყო. პორტალი, რომელზეც უნდა დავრეგისტრირებულიყავით მხოლოდ 14 დღე მოქმედებდა. არ მომხდარა მეწარმეთა წინასწარი გაფრთხილება. სულ რამდენიმე საწარმო დარეგისტრირდა და გაირკვა, რომ მათაც კი, ვინც ეს მოახერხა, მაინც გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ. რეგიონებიდან მუდმივად მირეკავენ და მეკითხებიან, როდის დაიწყება სუბსიდირების პროგრამა. ამ დროს პროგრამა უკვე დამთავრდა და პორტალი დახურულია. ვითხოვდით, რომ ერთი კვირით გაეგრძელებინათ, თუმცა არავინ იღო ყურად და დარჩა ეს სუბსიდია აუთვისებელი. ჩვენ მთავრობისთვის პირობა მიცემული გვაქვს, რომ აპრილამდე პურის ფასს არ გავზრდით, მაგრამ მომხმარებელიც ხედავს, რომ თვითღირებულება ყველაფერზე გაიზარდა, საფუარზე, დამხმარე მასალებზე, ტრანსპორტირებაზე. კომუნალურებზე კი უკვე აღვნიშნე, რამდენად გაიზარდა. ასე რომ შემდეგი თვიდან რა იქნება, ამაზე უკვე საუბარი ძალიან მიჭირს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეპურეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე.

“ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ენერგოონბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილი ვარაუდობს, რომ შემთხვევები სისტემური ხასიათის არ არის, ამიტომ მისთვის არავის მიუმართავს. “არავის მოუმართავს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და ეს მაფიქრებინებს რომ არ არის სისტემური ხასიათის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონკრეტული შემთხვევები და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ რამე შეცდომას ან დარღვევას აქვს თუ არა ადგილი. ასევე არ მქონდა ინფორმაცია კერძო სექტორთან მიმართებითაც. ცდად ალბათ ღირს - მოგვმართონ და განვიხილავთ, იქნებ შესაძლებელიც არის დროის გახანგრძლივება. მომართვის გარეშე ვერც ერთ შემთხვევას ვერ დავაყენებ”, - განუცხადა “რეზონანსს” ვარდიაშვილმა...”- წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს