ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2021

ვის მოუწევს დათმობა განახლებული მოლაპარაკებების დროს?

“ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა” - რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციაზე

ორ რეგიონში შეზღუდვების დაწესებას ხელახლა აპირებენ! - გადაწყვეტილება 2-3 დღეში გახდება ცნობილი

* * *

ვის მოუწევს დათმობა განახლებული მოლაპარაკებების დროს?

“ევროპა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ისევ აქტიურად ჩაერთვება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ისევ ჩამოვა. ახლა, როცა ამერიკისა და ევროპის პოზიციები ნათელია, ვის მოუწევს ამ პროცესში კომპრომისზე წასვლა? ანალიტიკოსი გია აბაშიძე აღნიშნავს, ახლა, როცა არც ამერიკა და არც ევროპა ოპოზიციის მოწოდებებზე განსაკუთრებულ აქცენტს არ აკეთებენ, კომპრომისზე წასვლა ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციას მოუწევს. განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, რომლის აზრით სენატორებისგან უფრო მეტი კრიტიკული შენიშვნა ხელისუფლების მისამართით იყო და აქედან გამომდინარე, კომპრომისზე წასვლა მათ მოუწევთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის მოუწევს დათმობა განახლებული მოლაპარაკებების დროს? / “ხაზგასმით ვამბობ, რომ ვადამდელ არჩევნებზე არავინ არ ლაპარაკობს არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში, არც ვენაში”.

“ერთმნიშვნელოვნად კომპრომისზე წასვლა ოპოზიციას მოუწევს, რომელიც ამჟამად ბოიკოტის რეჟიმშია. ჩვენი ევროპელი მეგობრები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მრავალფეროვანი პარლამენტი შედგეს, რომელიც ამომრჩეველმა აირჩია, მით უმეტეს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა რეგისტრაციაში გატარდა, რომელსაც ალბათ პარლამენტი მალე დააინიცირებს და რომელსაც 76 ხმა სჭირდება, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციური ცვლილებებისთვის 113 ხმაა საჭირო, რაც არ არის. ახლანდელი მონაცემებით “ქართული ოცნებისა” და ორი პარტიის ჩათვლით 96 ხმაა. ასე, რომ თუ “ნაცმოძრაობას” და მის განშტოებებს სურთ, რომ რეალურად ბარიერმა 3%-მდე დაიწიოს, ფრაქციების შექმნისთვის უფრო ნაკლები დეპუტატი იყოს საჭირო და სადეპუტატო პრივილეგიებით ისარგებლონ, რომელსაც მათ როგორც ადგილობრივი საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებენ”, - ამბობს აბაშიძე, რომ თქმით, “აწი ბურთი მათ მხარეზეა და ხელისუფლებასთან კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლონ, რომ ქვეყანა უფრო მეტი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნან”, - აღნიშნავს გამოცემა.

„მაგრამ თუ ისინი ამის სურვილს არ გამოიჩენენ და 15 მაისის პროტესტს აანონსებენ, რაც მოლაპარაკების პროცესში საკმაოდ არალოგიკურად ჩანს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ “ნაცმოძრაობა” და მის ჩრდილქვეშ მყოფები ამ უაზრო, უსამართლო და პოლიტიკურად გაუმართლებელ მოწოდებების გაჟღერებას კვლავ გააგრძელებენ, რასაც ჰქვია ე.წ. პოლიტპატიმრები, ე.წ. ვადამდელი არჩევნები. ხაზგასმით ვამბობ, რომ ვადამდელ არჩევნებზე არავინ არ ლაპარაკობს არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში, არც ვენაში და არც ერთ საერთაშორისო პარტნიორების პოლიტიკურ წრეებში. თუ ისინი კანონიერ მანდატს არ გამოიყენებენ და უაზრო, უსამართლო მოთხოვნებით დესტრუქციას გააგრძელებენ, მოუწევთ, რომ თავისი კარვებით და კოცონებით ქუჩის ოპოზიციად დარჩნენ. თუ ეს სააკაშვილის ბნელი ოცნებების ასრულებაა, დაე გააკეთონ, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ის მოხდება, რომ ელექტორატი კიდევ უფრო მოაკლდებათ, რაც უკვე “ენდიაის” ბოლო კვლევაშიც ჩანს. ამ კვლევის სჯერა ვინმეს თუ არა, მათ ელექტორატი მოაკლდათ და განწირულნი არიან პოლიტიკური იზოლაციისკენ აუთსაიდერობისკენ და საერთაშორისო თანამეგობრიბისგან და ქართველი საზოგადოებისგან იგნორირებისკენ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“წესით კომპრომისზე წასვლა ხელისუფლებას უნდა მოუწიოს, რადგან სენატში მათ საქმიანობის მიმართ კონკრეტული კრიტიკული შენიშვნები იყო გამოთქმული, საუბარი იყო იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში კლანური და ოლიგარქიული მმართველობაა, რაც შეეხება არჩევნებს, ითქვა, რომ ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა დაშინებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს და ა.შ. ანუ უფრო მეტი კრიტიკა ხელისუფლებისაკენ წამოვიდა. შესაძლოა ოპოზიციის მიმართაც გარკვეული რეკომენდაციები იყო, მაგალითად, ქალბატონმა შაჰინმა განაცხადა, რომ პარლამენტში ოპოზიციის ადგილები ცარიელიაო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ დათმობაზე წასვლა ხელისუფლებას უნდა მოუწიოს”, მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ქართულ ოცნებას” აღიარება არ უნდა იმ პრობლემის, რომელიც არსებობს, ცდილობენ ხელისუფლებას მაქსიმალურად ჩაებღაუჭონ და ამიტომაც ამ ტაქტიკას იყენებენ, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, ამიტომაც ოპოზიციას ადანაშაულებენ, მაგრამ პირველ რიგში უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ენიჭება. თეორიულად შესაძლებელია, რომ ხელისუფლება საერთოდ ვადამდე არჩევნების ჩატარებაზე წავიდეს, იმიტომ, რომ თავის დროზეც აცხადებდა, რომ საარჩევნო სისტემა არ გადაიხედებოდა, მაგრამ, საბოლოოდ უკან დახევა მიუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების პროცესში კიდევ ერთვება, შეხების წერტილებს ისევ ვერ ვხედავთ და თუ მოლაპარაკებების პროცესში საუბარი ვადამდელ არჩევნებზე არ იქნება, სხვა საკითხებზე მსჯელობა აზრს მოკლებულია”, - დასძენს ჩიტაძე.

“წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კვირის ბოლოს საქართველოში ჩამოვა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მისი მედიაციით განახლდება. ოპოზიცია მეორე რაუნდში არ აპირებს არც მოთხოვნების შეცვლას და არც გეგმების. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ დაანონსებული აქციები რეგიონებში გაიმართება იმ პერიოდშიც, როცა თბილისში დანიელსონის ჩართულობით მოლაპარაკებები განახლდება. “ლელო” კი ახალ კამპანიას იწყებს “მოითხოვე ვადამდელი არჩევნები” და ხელმოწერების შეგროვებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის სამომავალო გეგმებს სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ ნაცვლად ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისა, ის უკვე ჩართული უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რისი იმედი აქვთ, ვერ გავიგე, არც ევროპაა მაგათ მხარეს, არც ამერიკა და ვერც ხალხს აგროვებენ - პაატა ზაქარეიშვილი.

“რისი იმედი აქვთ, ვერ გავიგე, ევროპა მაგათ მხარეს არ არის, ამერიკა მაგათ მხარეს არ არის, ხალხს ვერ აგროვებენ, საპროტესტო აქციებზე ლიდერები უფრო მეტია ვიდრე ხალხი. მასშტაბური აქცია 15 მაისს გამართებაო, ჰო, სიომ არ დაუბეროთ და არ გაცივდნენ. აბსოლუტურად უთავბოლო ტაქტიკაა, იმის მაგივრად, რომ ან პარლამენტში შევიდნენ და იქიდან შეუტიონ ხელისუფლებას, ან ჩაერთონ ადგილობრივი არჩევნების კამპანიაში. “ოცნება” კი დროს წელავს, რომ როგორმე მივიდეს ადგილობრივ არჩევნებამდე. ძალიან კარგად მოეწყო პარლამენტში და მთავრობაშიც, და სულაც არ უნდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, ურჩევნია ოპოზიცია გარეთ დარჩეს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ოცნება” ადგილობრივ არჩევნებს პირწმინდად მოიგებს და დანიელსონი იქნება თუ სხვა, ეტყვის, ხომ ხედავთ, ორჯერ ზედიზედ მოვიგეთ არჩევნებიო. ადგილობრივ არჩევნებამდე შემოაგდო საკანონმდელო ცვლილება და მიდის წუწაობა 3%-იან ბარიერზე. “ნაცმოძრაობის” მესმის, იცის, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავს და სულაც არ სჭირდება ეს პატარა პარტიები. თვითონ უნდა. რომ იყოს საყვარელი პარტია “ოცნებისთვის”. ორივე ძალა ძალიან კარგად თამაშობს, რომ არ მოემსახურონ ქვეყანას. ორი ჯიუტი თხა ერთმანეთს არ აძლევს გასასვლელ გზას, სახელმწიფო კი ინგრევა”, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

“ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა” - რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციაზე

“სენატორების შეფასებებზე პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნისას. მისი თქმით, ამ განცხადებებით ოპოზიციის “აბსურდულ ცილისწამებებსა და სპეკულაციებს წერტილი დაესვა”. “მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯორჯ კენტს სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო რეგიონში”, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თქმით “ასევე, ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა” - რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციაზე.

“რაც მთავარია, დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ცილისწამებები, სპეკულაციები ნებისმიერ თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ასევე, ჩვენ მზად ვართ, რომ მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რაც იყო ასახული აშშ-ის სენატის მხრიდან... მინდა, გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს შეტევა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს... დღეს ოპოზიციას დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი - ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, და მეორე, თუ გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული”, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ჟურნალისტებმა მას 15 მაისს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე ჰკითხეს. როგორც ამბობს, ეს აქცია ორი თვის შემდეგ მიუთითებს იმაზე, რომ “საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაშია. მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ სააკაშვილის ფრთას და ზოგადად მათ რადიკალურ ქმედებებს”, -თქვა მან. ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 21 მარტს გახდა ცნობილი, რაზედაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამაზე საგარეო უწყებამ ნათელი განცხადება გაავრცელა და დამატებით განმარტებებს აღარ საჭიროებს. მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის იმ კითხვასაც უპასუხა, ტოვებს თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას, რასაც ოპოზიციის მხრიდან გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი უწოდა და განაცხადა, რომ “რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი და ეფექტური მენეჯერი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას “ტავ ჰოლდინგის” პრეზიდენტი სანი შენერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, “ტავ ჯორჯიას” ხელმძღვანელობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. “დღეს ჩვენ გავხსენით ბათუმის განახლებული აეროპორტი. მოგეხსენებათ, კომპანია “ტავ ჯორჯიამ” განახორციელა 17 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. თქვენ ნახეთ, როგორი განახლებული აეროპორტი გვაქვს ბათუმში. ასევე, დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად”, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა ახალი ტერმინალის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა”, - დასძენს გამოცემა.

ორ რეგიონში შეზღუდვების დაწესებას ხელახლა აპირებენ! - გადაწყვეტილება 2-3 დღეში გახდება ცნობილი

“პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მორიგი ეტაპი დაიწყება. თავდაპირველად რეგულაციების შემოღება რეგიონებში იგეგმება. გურია და იმერეთი იქნება პირველი, სადაც კორონავირუსის პრევენციის გამო, შეზღუდვების მესამე ეტაპი ამოქმედდება. სპეციალისტები ამ მიდგომას არ ეთანხმებიან. მათი აზრით, ნებისმიერი სახის შეზღუდვა ქვეყანაზე მძიმედ აისახება, მით უფრო მაშინ, როდესაც რეგიონებში სოფლის მეურნეობის სამუშაოების სეზონი დაიწყო. კონკრეტულად დღეს გადაწყდება, რა სახის და რამდენად მძიმე შეზღუდვების დაწესდება გურიასა და იმერეთში, რასაც შესაძლოა, დიდი ალბათობით სხვა რეგიონებიც მიჰყვეს. ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი მესამე ტალღაზე და თანაც ვაქცინაციის პროცესმა დიდი მასშტაბები ვერ შეიძინა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორ რეგიონში შეზღუდვების დაწესებას ხელახლა აპირებენ! - გადაწყვეტილება 2-3 დღეში გახდება ცნობილი / “წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში აუცილებლად დადგება... მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას”.

“ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმცხადებით, გურიისა და იმერეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გათვალისწინებით შესაძლო შეზღუდვების დაწესება აღნიშნულ რეგიონებში ვიზიტის შემდეგ გადაწყდება. “წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, თუკი რომელიმე რეგიონში ეპიდემიოლოგიური სურათი სარისკო იქნება. ჯანდაცვის სისტემა იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, ნამდვილად ვეღარ გაუძლებს. ამიტომ უკიდურესი სიფრთხილე გვმართებს. რეგიონულ ანალიზს ყოველდღიურად ვატარებთ და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად მიიღება. გურიაზე იყო საუბარი, სადაც ვგეგმავთ ვიზიტს და ადგილზე შევისწავლით მდგომარეობას. გარკვეული მატების ტენდენციაა იმერეთში, უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან. ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად გავაკეთებთ ანალიზს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი და ყველაზე მთავარი გამომწვევი მიზეზი მობილობის ზრდაა იმ პირობებში, როდესაც პირბადის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა, როდესაც რეგიონეში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების პერიოდია, მორიგი შეზღუდვები დიდ დაბრკოლებას წარმოქმნის. სწორედ ამის შესახებ საუბრობს “რეზონანსთან” აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. “შეზღუდვები, ყველა ეტაპზე, ყოველთვის მოქმედებს და ცხადია, ახლაც ასე იქნება. აკრძალვის ფორმას და სიმკაცრეს გააჩნია. ღამით გადაადგილებზე, სოფლის მეურნეობის სექტორში პრობლემები არ იქნება, რადგან სამუშაოების ჩატარება დღისით შესაძლებელია. თუ საუბარია ისევ მომსახურების სფეროს რეგულაციებზე, თავისთავად ცხადია, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დასაქმებულებსა და შემოსავლებზე. შეუძლებელია, რომ ეს არ იყოს დანაკარგი ეკონომიკისათვისთვის იმ დოზით, რა მასშტაბითაც გამოცხადდება შეზღუდვები”, ამბობს აკადემიკოსი, რომლის თქმით, “თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამით კორონავირუსის შეკავება ხდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამწუხაროდ, ჩვენთან ვაქცინაციის მასობრივი პროცესი ვერ დაიწყო. როგორც ჩანს, უახლოეს ხანში ეს არ მოხდება და ამიტომ გავრცელების საფრთხე კიდევ უფრო დიდხანს დარჩება ძალაში. სხვა ქვეყნებში პანდემიის ახალი ეტაპი დაიწყო, თუმცა იქ ვაქცინის გამოყენების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან, ამიტომ სამომავლოდ საქართველოში მას უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება. საუბარია, რომ მესამე და მეოთხე კვარტალში უფრო ინტენსიურად დაიწყოს აცრის პროცესი. იქამდე 3-4 თვეა და ამ დროში შესაძლოა, უკონტროლობის შემთხვევაში მძიმე შედეგი მივიღოთ. არადა, საგაზაფხულო სამუშაოები ახლა არის ჩასატარებელი, განსაკუთრებით რეგიონებში, ამიტომ ბუნებრივია შეზღუდვებით ამ პროცესს ხელი შეეშლება, მაგრამ რადგან სოფლის მეურნეობაში ხშირად ინდივიდუალური შრომაა, ვიდრე კოლექტიური, შეიძლება, რომ დღის საათებში რეგიონში ადამიანმა მოახერხოს ნიადაგის დამუშავება. რაც არ უნდა ითქვას, ცხადია, შეზღუდვები ხელისშემშლელი მიზეზი მაინც იქნება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთო სილაგაძე.

“შეიძლება ითქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ადგილობრივი წარმოება იყო ერთადერთი, რომელმაც სხვა სექტორებისგან განსხვავებით, გამართულად იმუშავა. ამიტომ ქვეყანამ ექსპორტის წილი გაზარდა, თუმცა შესაძლოა, ახლა ამ მხრივაც პრობლემები წარმოიშვას. სოციოლოგი პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ მესამე ტალღის შეზღუდვები სოფლის მეურნეობის სამუშაოების წარმოებას ხელს შეუშლის”, - დასძენს გამოცემა.

“შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა ვერაფრით ვერ გადაიწონება, ვერც გახსნილი ეკონომიკით და ვერც სხვა რამით. თუ იგივე სახის შეზღუდვები ამოქმედდა, როგორც შარშან ამავე პერიდოში მოხდა, ეს იქნება დამანგრეველი. ალბათ, მინიმუმ, ორი კვირით ჩაიკეტება კონკრეტული ტერიტორიები და ესეც კი პრობლემებს შექმნის. სოფლად თესვის სამუშაობი უკვე დაწყებულია. აკრძალვები, რა თქმა უნდა, ამ პროცესს შეაფერხებს, რომლის სხვა დროში გადატანაც შეუძლებელია, რადგან სამეურნეო სამუშაოები წელიწადის დროზეა დამოკიდებული და არა პანდემიის პერიოდულობაზე. ამიტომაც აუცილებელია, ეკონომიკისია და მედიცინის ურთიერთშეთანხმება. რა თქმა უნდა, ჩაკეტილი ეკონომიკა ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს, მაგრამ ეს იქნება იძულებითი ნაბიჯი, როცა ადამიანის ჯანმრთელობა და სოცოცხლე უფრო მთავარია, ვიდრე სოციალური და ეკონომიკური საკითხები”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას პაატა აროშიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს