ნაზი ჯანეზაშვილი „სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის „კლანთან“ შეთანხმებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა გზაში დაგვაწია

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის „კლანთან“ შეთანხმებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გზაში დაგვაწია, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იმ ცვლილებებს, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნება“ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში გეგმავს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ გვინდა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა წარმატებული იყოს, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს „კლანური“ მმართველობისგან. მისივე თქმით, ამის გარეშე, „სულ რომ 10-ეტაპიანი და დახუნძლული პროცესები გაწერონ კანონებში, არაფერი შეიცვლება“.

„აღსანიშნავია ის, რომ ახლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი. ეს არის ძალიან მასშტაბური პროცესი, იმიტომ, რომ 11 ვაკანსიაზეა კონკურსი გამოცხადებული. ამის მერე უზენაესი სასამართლო ივსება ფაქტობრივად. მომავალში მხოლოდ 3 ადგილი გაჩნდება, დანარჩენები კი, ყველანი უვადო მოსამართლეები იქნებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, მაგრამ რას აკეთებს ამ შემთხვევაში პარლამენტი?! რასაც აკეთებს, ერთი მხრივ, არის ძალიან კოსმეტიკური დანიშნულების, თითქოს ამით რაღაც იცვლება. რეალურად კი, არაფერი იცვლება. მეორე მხრივ, ამას ვუწოდებ გზაში დაწეულ კანონპროექტს. რას ნიშნავს ეს? ანუ მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, რომლებთანაც გასაუბრება დაიწყო დეკემბერში და ამ დროს, როგორც მე გავიგე, ეს პროცესი არ შეჩერდებაო, ანუ გაგრძელდება და გზაში დაგვაწიეს ახალი პროცედურები. ეს არის ჩემთვის მიუღებელი. მე საერთოდ არც ვიცოდი, რომ ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა, ამის შესახებ გუშინ შევიტყვე. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის „კლანთან“ შეთანხმებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გზაში დაგვაწია“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა

მისი განმარტეით, თუ საქართველოს პარლამენტი იაზრებს იმ განცხადებებს, რაც გაკეთდა აშშ-ს სენატში, მაშინ უნდა დაიწყოს „კლანის“ დაშლით და „კლანური“ მმართველობის მოშლით სასამართლო სისტემაში.

„ისინი ამას არ აკეთებენ, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ იმისათვის, თითქოს პროცედურები დახვეწონ და თვალებში შეგვაყარონ ნაცარი, ვითომ ამით რაღაც იცვლება. 100%-ით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამით არსობრივად არაფერი იცვლება, იმიტომ, რომ დაჯდება ე.წ. კლანი და წინასწარ კალკულატორებით, როგორც აქამდე აკეთებდნენ, ისე შეარჩევენ კანდიდატურებს და დაუწერენ ქულებს. ეს არ არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტი 24 მარტს ოფიციალურად დარეგისტრირდა და 29 მარტს, ინიცირებისათვის ბიუროს სხდომაზე გავა.

ოხანაშვილის განმარტებით, მომზადებული ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობა. პროექტის გათვალისწინებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:

− გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ.

− საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. “სარეიტინგო სიის’’ ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.

− ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს.

წარმოდგენილი ცვლილებით, გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა