სოზარ სუბარი სააკაშვილსა და ივანიშვილზე - არაკეთილსინდისიერებაა, ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს - ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნისთვის

არაკეთილსინდისიერებაა, ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს - ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.

სუბარის თქმით, ვინც მსგავს შედარებებს აკეთებს „ან არ იცის საქართველოში არსებული ვითარება ან ნაკლებად კეთლსინდისიერია მსგავს განცხადებებში და შეგნებულად ახდენს სიტუაციის დრამატიზებას“.

„ვითარება არის შემდეგი: სააკაშვილი უბრალოდ არ არის საქართველოს მოქალაქე, მისჯილი აქვს რამდენიმე საქმეზე, რამდენიმე საქმეზე მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, ყოველ დღე ვხედავთ, რომ ზის ტელევიზორში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის და არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, პრაქტიკულად მოუწოდებს საქართველოში დესტაბილიზაციისკენ, აჯანყებისკენ და არეულობისკენ. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დაამკვირდა ელიტური, სისტემური კორუფცია, ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა სისტემური წამება. არ მეგულება მსოფლიოში მაგალითი, რომ სისტემური წამების დამამკვიდრებელი ადამიანები პოლიტიკაში რჩებოდნენ. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა მართლმსაჯულების გვერდის ავლით ლინჩის წესით ანგარიშსწორება, ქუჩაში დახვრეტა, იმ ადამიანის მოტაცებები, ვინც არ მოსწონდათ, მათი ცემა, მკვლელობები. მარტო გირგვლიანის, კობა დავითაშვილის და ვალერი გელაშვილის საქმე იკმარებდა. აქედან ორ საქმეზე განაჩენიც არის დამდგარი კონკრეტულად სააკაშვილის მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელმაც სისტემური ხასიათი მისცა ბიზნესის ტერორს, მან დაამკვიდრა მედია ტერორი საქართველოში. „იმედი“, „იბერია“ - ყველაზე მკაფი მაგალითები, სადაც ავტომატებით გადაცხრილეს ტელევიზიები და ჟურნალისტებს სცემეს“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მეორე მხარეს დგას ადამიანი, რომელმაც ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის პრეცედენტი შექმნა.

„ამ ადამიანმა არჩევნების გზით, მშვიდობიანად და ჩვენს მეგობრებთან ერთად, აიძულა სააკაშვილი, რომ დაეთმო ხელისუფლება, რასაც ის არ აპირებდა და რაც აღიარეს რამდენიმე დღის წინ ამერიკის სენატის წევრებმა. ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში, ეს არის ადამიანი, რომელმაც გაათავისუფლა ბიზნესი და მედია ტერორისგან და შექმნა თავისუფალი მედია გარემო. ეს არის ადამიანი, რომლის პერიოდშიც მის მიერ შექმნილმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროპასთან ასოცირებას. ბოლოს ეს ადამიანი გავიდა პოლიტიკიდან, დაგვიტოვა მემკვიდრეობა. ეს მემკვიდრეობა არის მართლა თავისუფალი პოლიტიკური გარემო და მეორე მემკვიდრეობაა მთელი მისი ქონება, რომელიც მოახმარა და დაუტოვა ქვეყანას. დღეს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს ორი ადამიანი დავაყენოთ საპირწონედ არის არასწორი - ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნისთვის და ადამიანი, რომელმაც გაყიდა ეს ქვეყანა. გაყიდვის ყველაზე მკაფიო მაგალითია, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისმა გუნდმა ხელი მოაწერა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. ამის შემდეგ სააკაშვილი იძლეოდა ინტერვიუებს, საქართველოს არაფერი დაუკარგავს ქვაღორღიანი ადგილების გარდაო“, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", - თქვა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა