„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - ვიმედოვნებთ, მთავრობა პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ნებისმიერ დახურულ სივრცეში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

29 მარტს თამბაქოსგან თავისუფალი ეროვნული დღე აღინიშნება.

მათივე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 17 მაისიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა, ახალი, გამკაცრებული, თამბაქოს კონტროლის კანონი მიიღო, ყოველი ახალი 29 მარტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

ამასთან, ალიანსის ინფორმაციით, ქართველი საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი ათვითცნობიერებს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი სივრცის მნიშვნელობას, აღიარებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს და ცდილობენ სამუდამოდ უარი თქვან ნიკოტინდამოკიდებულებაზე.

“მსოფლიოს საყოველთაო გაფრთხილებამ "მოწევა კლავს" შედეგი გამოიღო და თამბაქოს კლასიკური ნაწარმი, ჩვეულებრივი სიგარეტი პოპულარობას კარგავს. თუმცა, თამბაქოს ინდუსტრია ფარ-ხმალს არ ყრის და ცდილობს ბაზარი მოზარდებით და ახალგაზრდებით გაამყაროს და იმისათვის, რომ მოწევაზე დამოკიდებული გახდნენ, მათ სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკებით შეფუთულ, მომწამლავ, ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტებს, ელექტრონულ სიგარეტსა და გახურებად თამბაქოს სთავაზობს. ამასთან, ინდუსტრია აქტიურად ცდილობს ყველა ქვეყნის ხელისუფლებაში დასაყრდენის პოვნას და შესაბამისად მთავრობების საქმიანობის გაკონტროლებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი მოწინავეა, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიის გავლენების მიხედვით, თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მიერ მინიჭებული არასახარბიელო ინდექსი აქვს.

ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 29 მარტისთვის, მთავრობა გამოწვევად დაისახავს, მოიშოროს თამბაქოს ინდუსტრიისგან მართვადის იარლიყი და პირველ რიგში, პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ნებისმიერ დახურულ სივრცეში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს. დღეისათვის მოწევა დაშვებულია კაზინოებსა და სლოტკლუბებში, რასაც თამბაქოს ინდუსტრიამ პარლამენტსა და აღმასრულებელ მთავრობაში საკუთარი ლობების დახმარებით მიაღწია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობა უკვე თითქმის სამი წელია, არღვევს „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, 2018 წლის 1 ივნისამდე მიეღო მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“.

„მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ყველა შესაბამის უწყებასთან შეთანხმებულია და მთავრობას 2018 წლის ივნისში მიეწოდა, დღემდე არც განუხილავთ.

ვიმედოვნებთ, ახალი მოწვევის პარლამენტი განაგრძობს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებას და მთავრობას მოუწოდებს კანონის დაცვას და 2018 წლიდან დღემდე თაროზე შემოდებული ნორმატიული აქტის მიღებას.

მალე პარლამენტს წარედგინება ახალი კანონპროექტი ტაქსებში მოწევის აკრძალვის შესახებ. სავარაუდოდ, დაისმება საკითხი მსუბუქ ავტომობილში ბავშვებთან ერთად მგზავრობისას მოწევის აკრძალვის შესახებაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით, მოსახლეობის 90%-მდე თანახმაა ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ხალხი ირჩევს თამბაქოსგან თავისუფალ სივრცეს. მთავრობაც უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს და კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და ხელს არ უნდა უწყობდეს მომაკვდინებელი პროდუქციის მწარმოებლების, თამბაქოს ინდუსტრიის „ნათელ მომავალს". რაც უკვე არაერთხელ გვითქვამს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს