"სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის” პირველი ეტაპი დაიწყო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ პირველი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვის მსურველებს რეგისტრაცია 5 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ და სწავლა აპრილის თვეში დაიწყება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსები არანაკლებ ერთთვიანია. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა კი უფასოა.

პროგრამაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სულ 5 სასწავლებელი, ორ ტერიტორიულ ერთეულზე - თბილისსა და იმერეთის რეგიონში.

„კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია შეუძლია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე (16 წლიდან) საქართველოს მოქალაქეები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოში და თანახმა არიან ჩაერთონ კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში.

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, მათი მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გათვალისწინებულია დამატებითი ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი). სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს: შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველები, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი პირები და სხვა.

2021 წლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და 6 სასწავლო დაწესებულებას შორის უკვე გაფორმდა ხელშეკრულება. მათ შორის, თბილისში 5 სასწავლო დაწესებულებასთან: შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია; შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA; ა(ა)იპ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია; ა(ა)იპ კოლეჯი იკაროსი; შპს ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგი და ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“. ასევე, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის იმერეთის ფილიალი.

პროგრამაში მოსარგებლედ ჩართვის მიზნით, ქ. თბილისის მასშტაბით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება პროგრამის დაწყების შესახებ. დაინტერესებულმა სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს: პირადობის და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505 ან ესტუმროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს ქ. თბილისში, შემდეგ მისამართებზე: მიცკევიჩის ქ. 23, აღმაშენებლის გამზირი 140ა, კოსტავას ქუჩა 47/57, მოსკოვის გამზირი 25 და სარაჯიშვილის გამზირი 1.

მათივე ინფორმაციით, მოკლევადიანი კურსის გავლა შესაძლებელია პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოდგენილ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებში: მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი - მარკეტერი, შინმოვლა, ქსელის ადმინისტრირება, ელექტრო ტექნოლოგია , ნარჩენების მართვა, ტრანსპორტის უსაფრთხოება და რისკის კონტროლი, საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება, საწყობის ლოგისტიკა, ელექტრონული ბუღალტერია, კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა, სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში, პურ-ფუნთუშეული/ფენოვანი ცომით ნამცხვრების მომზადება, კერძების მომზადების ტექნოლოგია, ბისკვიტის ცომით ნამცხვრებისა და სერიული წარმოების კრემებიანი ტორტების მომზადება, ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების მომზადების ტექნოლოგია, ადმინისტრაციული ასისტირება, საოფისე სამეურნეო მარაგებისა და საარქივო დოკუმენტაციის მართვა, სისტემური ადმინისტრირება, საოფისე სამეურნეო მარაგები, კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები, საბაჟო დეკლარირება , მმართველობითი და საინფორმაციო დოკუმენტების მომზადება და სალაროს ოპერაციების განხორციელება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო