ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2021

გავრილოვის ღამე 2-ის მცდელობა ფიასკოთი დამთავრდა - “არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ შემდგომში კიდევ სხვა ექსცესები სცადოს”

ოპოზიცია “პოზნერის ღამით” დიდ პროტესტს ვერ ააგორებს, მაგრამ ტურიზმს სერიოზულ ანტირეკლამას გაუკეთებს - რამაზ საყვარელიძე

უცნაურობა: ეროვნულმა ბანკმა დეფიციტის დროს დოლარი გასაყიდად გამოიტანა და მისი ათვისება ვერ მოხერხდა

* * *

გავრილოვის ღამე 2-ის მცდელობა ფიასკოთი დამთავრდა - “არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ შემდგომში კიდევ სხვა ექსცესები სცადოს”

“ამით ოპოზიციას სურდა, რომ გავრილოვის ღამის მსგავსი სურათი დაეხატა, არაა გამორიცხული, რომ მათ შემდგომში კიდევ სხვა ექსცესები სცადონ იმისათვის, რომ სიტუაცია აირიოს - ასე აფასებენ “რეზონანსთან” ანალიტიკოსები იმ პროტესტს, რომელიც რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა. ოპოზიციიდან “გირჩის” ლიდერებიც ანალოგიურად ფიქრობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გავრილოვის ღამე 2-ის მცდელობა ფიასკოთი დამთავრდა - “არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ შემდგომში კიდევ სხვა ექსცესები სცადოს”.

“ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ “პროტესტსაც გარკვეული საზღვრები აქვს და იმასაც თუ რუსეთის წინააღმდეგ პროტესტს ვინ გამოხატავს”. “ფაქტია, ოფიციალური წყაროებით ცნობილი იყო, რომ ასევე ამერიკის მოქალაქე პოზნერი და მისი თანმხლები პირები ჩამოვიდნენ. მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდათ, მაგრამ მოდით, ასეთ ვიზიტებთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დავსვათ. გავმართოთ ფართო დისკუსია ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელიაც სააკაშვილის მმართველობის შემდეგ უვიზო რეჟიმი აქვთ. ლიეტუველმა დეპუტატმა ჟიგიმანტას პავილიონისმა ამას წინათ ზუსტად იგივე თქვა, რომ საქართველო აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს, თუმცა ის “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერად ითვლება და ასევე მასაც მხარს უჭერენ. ასევე ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნატო ჩხეიძე, რომლებიც რუსეთთან ასევე მჭიდრო ურთიერთობის მომხრენი არიან, ასევე “ფეესბეს” სკოლის კურსდამთავრებული ელენე ხოშტარია”, - ამბობს აბაშიძე და კითხულობს, “მათაც ხომ არ ავუკრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა?”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ერთია რომ პოზნერი თანმხლებ პირებთან ჩამოვიდა, როგორც კი მან, მისმა ჯგუფმა და მასპინძლებმა კომენდანტის საათის პირობები დაარღვიეს, დაჯარიმდნენ, მაგრამ საზოგადოებაში სრული გაურკვევლობაა იმ უპრინციპობისა და მრავალი სტანდარტის გამო, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს, მე რომ მკითხო გიორგი კანდელაკს და გოკა გაბაშვილს პოლიტიკურ მოღვაწეობას საერთოდ ავუკრძალავდი, რომლებმაც დეპუტატობის დროს სტრასბურგში რეზოლუციას ხელი მოაწერეს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველომ რუსეთთან ომი დაიწყო. რატომღაც ჩვენს პოლიტიკურ აქტორებსა და დაქირავებულ ფსევდო აქტივისტებს ეს ავიწყდებათ. აქ ცოტა სხვანაირადაა, ვხედავ იმას, რომ “ნაცმოძრაობა”, მისი ანასხლეტები და მარიონეტები ნებისმიერ სიტუაციას იყენებენ, რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს, საქართველოში ტურიზმი არ შედგეს, სოციალურ-ეკონომიკურად აფეთქდეს და ამითი ისარგებლონ თავიანთი ბინძური მიზნების მისაღწევად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ის ისტერიკა, რაც ამ ფსევდოებმა გამართეს, შეუძლებელია, რომ მორალურ ჩარჩოებში ჯდებოდეს, იქნება ეს პოზნერი, სხვა რუსი ჟურნალისტი, ევროპელი თუ ა.შ. რომელიც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, პირადად ჩემთვის და მთელი ქართველობისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მაგრამ პროტესტსაც გარკვეული საზღვრები აქვს და იმასაც თუ რუსეთის წინააღმდეგ პროტესტს ვინ გამოხატავს, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აგვისტოს ომზე რუსეთი წააქეზა და რომელმაც ამის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები გადასცა, ამ ძალისგან მე ფსევდო პატრიოტულ შეძახილებს ვერასოდეს ვერ მოვითმენ, ეს პოლიტიკური ძალა კი ასევე ამბობს, რომ თურმე დავით გარეჯი საქართველო არაა, საზოგადოებამ განსაჯოს ვინაა პატრიოტი და ვინ არა. ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობ და გრძელვადინ პერსპექტივებზე, რა თქმა უნდა ოკუპანტ ქვეყანასთან ჩვენი დასავლელი პარტნიორების მეშვეობით ურთიერთობა მშვიდობიანი გზით უნდა დალაგდეს, სხვა გამოსავალი არაა. ამით გავრილოვის ღამის მსგავსი სურათი უნდა დაეხატათ, არაა გამორიცხული, რომ მათ შემდგომში კიდევ სხვა ექსცესები სცადონ იმისათვის, რომ სიტუაცია აირიოს”, - დასძენს რესპონდენტი.

“ეს მათი წადილია, იქნება ეს ნებისმიერი რუსი ტურისტის შემოსვლა, ახლოვდება მაისი, ზოგიერთი ადამიანი ომში დაღუპული ვეტერანების მიმართ პატივისცემას გამოხატავს და ესეც შესაძლოა პოლიტიკური აჟიოტაჟის საგნად გახადონ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი საერთო მიზანია, რომ აქ სიტუაცია აირიოს და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ვერ დალაგდეს, “მიზანი ამართლებს საშუალებას” პრინციპით ისინი ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებენ, რომ სიტუაციის არევას შეეცადონ, მაგრამ საზოგადოება მათ ამის უფლებას არ მისცემს”, - თვლის აბაშიძე. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციას “გავრილოვი-2”-ის მოწყობა ვერ გამოუვიდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვფიქრობ, რომ მათ გავრილოვი პირველის მერე, გავრილოვი 2-ის მოწყობა ვეღარ გამოუვიდოდათ, იმიტომ, რომ საზოგადოებამ, რომელიც მაშინ პარლამენტის წინ გულწრფელი პროტესტით გავიდა, ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს აქცია შემდეგ როგორ დასრულდა და აქციის სადავეები ხელში ვინ ჩაიგდო და რა მიმართულება მისცეს. ამ აქციის მოთავე ახალგაზრდული ორგანიზაცია “სირცხვილია” აბსოლუტურად ლუსტრირებულია და ყველა ვხედავთ იმის აფილაციას კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან, აქ უკვე კითხვები აღარაა, ასე რომ შესაძლოა რაღაცა მცდელობა ჰქონოდათ, მაგრამ არა მგონია, რომ ეს აქცია შთამბეჭდავი და მრავალრიცხოვანი ყოფილიყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“რუსეთში უკვე გაკეთდა განცხადება, რომ არ ვართ დარწმუნებულებიო, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ტუსრისტული სეზონის წინ უსაფრთხოდ იქნებიანო, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ისევე, როგორც 2019 წლის ივნისის ამბების მერე მოხდა, რუსებმა ჩამოსვლისგან თავი შეიკავონ, შესაბამისად დარტყმა ადგება ჩვენს ტურისტუილ სექტორს, ბიზნესს, იქ დასაქმებულ უამრავ ადამიანს და ა.შ. ჩვენი საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს მსგავს ვიზიტებთან დამოკიდებულებაში, თუ წინა ხელისუფლების პირობებში აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი ვიზიტები დაშვებული იყო, ახლა რატომაა აკრძალული. გასაგებია, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები დაარღვიეს, ამისათვის მათ ჯარიმა და შესაბამისი საქნციები დაეკისრათ, ამით ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ამას პოლიტიკური გაგრძელება მისცენ და ამით სახელმწიფოს და მის ეკონომიკას იმ მიზნით დაარტყან, რომ მეტი უკმაყოფილო მოქალაქე გაჩნდეს, აქ უკვე პატრიოტიზმით შეფუთული აქციის რეალური მიზანი ნათლად იკვეთება, ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა თუ როგორაა გაყოფილი ჩვენი საზოგადოება”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე.

“ჩემის აზრით ინციდენტი ამოწურულია, ეს ხალხი წავიდა, ოპოზიცია როგორც აცხადებს გამარჯვება იზეიმეს და თუ ამის მერე აქციებს კიდევ გამართავენ, ეს ნაკლებად შესაძლებლად მეჩვენება, ჯერ ერთი პანდემიისგან დაწესებული შეზღუდვების გამო, თუმცა შეზღუდვების დარღვევა მათი მხრიდან პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ არა მგონია, რომ აქციაზე მეტი ხალხი მიიზიდონ, რადგან პოზნერი ეს გავრილოვი არაა, ეს ადამიანი ჩამოვიდა, აქ დროის გატარება უნდოდა, ეს იყო და ეს, შეზღუდვების დარღვევის გარდა, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია. გასაგებია,რომ მისი პოზიციის გამო, ჩემი ჩათვლით ყველას გვაქვს დამოკიდებულება, რომ ეს ადამიანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მაგრამ მილიონი რუსი ტურისტი ჩამოდის, მაშინ თითოეული მათგანი უნდა შევამოწმოთ და როდესაც საზღვარს კვეთენ დავუსვათ კითხვა, აღიარებს თუ არა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ოკუპაციას, ხომ ხედავთ სადამდე მივდივართ, ამიტომაც ეს საკითხი დასარეგულირებელია, სხვათა შორის უვიზო რეჟიმი წინა ხელისუფლებამ ომის მერე დაუწესა”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

“თვითონ თქვა პოზნერმა სამი წელია აქ ვიხდიო... ამ დროს ქართულმა პოლიტიკურმა ძირითადად ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, რომ ხალხს ვერაფერ თემაზე ვერ ვაგდებთ, ამიტომ გავრილოვის თემაზე უნდა ავაგდოთ, ფიზიკურად გავრილოვზე ავარდნენ... ჩემი აზრით, გუშინ რატომღაც მოინდომეს, რომ ადამიანებისთვის შეესაღებინათ რომ ეს იყო გავრილოვი. გავრილოვისგან განსხვავებით ის იყო, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა, თორემ ერთი კვირა იყო აქ და ჩამოვიდა თუ არა სულ ყველას ფეხებზე ეკიდა, ხალხი პირობითად აღაშფოთა არა იმან, რომ ის ქვეყანაში შემოვუშვით, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტში სავარძელში აღმოჩნდა. ზუსტად ეგ სცადეს გუშინ და გასაგებია საბოლოო ჯამში ამ ამბავს ვინც აორგანიზებდა, სცადეს, რომ ქოცებისთვის იგივე გავრილოვი მოეწყოთ, ოღონდ გავრილოვის გარეშე”, - მიიჩნევს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია”, - წერს სტატიის ავტორი.

ოპოზიცია “პოზნერის ღამით” დიდ პროტესტს ვერ ააგორებს, მაგრამ ტურიზმს სერიოზულ ანტირეკლამას გაუკეთებს - რამაზ საყვარელიძე

“არ ვარ დარწმუნებული, რომ გუშინდელი ამბის მიზეზი საპროტესტო ტალღის აგორება იყო, ცოტა უფრო ახლო წარსულს რომ გადავხედოთ, ვანახავთ, რომ უცხოელებმაც და უკვე ძალიან დაბეჯითებით ქართულმა ანალიტიკოსებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ოპოზიცია, კერძოდ “ნაციონალების” მოქმედება, წყალს რუსეთის ინტერესებზე ასხამს. ამ ფონზე, მე მგონი, ამ განწყობის და დასკვნის გადაფარვა მოუნდათ, კერძოდ იმის, რომ ისინი რუსეთზე ორიენტირებულები არიან და რაღაც მკაფიოდ ანტირუსული სჭირდებოდათ. მგონი ამის ძირითადი მიზანი ეს იყო, გარდა იმისა, მიზანი იყო ისიც, რომ რუსეთს კიდევ ერთხელ ჰქონოდა საშუალება ეთქვა, რომ საქართველოში არ ჩახვიდეთ”, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ოპოზიცია “პოზნერის ღამით” დიდ პროტესტს ვერ ააგორებს, მაგრამ ტურიზმს სერიოზულ ანტირეკლამას გაუკეთებს - რამაზ საყვარელიძე.

“რუსეთს საერთოდ ძალიან აწუხებს ეს, რომ არათუ აფხაზეთიდან, არამედ ტურისტული ნაკადები სოჭიდანაც მოდის, აქეთ ურჩევნიათ და მე მგონი ამ მხრივაც მცირე ანტირეკლამა გაუკეთდა საქართველოს, როგორც რუსებისთვის უსაფრთხო ადგილს და თან აქ ნამყოფები ყველა უსვამდა ხაზს, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო და არააგრესიული გარემოა, განსხვავებით აფხაზეთისგან. უფრო ასეთი მოტივები მგონია, რადგან გუშინაც არ უცდიათ გრძელვადიანი აქციის შექმნა და ის, რომ დღეს 1-ელ აპრილში აწეული აქცია ემოციას 15 მაისამდე ვერ გაიტანდა, ამას დიდი მკითხაობა არ სჭირდებოდა. ამიტომ ის, რომ აქციებისთვის განწყობილება ამ სიშორიდან მოამზადოთ, მათ ასეთი მიზანი არ ჰქონდათ, რადგან საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ აქციის მონაწილეებს დიდხანს ვერ იჭერენ. ამიტომ მგონია, რომ ლოკალური მიზანი იყო მათი იმიჯის რუსეთისგან გამიჯვნა და მეორეს მხრივ რუსეთისთვისაც იმ სიამოვნების მინიჭება, რომ ტურისტებისთვის საქართველო უარსაყოფი გახდეს, თუმცა მეეჭვება, რომ ეს მეორე მიზანი მიღწეულ იქნას, ისევე, როგორც ადრე რუსეთმა იმას ვერ მიაღწია, რომ ტურისტებს საქართველოზე უარი ეთქვათ”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“არ არის იმ შორსმჭვრეტელობის ხალხი, რომ მათი დაგეგმილი საქმე ისე წავიდეს, როგორც მათ უნდათ. რაც შეეხება განწყობებს, მოსახლეობაში ხომ არ არის და არ არის, და თუკი დავუშვათ რასაც ელიან, რომ გაზაფხულისთვის ეკონომიკა დამძიმდება და ეს ხალხის უკმაყოფილებას გააჩენს, ფაქტია, რომ ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხი, “ნაციონალებისკენ” არ მიდის. თუ არ დამძიმდა და ოდნავ რაღაც წინსვლა იქნა და მე მაინც ველოდები, რომ პოლიტიკურ სპექტრში რაღაც ცვლიულებები იქნება, ახალი პარტიები გამოჩნდება, ეს ოპოზიცია მემგონი დაღუპულია და გახარიას შემოსვლა შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტორი, რომელიც მოსახლეობას მთელ პოლიტიკურ სპექტრს თავიდან გადააფასებინებს, ან გადაფასებაში “ნაციონალური მოძრაობა” ძალიან წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება, ისევე როგორც დღევანდელი სხვა ოპოზიციური პარტიები”, - დასძენს საყვარელიძე.

უცნაურობა: ეროვნულმა ბანკმა დეფიციტის დროს დოლარი გასაყიდად გამოიტანა და მისი ათვისება ვერ მოხერხდა

“ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა კურსის გასამყარებლად, გუშინ, გასაყიდად 40 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა, თუმცა აქედან აუქციონზე მხოლოდ 27.5 მლნ გაიყიდა. ეს ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა აღარ არის. მიუხედავად ამისა, კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და მხოლოდ 3.4250-მდე ჩამოვიდა, ისიც გვიან საღამოს. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა უცნაური ტენდენციებია სავალუტო ბაზარზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უცნაურობა: ეროვნულმა ბანკმა დეფიციტის დროს დოლარი გასაყიდად გამოიტანა და მისი ათვისება ვერ მოხერხდა / “მაშინ, როდესაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნაა და ბანკები მას არ ყიდულობენ, თან კურსიც არ იცვლება, ეს დაეჭვების საბაბს იძლევა”.

“ბოლო დღეებია, ქართული ფული გაუფასურებით და არასტაბილურბით გამოირჩევა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა რეზერვები მხოლოდ გუშინ გამოიტანა. სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარის ათვისება არ მომხდარა და აუქციონზე 27 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ასეთი ფაქტი ანალიტიკოს ზურაბ კუკულაძეს ეჭვს უჩენს. “ძალიან საინტერესოა, რომ უცხოური ვალუტის დეფიციტის პირობებში არ გაიყიდა დოლარი. რაც აქტიურად დავინტერესდი ეროვნული ვალუტის კურსით და მისი მერყეობით, არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა. ახლა ძალიან რთულია ეროვნული ვალუტის გაუფასურება რაიმე სპეკულაციებს დავაბრალოთ, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად არსებობს იმის საფუძველი, რომ ლარი გაუფასურდეს და ეს არც არის გასაკვირი. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის სპეკულაციებზე გადაბრალება ძნელი იქნება”, - ამბობს კუკულაძე, თუმცა მისი აზრით, “ეს ფაქტი გარკვეულწილად ბადებს მართლაც ეჭვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როდესაც ბაზარზე დეფიციტის პირობებში სებ-მა გარკვეული მოცულობის უცხოური ვალუტა გამოიტანა და მისი ათვისება არ ხდება, თან მაშინ როდესაც მასზე მოთხოვნაა, ეს დაეჭვების საბაბს იძლევა. მიუხედავად ამისა, ეროვნულ ვალუტას ყველა საფუძველი აქვს, რომ გაუფასურდეს. არც მაქვს მოლოდინი, რომ ეს ვითარება უახლოეს მომავალში პოზიტიურისკენ შეიცვლება”, - თვლის ზურაბ კუკულაძე. ეროვნული ვალუტა მორიგი ანტირეკორდისკენ მიიწევს. ეროვნულმა ბანკმა ლარის მერყეობის შესარბილებლად სავალუტო რეზერვებიდან მიმდინარე წელს უკვე გაყიდა 187 მილიონი დოლარი. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ დევალვაციის მთავარ მიზეზს თურქული ლირის გაუფასურება წარმოადგენს, რამაც საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინი შექმნა. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გაცვლითი კურსის ეს მერყეობა გადაჭარბებულია, შესაბამისად პანიკური ვაჭრობის პირობებში მოქალაქეებმა და ბიზნესებმა, რომლებიც სავალუტო ოპერაციებს განახორციელებენ, შესაძლოა, იზარალონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მინდა შევეხო გუშინ და დღეს კურსის გაუფასურების საკითხს. ის, რაც მოხდა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში, ამან სამწუხაროდ, შექმნა გარკვეული დაწოლა ლარის გაცვლით კურსზე. არის საუბარი იმაზე, თუ რატომ უნდა აისახებოდეს საერთოდ ეს კურსზე, მაგრამ სავაჭრო პარტნიორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ადრეც აისახებოდა და ახლაც აისახა კურსზე. არსებობს ძალიან მარტივი მექანიზმი. თუკი ხდება ერთი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება და თუ ამ დროს ჩვენი ვალუტა არ უფასურდება, მაშინ ხდება გაიაფება ამ ქვეყნის პროდუქტის და შემდეგ სანამ ის პროდუქტი იქ არ გაძვირდება, მანამდე ეს მოქმედებს და ამას აქვს დაწოლა მიმდინარე ანგარიშზე. ანუ მიმდინარე ანგარიშზე დაწოლა, რაც ჩვენ ისედაც გვქონდა, ამით კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რაც რა თქმა უნდა აისახება გაცვლით კურსზე. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ კურსის ცვალებადობა შეიძლება იყოს გადაჭარბებული და ჩვენ გვქონდა წარსულში ბევრი შემთხვევა, როდესაც ასეთი პანიკური საქციელის დროს კურსი გაუფასურებულა, შემდეგ ისევ უკან წამოსულა. ახლაც თუ მოხდება პანიკური გადაცვლები, ის კომპანიები თუ ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ აუცილებლად დაზარალდებიან და ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება”, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა, - დასძენს გამოცემა.

“ახლა, სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა, რადგან ეროვნული ვალუტა მორიგი ანტირეკორდისკენ მიიწევს. “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ არ არის დიდი პრობლება, თუკი გატანილი რეზერვების გაყიდვა მთლიანად ვერ მოხეხრდა და შესაძლოა, მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც ყოფილიყო”, - წერს სტატიის ავტორი.

“მსგავსი შემთხვევა ალბათ სხვა დროსაც იქნებოდა. თავისუფალი ვაჭრობა მიმდინარეობს და ასეთ თავსუფალ ბაზარზე შესაძლოა, არ აღმოჩნდა მსურველი. სავარაუდოდ, არ აღმოჩნდა შესაბამისი მყიდველი. ეროვნული ბანკის მანდატი და მოტივაცია არ არის კურსის დაჭერა და სტაბილიზაცია. სებ-ის კანონით გაწერილი მიზანი არის ფასების სტაბილურობა, ინფლაციის კონტროლი და კურსზე ზემოქმედების მექანიზმს მხოლოდ ამ კონტექსტში იყენებს, რადგან გაუფასურებული ლარი ინფლაციაზე აისახება. ის, რომ ეროვნული ბანკი ლარს ძალით იჭერდეს, ეს ტექნიკურად და თეორიულად, ცხადია, შესაძლებელია, მაგრამ ამას არ აკეთებს და პრინციპში სწორად იქცევა. სებ-ი ერთადერთს რასაც აკეთებს არის ის, რომ შოკი და დარტყმა შეამციროს ეკონომიკაზე, რათა სწრაფი გაუფასურება არ მოხდეს, რისი განხორციელებისთვისაც სავალუტო ინტერვენციებს იყენებს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ბერიკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო