DL101GE - უნიკალური სასწავლო კურსი ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის

„ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)“ არის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც საქპატენტის მიერ ითარგმნა, ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი და უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა ქართულენოვანი აუდიტორიისთვის. მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. წარმატებულ კურსდამთავრებულებს WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცემათ. ამასთანავე, აღნიშნული კურსი წარმოადგენს WIPO-ს აკადემიის სხვა სპეციალიზებული კურსების გავლის აუცილებელ წინაპირობას.

კურსის მიზანია ნებისმიერი დაინტერესებული პირი გაეცნოს ინტელექტუალური საკუთრების დარგის ფუნდამენტურ ცნებებს, პრინციპებსა თუ ინსტიტუტებს. კურსის დანერგვიდან დღემდე, 6 სესიის ფარგლებში, DL101GE კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი 700-მდე პირს გადაეცა. მე-7 სესიაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მიმდინარე წლის 29 აპრილამდე გაგრძელდება.

კურსის მენეჯმენტს ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -საქპატენტი, კერძოდ, ორგანიზაციის სტრუქტურაში შემავალი ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრი. აღნიშნული ერთეული ემსახურება საქპატენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის მხარდაჭერას – ინტელექტუალური საკუთრების დარგში პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და ინოვაციის მხარდაჭერას.

კურსის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა 2020 წლის შემოდგომაზე, რეგისტრირებულთა რეკორდული მაჩვენებელი, კურსის წარმატებული მენეჯმენტი და კმაყოფილი კურსდამთავრებულები შესამჩნევი გახდა WIPO-სთვისაც. ორგანიზაციის მოთხოვნით, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც საქპატენტის სასწავლო ცენტრმა ევროკავშირის ქვეყნების (ლატვია, ლიეტუვა) ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს უნდა გაუზიაროს დისტანციური სწავლების კურსის განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა.

DL101GE-ს და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი აქტივობების შესახებ, „ინტერპრესნიუსი“ საქპატენტის სასწავლო ცენტრის სასწავლო პროცესების მართვის ხელმძღვანელს ლალი ამირანაშვილს ესაუბრა.

პირველ რიგში, ვისაუბროთ ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. გამომდინარე იქიდან, რომ ინტელექტუალური საკუთრების დარგი არის კომპლექსური, მრავალმხრივი და ინტელექტუალური საკუთრების საკითხები თანაბრად აქტუალურია და მისი ცოდნა სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიტყოდი აუცილებელიც მეცნიერ-გამომგონებლისთვის, კომპოზიტორისთვის, დიზაინერისთვის, მეწარმისთვის თუ კომპანიის იურისტისთვის, ეს ხსნის სპეციალიზირებული სასწავლო ცენტრის არსებობის აუცილებლობას, რომელიც ემსახურება საქპატენტის მიერ დასახული მიზნების მიღწევას.

სასწავლო ცენტრის ფუნქციაა, არამარტო ზემოთ აღნიშნულ სამიზნე ჯგუფებს, არამედ საზოგადოების სხვა წევრებსაც მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ინტელექტუალური საკუთრება, რა გამოხატულება აქვს, როგორ შეიძლება ჩვენი ინტელექტუალური შრომის შედეგი დავიცვათ და ვაქციოთ ფინანსურ აქტივად. ამ საკითხების ცოდნა თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურობაში გამოგვადგება. განსაკუთრებით საჭიროა საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემას.

საზოგადოების მაღალი ცნობიერება და საკმარისი ინფორმირებულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაში, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და პროგრესს.

რა ღონისძიებებს ატარებს საქპატენტის სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად?

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ და პრიორიტეტული მიზნობრივი ჯგუფებისთვის ვახორციელებთ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ შევქმენით საჭიროებებზე მორგებული პროგრამები და ვატარებთ ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, სხვადასხვა სასწავლო აქტივობებს სამართლის სტუდენტებისთვის, ბიბლიოთეკების თანამშრომლებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის და მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

პანდემიამ ჩვენც გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, თუმცა გააჩინა ახალი შესაძლებლობებიც. ჩვენი რესურსების მობილიზებით საკმაოდ სწრაფად და ეფექტიანად ვადაპტირდით შეცვლილ გარემოსთან, გადავერთეთ დისტანციურ სწავლებაზე და საქმიანობა არ შეგვიჩერებია. ამ კუთხით, ძალიან დაგვეხმარა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მხარდაჭერით არსებული გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური სწავლების კურსი საქპატენტში პანდემიამდე დაინერგა, გვქონდა გარკვეული უპირატესობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ უკვე გვყავდა WIPO-ს აკადემიის მიერ დისტანციური სწავლებისთვის გადამზადებული და უკვე შესაბამისი გამოცდილების მქონე ტუტორების ჯგუფი.

პანდემიის შემდგომ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ტრადიციული ფორმით განხორციელდება. თუმცა, დისტანციური სწავლების განვითარებას შემდგომაც აქტიურად გავაგრძელებთ. ჩვენთვის დისტანციური სწავლების ნებისმიერი ფორმა არის შესაძლებლობა, გავზარდოთ ჩვენი ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამები შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს და მაქსიმალურად ვისარგებლოთ ყველა იმ უპირატესობით, რაც დისტანციურ სწავლებას აქვს.

მაგალითისთვის, WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსს (DL101GE), რომელიც ქართულ ენაზეა ადაპტირებული საქპატენტის მიერ, ჩვენი კურსების ჩამონათვალში მალე დაემატება WIPO-ს აკადემიის განვითარებული საფეხურის დისტანციური კურსი (DL 302) სასაქონლო ნიშნებზე, დიზაინზე და გეოგრაფიულ აღნიშვნებზე. ასევე, უახლოეს მომავალში საზოგადოებას შევთავაზებთ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) კურსს „ინტელექტუალური საკუთრება, როგორც ღირებული აქტივი ბიზნესისთვის“.

რით არის გამორჩეული, ვისთვის არის განკუთვნილი და რატომ უნდა დაინტერესდეს პირი DL101GE კურსის გავლით?

კურსი ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის არის განკუთვნილი, სწორედ ამით არის უნიკალური. კურსი უსასყიდლოა. მისი შინაარსი მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების ყველა ობიექტს: საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, სასაქონლო ნიშნებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, დიზაინს, პატენტებს და ახალ ჯიშებს. კურსის 12 მოდულის გავლის შედეგად, მონაწილეს ზოგადი წარმოდგენა ექმნება ინტელექტუალური საკუთრების დარგზე. მნიშვნელოვანია, რომ კურსის DL101GE მასალა ქართულ კანონმდებლობასთან არის ადაპტირებული. კურსის ხანგრძლივობაა 6 კვირა, თუმცა კურსის მონაწილე დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად მართავს სწავლების პროცესს, რაც კურსს განსაკუთრებით კომფორტულს ხდის. სადისკუსიო ფორუმის გამოყენებით კურსის მონაწილეს შეუძლია ინტერაქცია ტუტორებთან და სხვა მონაწილეებთან. ყველა მოდულს მიმაგრებული ჰყავს თავისი ტუტორები, ისინი არიან საქპატენტის თანამშრომლები, ექსპერტები, რომლებსაც უნიკალური ცოდნა აქვთ დარგის მიმართულებით. კურსი თვითშემოწმების შესაძლებლობას იძლევა. ყველა მოდულის ბოლოს მონაწილეს შეუძლია საკუთარი ცოდნა შეამოწმოს ტესტების მეშვეობით, ვიდრე საბოლოო გამოცდაზე გავა. კურსზე სწავლების პროცესი, აგრეთვე, გამოცდა სრულად WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების პლატფორმაზე მიმდინარეობს.

DL101GE კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეს შეუძლია გააგრძელოს WIPO-ს აკადემიის სხვა სპეციალიზებული კურსები. აღვნიშნავ, რომ ბოლო ერთი წელია დავნერგეთ ტრადიცია და საუკეთესო შედეგების მქონე 10 კურსდამთავრებულს ვაძლევთ შესაძლებლობას ფასიანი სპეციალიზებული კურსი DL302 უფასოდ გაიაროს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, DL302-ის საშუალებით შესაძლებელია დაეუფლო სიღრმისეულ ცოდნას სასაქონლო ნიშნების, დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ. აღნიშნული ინიციატივით, ვცდილობთ წავახალისოთ და მოვიზიდოთ დარგით დაინტერესებული პროფესიონალები.

უკვე დაწყებულია რეგისტრაცია მე-7 სესიისთვის, რომელზეც სწავლა 1 მაისს დაიწყება, გამოცდა კი 13 და 14 ივნისს ჩატარდება. მიმდინარე რეგისტრაციის პერიოდში გამოიხატა შშმ პირებისგან კურსის გავლის ინტერესი და ძალიან მოხარული ვართ, რომ პრაქტიკაში მოგვეცა საშუალება განვახორციელოთ ჩვენი პოლიტიკა, ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ ცოდნა. პლატფორმა იძლევა საშუალებას რომ კურსი, ასევე, ხელმისაწვდომი იყოს უსინათლო და მხედველობადაქვეითებული მონაწილეებისთვის.

როგორია სასწავლო ცენტრის სამომავლო გეგმები?

ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ აქტივობებთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დარგის პროფესიონალების მოზიდვისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.

გრძელვადიან პერსპექტივაში, დარგის განვითარებისთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინტელექტუალური საკუთრების საკითხების ინტეგრირება ფორმალური განათლების სისტემაშიც, ვგულისხმობთ როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სისტემას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების კურიკულუმში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ელემენტების შეტანა. საქპატენტის მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ვმუშაობთ ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამის დანერგვაზე და ამ მიმართულებებით უკვე კონკრეტულ სიახლეებზე უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს