სახალხო დამცველი გუმათის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გუმათის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, აუცილებლად შეისწავლიან, თუ რატომ ეზღუდებათ აქტივისტებს გადაადგილება იმ პერიოდშიც, როდესაც გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოქმედებს.

„ჩვენ ვერ დავინახეთ დასაბუთება, თუ რა საჭიროება იყო, რომ შეზღუდულიყო გადაადგილების თავისუფლება. მითუმეტეს, რომ არანაირი წინაპირობა, მინიშნება, მოწოდება ძალადობრივ აქციასთან ან ქმედებებთან დაკავშირებით არ ყოფილა. სამწუხაროდ, ვერც ადგილზე ვერ მივიღე აქ მყოფი პოლიციელებისგან განმარტება. თუმცა, ჩვენ ოფიციალურად მიმართული გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი. არა მარტო, ამ „ბლოკპოსტთან“ დაკავშირებით, არამედ გამოყენებულ სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რასაც პოლიცია იყენებს. აუცილებლად შევისწავლით სამართლებრივ მხარეს. თუ რა არგუმენტაცია აქვს პოლიციას იმისათვის, რომ როგორც აქტივისტებისგან მოვისმინეთ არა „კომენდანტის საათის“ დროსაც შეზღუდული აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა. არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და დასაბუთება მე ჯერ არ მომისმენია, არც საჯაროდ არც ოფიციალურად მიგვიღია, ამიტომ მიმაჩნია, რომ გამოყენებული ღონისძიება, გადაადგილების შეზღუდვა არ არის პროპორციული. აქ არც ძალადობრივი აქცია არ არის დაანონსებული, არ არსებობს საფუძველი, რომ ასეთი მკაცრი ღონისძიებები დაწესდეს“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანია „ენკას“ წარმომადგენლების მხრიდან საჯარო მიმართვის შემდეგ, კომუნიკაციაც ჰქონდათ.

„ჩვენ ვალდებული ვართ შევისწავლოთ ყველა განცხადება და საჩივარი. საჯაროდ მოგვმართა კომპანია „ენკას“ წარმომადგენელმა. ასევე, გვქონდა კომუნიკაციაც. დაველოდებით ოფიციალური განცხადების შემოტანას. ისინი საუბრობენ, რომ არის ზეწოლის და მუქარის ფაქტები, მათი თანამშრომლების მიმართ. ვნახავთ ამ ფაქტებს და შესაბამის უწყებებს მივმართავთ რეაგირებისთვის“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო