„საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები - უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს

„საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები განცხადებას ავრცელებენ.

მათი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს მომავალს, რის გამოც მოითხოვენ, „ხელისუფლებამ შეასრულოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და უზრუნველყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა, მშვიდობა და თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა“.

„უკიდურესად დესტრუქციული ძალები და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები მოქმედებენ ყოველგვარი სამართლებრივი თუ ეთიკური წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ და მავნებლურ ამოცანებს.

პოლიტიკურად ანგაჟირებული მცირერიცხოვანი რადიკალური ჯგუფების მიერ თბილისის ქუჩებში განხორციელებული დემონსტრაციული ძალადობა და ადამიანის შეურაცხყოფა და მათთან უშუალო კავშირში მყოფი კარგად დაფინანსებული მედიასაშუალებების მიერ საკუთარ ეკრანზე ყოველდღიურად მოწყობილი ბაკქანალია, მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზაციას და მოშლას.

იმას, რასაც საზოგადოება ხედავს ქართულ მედიასივრცეში: აღვირახსნილი პროპაგანდა,ყალბი ცნობების (FAKE NEWS) გავრცელება, ცილისწამება, ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულირება, ფსიქოლოგიური და მორალური წნეხი, მასობრივი პანიკის დათესვის მცდელობა, არაფერი აქვს საერთო ჯანსაღი კრიტიკისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებთან და ავანტიურისტი პოლიტიკოსების სოციალური და პოლიტიკური რევანშის დაუოკებელ წყურვილს ემსახურება.

არსებულ მდგომარეობას ამძიმებს პანდემია, გამწვავებული სოციალურ - ეკონომიკური ფონი და ხელისუფლების უსუსურობა განახორციელოს სახელმწიფოს სუვერენული უფლება: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს სტაბილურობა.

ვაცნობიერებთ, რომ ამგვარმა დესტრუქციულმა პროცესებმა და ხელისუფლების არაეფექტურმა მართვამ ქვეყანაში ქაოსი და განუკითხაობა შეიძლება გამოიწვიოს და მოვითხოვთ: ხელისუფლებამ შეასრულოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და უზრუნველყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა, მშვიდობა და თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა.

ჩვენ, საზოგადოების აქტიური ნაწილი, ჩვენი მხრივ, ვქმნით ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის