ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021

რამდენად სწორია ნამოხვანჰესის მოწინაღმდეგეთა არგუმენტები და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა?

რა კომპრომისზე შეიძლება ოპოზიციასთან “ოცნება” წავიდეს? - ამერიკაში მყოფი კობახიძის გზავნილი

გახარიას პარტიის ფორმულა იქნება “ოცნების დასასრული, იმედი, რწმენა, საქმე, წერტილი” - იგორ კვესელავა

* * *

რამდენად სწორია ნამოხვანჰესის მოწინაღმდეგეთა არგუმენტები და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა?

“ნამოხვანჰესთან დაკავშირებით პროტესტი პიკშია. არც რიონის ხეობის მცველები და არც მთავრობა აპირებს დათმობას. “რეზონანსი” დაინტერესდა, რამდენად გადაჭარბებულია პოზიცია ჰესის მშენებელთა და მოწინააღმდეგეთა მხრიდან, არის თუ არა სინამდვილეში კაბალური პირობები, რა მოსაზრებებია თუნდაც სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით და არის თუ არა რისკები იმ “სიმძიმის”, რასაც აქციის მონაწილეები წარმოგვიდგენენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ორი განსხვავებული მოსაზრება მოვისმინეთ. თუკი სპეციალისტების ნაწილი მომხრეა, რომ დიალოგი წარიმართოს და პროექტი სამომავლოდ შედგეს, ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოელ ინვესტორთან გააფორმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად სწორია ნამოხვანჰესის მოწინაღმდეგეთა არგუმენტები და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა? / “არანაირი ახსნა-განმარტება არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ მიუღია საზოგადოებას”.

“ამ მოზიციას ემხრობა ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომლის შეფასებითაც, პროექტი ეჭვქვეშ აყენებს როგორც გამომუშავებული ტარიფის თემას, ასევე დასაქმებასა და სასარგეობლო წიაღისეულთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც აშკარად ქართული მხარის საზიანო გადაწყვეტილებაა. “,პროექტი ნამოხვანჰესი, როგორც ნენსკრა ეკონომიკურად გაუმართლებელია. ეს ტარიფის ზრდას გამოიწვევს და მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიაც იმპორტირებულზე ბევრად ძვირი გამოვა. ეს არაფრით არ უნდა დავუშვათ. მიუღებელია ტერიტორიების გასხვისებაც, რომელსაც ჰესთან არანაირი შეხება არ აქვს და აბსოლუტურად სხვა თემაა. საპროტესტო აქციების მომხრე არ ვარ, მაგრამ ნებისმიერ ქართველს უნდა ადარდებდეს და აწუხებდეს ეს საკითხი. ამისთვის დიალოგის ფორმა სავსებიოთ მისაღებია. თურქები საუკუნეები იბრძოდნენ ამ მიწების დასაუფლებლად და ახლა დაუსაბუთებლად ვაძლევთ. ვერც ერთი მყარი არგუმენტი ვერ მოვისმინე. ტარიფის ნაწილში, 6 წელი გარანტირებულად, 3%-იანი ყოველწლიური მატებით, დენის შესყიდვა მიუღებელია, ამით საბედისწერო შედეგამდე შეიძლება მივიდეთ”, - ამბობს ჭიჭინაძე, რომლის თქმით “ჰესების მშენებლობა ნებისმიერ ქვეყანაში ხდება იმისთვის, რომ ტარიფი გაიაფდეს, აქ საპირისპიროდაა და ამიტომ ვერ დაუჭერს მხარს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცხადია, არ ვეხები ეკოლოგიას, არ ვიცი სეისმურად რა კვლევები დაიდო, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ასეთი გათვლა რეალურად არც არსებობს და ამ პერიოდშიც კი არ მაქვს სეისმოლოგების დასკვნები. მთავრობის მხრიდანაც მეტ უფრო ობიექტურობას ვისურვებდი, არავითარ შემთხვევაში არ ვარ ამ დაპირისპირების მომხრე, უფრო მშვიდ გარემოში, დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს პრობლემა, თუნდაც რეფერენდუმის ფარგლებში. ერთპიროვნულად არ უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები, რომელიც ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. ტერიტორიების გასხვისებას ვეწინააღმდეგები. რამდენი წიაღისეული უნდა გაიცეს ულიცენზიოდ! ინვესტორს ყველაფრის უფლება ეძლევა, ასევე ულიცენზიოდ ამდენი ხე-ტყე. ბევრი ისეთი დეტალია, რაც ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. წიაღისეულიდან შემიძლია დავასახელო ურანი, რომელიც ძალიან ძვირადღირებული ნედლეულია და ნამდვილად მოიპოვება იმ ტერიტორიაზე, რაც ასევე თურქული კომპანიის ხელში აღმოჩნდება. ჩვენ თვითონ მოვიპოვოთ და მოვიხმაროთ ეს ნედლეული. ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ხელისუფლების პოზიცია, არანაირი ახსნა-განმარტება არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ მიუღია საზოგადოებას, როგორიცაა ტარიფი, ტერიტორიების გასხვისება, დასაქმება, წიაღისეულების მოპოვება და სხვა. პასუხები რომ არსებობდეს, ასეთი პროტესტიც არ იქნებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ჭიჭინაძე.

“სახელმწიფოს მხრიდან ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება დაკავშირებულია ფისკალურ რისკებთან, რაზეც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას ადრეც აფრთხილებდა და ეუბნებოდა კიდეც, რომ ამ ვალდებულების შესრულება ბიუჯეტს ვალდებულებად დააწვებოდა. ნენსკრას და ნამოხვანის პროექტები იდენტურია. რისკებია გარანტირებული შესყიდვების ნაწილშიც, ტყუპებივით არის, თითქოს ერთი ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ. დასაქმების მხრივაც არ ვართ უპირატეს მდგომარეობაში. მოგებულ პოზიციაში არ ვართ. დასაქმებულების უმრავლესობა თურქები იქნებიან და ასეც რომ არ იყოს, მხოლოდ დასაქმება ღირს კი იმად, რომ ამხელა ტერიტორია გაჩუქდეს?” - დაასკვნის ჭიჭინაძე. განსხვავებულ პოზიციაზეა ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა დეტალი კომპლექსურად იყოს განხილული სპეციალისტების მიერ, რამაც კითხვის ნიშნები უნდა მოხსნას”, - დასძენს გამოცემა.

“სწორი განხილვაა საჭირო კვალიფიციური კადრების მონაწილეობით, რომლებმაც იციან ამ სექტორის სპეციფიკა, მათ შორის, ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები. ასეთი დიდი მნიშვნელობის პროექტები პოპულისტური განცხადებების დონეზე არ უნდა წყდებოდეს. რამე თუ გამოსასაწორებელია, უნდა გაირკვეს. მართლა თუ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, მთავრობამ მის გამოსასწორებლად ყველა ღონე უნდა იხმაროს. სპეციალურად ვერიდები ჩემი პოზიციის დაფიქსირებას ჰესის მშენებლობის მიმართ. ორივე მხარეს მოვუწოდებ, რომ ბრძოლიდან გადავიდეთ მუშაობაზე. ბრძოლა ადვილია, მუშაობა - რთული. რაც შეეხება წიაღისეულთან დაკავშირებულ საკითხს, სინამდვილეში ეს არის ინერტული მასალა, თუმცა არ მგონია, ახლა ამაზე ლაპარაკი იყოს. ლოგიკურად გასარჩევია დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხებიც. საერთოდ კი ყველაფერს უნდა ვაშენდებდეთ, მცირე ჰესებსაც და დიდ ჰესებსაც. ეს უნდა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით. არ არის საჭირო პროტესტით ენერგოუსაფრთხოება დავაზარალოთ, ლოგიკური დასკვნები უნდა გაკეთდეს და ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადაინაცვლონ მხარეებმა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მურმან მარგველაშვილი.

რა კომპრომისზე შეიძლება ოპოზიციასთან “ოცნება” წავიდეს? - ამერიკაში მყოფი კობახიძის გზავნილი

“მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით - ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმოყოფება. საქართველოში პოლიტიკური ვითარება არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ვაშინგტონში მყოფი “ქართული ოცნების” წევრები ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილავენ, როგორც აღმასრულებელ სტრუქტურებში, ისე კონგრესის ორივე პალატაში. უმრავლესობის წევრები შეხვდნენ ევროპის და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჯორჯ კენტს, სენატორ ჯიმ რიშს და კონგრესმენებს ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფს წარმოადგენენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ “კურიერთან” ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიწოდეს და მათთვის მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომლებსაც ვაშინგტონში ისმენენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა კომპრომისზე შეიძლება ოპოზიციასთან “ოცნება” წავიდეს? - ამერიკაში მყოფი კობახიძის გზავნილი.

“ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისისკენ და ბუნებრივია, მზად ვართ გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით და ეს პრინციპები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები. გვქონდა ყველა საკითხთან დაკავშირებით საუბრები, არჩევნების, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით და ვსაუბრობთ, ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც არჩევნებს და სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათგან რჩევების მოსმენა”, - აცხადებს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. “ქართული ოცნების” წევრი მიხელ სარჯველაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი კომპრომისისთვის დიდი ხანია მზადაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ყველა მოთხოვნას დათანხმდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სარჯველაძის შეფასებით, ვადამდელი არჩევნების უმიზეზოდ დანიშვნა და მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებში ჩარევა მართებული არ იქნება. “კომპრომისებისთვის ხელისუფლება ნამდვილად მზადაა და ეს არ არის პირველი განცხადება, იქამდეც გაკეთდა მსგავსი განცხადებები. პრაქტიკულად, ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს მსგავსი განცხადებები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავთანხმდებით ყველა მოთხოვნას, რომელიც აქვს ოპოზიციას. მხოლოდ ისეთი კომპრომისების ირგვლივ ვისაუბრებთ, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მათ შორის, ვადამდელ არჩევნების უმიზეზოდ დანიშვნა, ვფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, ასევე, არ იქნება მართებული პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ოპოზიცია ჩვენგან მოითხოვს”, - აცხადებს სარჯველაძე. “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის განცხადება კომპრომისისთვის მზაობასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის და საჭიროა, რეალური ნაბიჯები გადაიდგას. მისი შეფასებით, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქვა მეორეხარისხოვანია, უნდა ვნახოთ ნაბიჯებით - არიან თუ არა მზად იმისთვის, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაც მნიშვნელოვანია და რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა, მათ შორის, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დგამენ თუ არა ნაბიჯებს, რაც კრიზისის განმუხტვას დაგვაწყებინებს. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის საფრთხეა, არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ რაღაც შეიცვალა. თუ შეიცვლება, ძალიან კარგი”, - აცხადებს გიგა ბოკერია. “ლელოს” წევრისთვის, გრიგოლ გეგელიასთვის საგულისხმოა, რომ განცხადება კომპრომისის აუცილებლობასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში ვიზიტისას გააკეთა. თუმცა, გეგელია აღნიშნავს, რომ დიალოგის პროცესში ყინულის გალღობასა და კომპრომისს ალტერნატივა არ გააჩნია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ძალიან მრავლისმთქმელია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძეს ამერიკაში გაუნათდა გონება, რომელიც აქ ვერ გავუნათეთ მთელი ნახევარი წლის განმავლობაში. აშკარაა, რომ ვაშინგტონში ვიზიტი კარგ გავლენას ახდენს მასზე და ის ნელ-ნელა იაზრებს რა არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორების დაკვეთა, საუკეთესო ამ სახელმწიფოსთვის და ქართველი ხალხის დაკვეთა. ჯერ საკითხავია, რას გულისხმობს ბატონი კობახიძე კომპრომისში, მაგრამ ფაქტია - ყინულის გალღობას და ამ კრიზისის გადაჭრას ალტერნატივა არ გააჩნია”, - აცხადებს გრიგოლ გეგელია. “გირჩის წევრის” იაგო ხვიჩიას თქმით კი ნაადრევია ამ თემის განხილვა იქამდე, სანამ არ დაზუსტდება რას მიიჩნევს “ქართული ოცნება” კომპრომისად”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ხშირად ამბობს კობახიძე და ზოგადად, ხელისუფლება, რომ კომპრომისებისთვის მზად არიან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ ისევ ერთი და იგივე გვესმის - რომ კომპრომისი არის ეს და ამის იქით არ იქნება და ა.შ. პრობლემა იმაშია, რომ ვერაფერს გაიგებთ ამ განცხადებიდან. ადრეც იძახდნენ, რომ სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მერე რაღაც სხვა რაღაცის დაცვით. ამიტომ, სანამ არ გავიგებთ ფიზიკურად რაზე საუბრობენ, რა არის მათი მხრიდან კომპრომისი, განსხვავებული, რაც აქამდე არ ყოფილა, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დასკვნის გაკეთება”, - თვლის იაგო ხვიჩია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

გახარიას პარტიის ფორმულა იქნება “ოცნების დასასრული, იმედი, რწმენა, საქმე, წერტილი” - იგორ კვესელავა

გიორგი გახარიას პარტია არ იქნება შექმნილი არც “ქართული ოცნების” და არც ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს პარტია იქმნება ქართული საზოგადოების პოლიტიკური აზრის გათვალისწინებით, რომელიც ელოდება, რომ ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან და განვითარდეს - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამოაზრეების მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას, რომლებმაც უკვე გააკეთეს განაცხადი, რომ გადადიან გახარიასთან ერთად ახალი პარტიის მშენებლობის ეტაპზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახარიას პარტიის ფორმულა იქნება “ოცნების დასასრული, იმედი, რწმენა, საქმე, წერტილი” - იგორ კვესელავა.

“ჯერ კიდევ 2019 წელს ვამბობდი, რომ “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებს მოიგებს, მაგრამ 2024 წლამდე შეიძლება ვერ დარჩეს, რადგან “ოცნებამ” ამოწურა თავისი პროგრამა მინიმუმი და ვერ განახორციელა პროგრამა მაქსიმუმი. იმასაც ვამბობდი, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება ახალი სუნთქვა და ახალი სახე. არ გამოვრიცხავდი, რომ ეს ახალი ძალა შეიძლება ისევ “ოცნების” წიაღში შექმნილიყო. რა თქმა უნდა “ოცნება” გრძნობს საფრთხეს, რომ “ნაციონალები” კი არა მათი პოლიტიკურ მოწინააღმდეგე იქნება ის ძალა, რომელიც ახლა მოდის. “ოცნების” შეცდომა ის არის, რომ წინ არ იხედებიან, ჰგონიათ, რომ რაც დღეს არის, აღარ უნდა გადაიხედოს. გახარიას პარტია არ იქნება არც მეორე და არც მესამე ძალა. ის იქნება პირველი პარტია, რომელიც იბრძოლებს ძალაუფლების ხელში ასაღებად და ხელისუფლებაში მოსასვლელად. გახარია ხმებს არავის არ წაართმევს, ის ხმებს მოიპოვებს. დიდი მადლობა, რაც “ოცნებამ” გააკეთა, მაგრამ მან ამოწურა თავისი შესაძლებლობა. ქართულ საზოგადოებას სჭირდება განახლება და იმ კრიზისიდან გამოსვლა რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ამიტომ მოდის ეს ძალა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“გახარიას პარტია არ იქნება არც სათადარიგო გუნდი “ბ”, არც “ოცნების” და არც ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტია. ის იქნება “ა” კლასის პარტია და იქნება მხოლოდ ქართული საზოგადოების პოლიტიკური აზრის გათვალისწინებით. არა მხოლოდ ოპოზიციას, ყველას მინდა ვუთხრა, რომ გახარია დიდი ხანია გამოსულია ივანიშვილის აჩრდილიდან. “ოცნებას” სულ ვეუბნებოდი, რომ ისინი უნდა გასულიყვნენ ხალხში, მაგრამ ვხედავთ, რომ “ოცნება” ვერ გახდა ხალხოსანი პარტია. იმედი მაქვს, რომ გახარია ხალხში გავა. მის პარტიაში აუცილებლად უნდა იყვნენ ყველა თაობისა და ეროვნების ადამიანები. გახარიას პირველი განცხადებებიდანაც გამოჩნდა, რომ მას სურს ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, რადიკალიზმი და გააკეთოს საქმე. ანუ, ჩემი აზრით იქნება ასეთი ფორმულა “ოცნების დასარული: იმედი, რწმენა, საქმე, წერტილი - გახარია”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მოასწრებს ახლად შექმნილი პარტია მონაწილეობის მიღებას ადგილობრივ არჩევნებში?” - პასუხობს:

“ პარტიის შექმნას დროს სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მალე მოხდება. რა თქმა უნდა, ახალმა პარტიამ გახარიას თაოსნობით მონაწილეობა უნდა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში, რადგან ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი არაჩევნები, და აქ უნდა აჩვენოს გახარიამ თავისი ძალა. არ გამორიცხავ, რომ სწორედ თვითმმართველობის რჩევნების შემდეგ დადგეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი”.

“რაც შეეხება ქვეყანაში ოპოზიცია რომ უნდა იყოს, ამაზე არავინ დავობას, მაგრამ უნდა იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელსაც ხელში ხმალი კი არა, აზრი ექნება. ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას ხალხი არ ენდობა და ამიტომაც ვერ გამოჰყავთ აქციებზე, ასე იქნება 15 მაისსაც. ოპოზიცია დღეს ფართხალებს და ალბათ მალე დაიშლება, რადგან საზოგადოება დაიღალა რადიკალიზმისგან, ეს უნდა დასრულდეს”, - დასძენს იგორ კვესელავა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით