დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, მენაბდის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ კი, მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმით, გიორგი მენაბდემ სისხლიანი ტანსაცმელი გარეცხა, თუმცა, ექსპერტიზამ სისხლის დადგენა მაინც შეძლო.

მირიან მეგრელიშვილის თქმით, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენება მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, „ბარბაქაძე აქამდეც ამბობდა, რომ მენაბდე სარალიძეს ურტყამდა, ახლა კი ამ საგანს სახელი დაარქვა და თქვა, რომ დანას ურტყამდა".

ადვოკატ დავით დადიანის განცხადებით კი, მენაბდე უდანაშაულოა. ადვოკატის თქმითვე, გუგა ბარბაქაძემ რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, „6 აპრილს გაიღვიძა და თქვა, რომ გიორგი მენაბდეს ხელში დანა დაუნახა".

დადიანის განცხადებით, მთელი 3 წლის განმავლობაში, გიორგი მენაბდეს ქვეყნიდან წასვლის საშუალება ჰქონდა, თუმცა, მას ეს არ გაუკეთებია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაურეკეს და უთხრეს, რომ აცრასთან დაკავშირებით უნდა დალაპარაკებოდნენ და ასე დაიჭირეს.

დადიანი ეჭვქვეშ აყენებს მსჯავრდებულ ბარბაქაძის ჩვენებას. ის დაინტერესდა, თუ რატომ დაკითხეს ბარბაქაძე მაშინ, როცა მას არაერთხელ აქვს ჩვენება მიცემული და სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაშია შესული.

პროკურორის განცხადებით კი, ამ წლების განმავლობაში გამოძიება არ დასრულებულა და ბარბაქაძის გარდა, ბოლო ერთ თვეში ათამდე პირი დაიკითხა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა