სანდრო თვალჭრელიძე - “ხელისუფლებას დიდი პრობლემა აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობაში”
ყველაფერი ლოკდაუნისკენ მიდის - დადებითობის მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს გადაცდა
თენგიზ ფხალაძე - “რუსეთს საქართველოში რისი გაკეთებაც სურდა, ყველაფერი გააკეთა და ამაში თავად შევუწყვეთ ხელი”
თუ “ოცნება” ზღვარს 50%-მდე აწევს, ოპოზიციამ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს - ჩიტაძე
ბადრი ჯაფარიძე - “დროა გახარიამ უამბოს საზოგადოებას ჩვენთვის გამოგზავნილი მუქარის წერილის ამბავი, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “ხელისუფლებას დიდი პრობლემა აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობაში”
“დანიელსონის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკების ჩაშლის მერე გაბრაზებულ გულზე საჯაროდ იმგვარად შევაფასე ეს პროცესი, რაც არ მახასიათებს. კერძოდ, “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში მთელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები შეზღუდული პოლიტიკური უნარ-ჩვევების მქონეებად მოვიხსენიე და დღემდე ამ აზრზე ვარ. ვფიქრობ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერავინ, მათ შორის ვერც “ქართული ოცნების” ლიდერები, ვერ არჩევენ პოლიტიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას ერთმანეთისგან. ჭადრაკის პარტიას თუ შევადარებთ, ჩვენს პოლიტიკოსებს ორი სვლის ზედიზედ გათვლაც არ შეუძლიათ. პროცესების ლოგიკა თავიდანვე ცხადყოფდა, რომ “ქართულ ოცნებას” მოუწევდა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა. დანიელსონის ვიზიტის დროსვე რომ მოეწერათ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა მათთვისაც და პოლიტიკური პროცესისთვისაც, მაგრამ ეს არ გააკეთეს, რისი მიზეზიც ისევ და ისევ მათი პოლიტიკური ახლომხედველობაა, სტრატეგიულად არასწორად გათვალეს საკუთარი ნაბიჯი”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას დიდი პრობლემა აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობაში”.
“რა თქმა უნდა, ამერიკაში კობახიძის ვიზიტმაც ითამაშა როლი ამ ბოლო გადაწყვეტილების მიღებაში. დიდი ალბათობით, იყო იმგვარი მოლაპარაკება, რასაც ეს შედეგი მოჰყვა. ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. თუ ისევ გაჯიუტდნენ და დაიჟინეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ვფიქრობ, საბოლოოდ დაკარგავენ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას. ახლა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც მთელი ზეწოლა მათზე იქნება - თუ ოპოზიცია არ წავა დათმობაზე, ის დაკარგავს დასავლეთის თანადგომას. უცხოელი მოკავშირეები ოპოზიციის ქცევაში ბევრ რამეს უკვე ეჭვით უყურებენ. “ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარემ ნიკა მელიას საქციელი პროვოკაციადაც კი შეაფასა. პოლიტიკური თვალსაზრისით მელიას გათავისუფლება შეიძლება სწორიც იყოს, მაგრამ არ არსებობს მისი გათავისუფლების ერთმნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი. “ქართული ოცნება” აცხადებს, არ ვერევი სასამართლოს გადაწყვეტილებებშიო და ვერავინ შეედავება. სხვა საქმეა, რეალურად რა ხდება. ისე კი დიდი პრობლემა რომ არის სასამართლო სისტემაში, ეს დანიელსონის დოკუმენტშიც აისახა. თუ მოხდება 20 ივნისის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულთა ამნისტია, ეს კიდევ ცალკე თემაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ის, რაც მელიამ გააკეთა, სამაჯურის მოხსნას ვგულისხმობ, რიგით მოქალაქეს რომ გაეკეთებინა, არ აგებინებდნენ პასუხს? - რა თქმა უნდა, აგებინებდნენ, ამიტომ ამ თემაზე დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა და მეტი არაფერი. ჩვენი პარტნიორები, მერწმუნეთ, ქართველ პოლიტიკოსებზე უკეთესად ხედავენ იმას, რაც ჩვენთან ხდება... როცა შეზღუდულ პოლიტიკურ უნარ-ჩვევებზე ვლაპარაკობდი, ამის დასტურია ისიც, რომ ოპოზიციამ 15 მაისის აქცია მანამ დააანონსა, ვიდრე დანიელსონი მეორედ ჩამოვიდოდა. არანაკლები შეცდომა დაუშვა “ქართულმა ოცნებამაც” იმის ლაპარაკით, ისეთი სუსტები არიან, ხალხის მობილიზაციისთვის ორი თვე სჭირდებათო. არადა, მათთვის პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი იქნებოდა ეთქვათ, რადგან ოპოზიცია აქციას დანიელსონის ჩამოსვლამდე აანონსებს, ესე იგი შეთანხმებაზე წამსვლელები არ არიანო. ეს ხომ პოლიტიკური კულტურის ელემენტარული დეტალებია. თუმცა არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ამის დამნახავი კაცი არ გამოჩნდა, რაც გასაოცარია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან ერთად პატარა პარტიები თავის პარტიზანებს, ანუ აქტიურ მხარდამჭერებს გაჰყვანენ ქუჩაში, ალბათ, რეგიონიდან რეგიონშიც ატარებენ, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ გვერდით არ დაუდგება. ხომ ნახეთ, ბოლო კვლევებში გამოკითხულთა 70% ეუბნება ოპოზიციურ პარტიებს, შედით პარლამენტშიო. ქვეყანაში მასშტაბური აქციების გამართვისა და არეულობისთვის არავითარი რესურსი არ არსებობს. გაცილებით უფრო სახიფათოა ისეთი აქციები, რაც “ნამოხვანჰესის” გამო იმართება. ეს აქციები არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. სხვა საქმეა, ვისგან და რა ტექნოლოგიებით არის მართული. მაგრამ ამ აქციებზე გასული მოქალაქეების დიდი უმრავლესობა გულწრფელია”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“გახარიას პრემიერობიდან გადადგომის განცხადებიდან, ალბათ, 3 წუთში უკვე ვიცოდი, რომ ის აუცილებლად შექმნიდა პარტიას. გახარიას საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური იმიჯი აქვს, არ არის ანგაჟირებული და ძალიან საინტერესოდ აანალიზებს მოვლენებს. ის “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიებში კი მონაწილეობდა, მაგრამ პარტიის იდეოლოგი არასდროს ყოფილა. გახარია ტექნოკრატია და ზუსტად ამგვარი ტიპის მთავრობა სჭირდება საქართველოს. მხოლოდ ტექნოკრატიულმა გუნდმა შეიძლება მოახერხოს საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდაცია და ამომრჩევლის იმ ნაწილის გააქტიურება, რომელიც დღესდღეობით ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი და არჩევნებზე აღარ დადის. ამ ხალხის გულის მოგება გახარიას შეუძლია, რომელმაც, ჩემი აზრით, ერთი ჭკვიანური რამ გააკეთა - საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც მოახერხა, მაჟორიტარებად თავისი ხალხი გაიყვანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა სწორედ გახარიას ფენომენმა შეიძლება გააჩინოს”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “რას გულისხმობთ?” - პასუხობს:
“ჩემი აზრით, გახარიას გუნდი თავის ძალას გამოცდის თვითმმართველობის არჩევნებზე და ურიგო შედეგსაც არ მიიღებს. ამის მერე, ვფიქრობ, იმ საპარლამენტო გუნდით, რაც ნელ-ნელა იკვეთება, ის საკანონმდებლო ორგანოში ისე იმუშავებს, რომ დაშლის უმრავლესობას, რაც ავტომატურად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 2022 წელს ჩატარების აუცილებლობას. თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ უფრო მეტად მომაგრება გადაწყვიტოს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აქციოს წარმატების სამიზნედ. ვნახოთ, მას პოლიტიკური მანევრისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. ძალიან კარგია, რომ ის ჯერჯერობით გაჩუმებულია, ბექა ლილუაშვილსაც თუ გააჩუმებს, კიდევ უკეთესი იქნება. რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ გახარიას ახალი პარტია შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს, ამაზე დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი...”.
“შესაძლებელია გახარიას მობილიზებულ თანხებში იყოს ივანიშვილის ფინანსების წილიც, თუმცა, ჩემი აზრით, ივანიშვილისგან არც მასშტაბური დაფინანსება იქნება და არც პოლიტიკური მხარდაჭერა. მე იმასაც ვუშვებ, რომ გახარია დამოუკიდებლად მოქმედებდეს. პრემიერობისას ის იყო ერთადერთი ამ თანამდებობაზე, რომელიც პირდაპირ არ იყო მიბმული ივანიშვილზე, ის ხშირად ატარებდა იმ პოლიტიკას, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა. რა თქმა უნდა, კომპრომისზეც მიდიოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. მაგალითად, პანდემიის მართვისას მისი სწორი პოლიტიკა იმაში გამოჩნდა, რომ ის უსმენდა ეპიდემიოლოგებსა და ინფექციონისტებს. საუბედუროდ, ახლა ნაკლებად უსმენენ მათ და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ გახარიას პრემიერმინისტრობაც, მისი სიხისტეც და სირბილეც, როდესაც საჭირო იყო, მან შეცდომებიც დაუშვა, მათ შორის მძიმეც, მაგრამ უშეცდომობა და სრულიად სუფთა კაცი პოლიტიკაში არ არსებობს. ვფიქრობ, მას მოუწევს ალიანსებზე წასვლა კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებთან თუ ძალებთან, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს თუ არა. ამას მისგან პოლიტიკური პრაგმატიზმი მოითხოვს. მას აქვს ქვეყნის მმართველისთვის აუცილებელი თვისებები. მიმაჩნია, რომ გახარია გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“საქართველოში ამომრჩეველი ხმას უფრო პარტიის ლიდერს აძლევს და არა იდეოლოგიას, შესაბამისად, ლამის მითოსურ ვითარებას ვიღებთ შედეგად. მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი ხმას აძლევს უპირველესად მიშას, რომელიც უკრაინაშია და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ვერ მონაწილეობს. თავის მხრივ, “ოცნების” მხარდამჭერები ჯერ კიდევ ხმას აძლევენ ბიძინა ივანიშვილს, არადა, აშკარაა, რომ მას აღარ აინტერესებს “ქართული ოცნება” - კაცმა პირდაპირ თქვა, რომ ამ პარტიამ თავისი რესურსი ამოწურა და უნდა მოვიდეს სხვა, ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მას ჩაანაცვლებს. დღეს “ქართულ ოცნებაში” არის რამდენიმე ლიდერი და ერთფეროვანი მასა, რომლის წევრებიც სიამოვნებით გაიქცევიან სხვა პარტიაში, სადაც პერსპექტივას დაინახავენ. ამ ხალხს ძალაუფლების გარდა, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. მაგალითად, თუ დაინახეს, რომ გიორგი გახარია იგებს არჩევნებს, სიამოვნებით მიეკედლებიან, ფულსაც მისცემენ და სხვა დახმარებასაც შესთავაზებენ”, - თვლის ექსპერტი.
“რაც შეეხება “ნამოხვანჰესის” ხელშეკრულებას, მასზე სალაპარაკოდ ამ დოკუმენტის სრულად წაკითხვა მჭირდება, 450-ივე გვერდის. რაც გამოქვეყნდა, ფრაგმენტია, რომლის მიხედვითაც ვერაფერს ვიტყვი. მოგეხსენებათ, მე ვმონაწილეობდი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, როგორც მასპინძელი ქვეყნის, ასევე ძირითადი ხელშეკრულების მომზადებაში, ვიცი, როგორ დგება ამგვარი ხელშეკრულებები და სად არის წყალქვეშა ლოდები ჩადებული. ის, რაც გამოქვეყნებულია, იმის მიხედვით პროფესიული დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ საბჭოს მუშაობაში ჩავერთო. რაც შეეხება მართულ კამპანიას, გეტყვით, რაც ვიცი და რასაც პირადად შევესწარი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებისას. იმჟამად სხვადასხვა დონეზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით გაერთიანებულ სამეფოსთან და ამ პროცესში მოხდა თითქოს ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის იდენტიფიცირება, რომლებსაც ბრიტანეთთან კავშირი არ ჰქონდათ, არაპირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებოდნენ და პროექტის საწინააღმდეგო კამპანიისთვის 20 მილიონ დოლარს იღებდნენ”, - განმარტავს სანდრო თვალჭრელიძე.
“ვფიქრობ, დღესაც იგივე ხდება. თანაც დარწმუნებული ვარ, დაფინანსება ბევრად გაზრდილია და მისი დიდი ნაწილი ნებისმიერი ძლიერი პროექტის ჩასაშლელად მიდის. რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში არ განხორციელდეს მძლავრი ენერგოპროექტები და ჩვენი ქვეყანა რუსეთის ენერგომონად დარჩეს. ამ კამპანიისას თამაშობენ რიგითი მოქალაქეების ნერვებზე იმის ლაპარაკით, რომ კაშხალი მიწისძვრას ვერ გაუძლებს, რომ ყველაფერი წაილეკება და ა.შ. არადა, მიწისძვრების დროს ყველაზე მაღალი მედეგობა სწორედ კაშხლის ნაგებობებს აქვთ, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ყველა რისკი გათვლილი და დაზღვეული. ნებისმიერი ამგვარი პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შესწავლა, ასევე გეოლოგიური და სხვა დასკვნების გაცნობა. ხელაღებით ბრძოლა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ დიდი შეცდომაა. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენს ხელისუფლებააქვს დიდი პრობლემა საზოგადოებასთან ურთიერთობაში. არავინ უხსნის მოქალაქეებს, რა ხდება. არავითარი სტრატეგია საამისოდ მთავრობას არა აქვს. ასევე ვერ ვხედავთ, რომ ზომებს იღებდნენ უცხო ქვეყნიდან მართული კამპანიების საწინააღმდეგოდ, რაც ასევე დიდი შეცდომაა”, - დასძენს თვალჭრელიძე.
ყველაფერი ლოკდაუნისკენ მიდის - დადებითობის მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს გადაცდა
“კვირას, 18 აპრილს კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი, რამდენიმე თვის მეტ-ნაკლები სტაბილურობის შემდეგ, პირველად ასცდა 4%. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადების მიზეზი გახდეს. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, დადებითობის მაჩვენებლის გარდა, ლოკდაუნის აუცილებლობა კიდევ ორი ინდიკატორით განისაზღვრება - ესენია ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე და რეპროდუქციულობის ინდექსი. 18 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 18 822 ტესტი ჩატარდა და აქედან 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, დადებითობის მაჩვენებელმა 4.35% შეადგინა. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ როდესაც კორონავირუსის დადებოთობის გამოვლენის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება, დღის წესრიგში დადგება ახალი ლოკდაუნის გამოცხადება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ყველაფერი ლოკდაუნისკენ მიდის - დადებითობის მაჩვენებელი კრიტიკურ ზღვარს გადაცდა.
“მიდგომა რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა - როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდება, ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ დავიწყოთ ლოკდაუნზე საუბარი, დახურვებზე საუბარი, გამკაცრებებზე საუბარი, ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით, კვლავ ეპიდსიტუაციას ვაკვირდებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება”, - აცხადებს მინისტრი. პაატა იმნაძის თქმით, “ტენდენცია ცუდია. ყველამ პირბადე უნდა ატაროს და დაიცვას რეგულაციები. უარი თქვას დიდი სუფრებზე”. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხსენებული ინდიკაციების დღევანდელი მონაცემებზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ტენდენცია მზარდია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ინციდენტობა ესაა საშუალოდ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამ წუთისთვის ამის ზუსტი მაჩვენებელი რამდენია, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ მზარდია და ბოლო კვირებში აღინიშნება ინციდენტობის ზრდა და ასევე ყველა იმ მნიშვნელოვანი მარკერის გაუარესება, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია უფრო იძაბება. თუ ჩვენ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი გვექნება და ეს ერთი კვირა და მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელებაა და შესაძლებელია მერე მივიდეთ იმ სცენართან, როგორიც შემოდგომა-ზამთარში იყო. ამიტომ უკვე ეს იქნება ჩვენება იმისი, რომ ლოკდაუნი გამოცხადდეს, ან მკაცრი რეგულაციები გატარდეს, რასაც ლოკდაუნის ეფექტი ექნება. თუმცა, იმედია, რომ ეს საქართველოში არ იქნება. ამისთვის მოსახლეობამ უნდა დაიცვას რეკომენდაციები და ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაწესდეს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
“რეპროდუციულობის ინდექსი დაავადების გადამდებლობას ნიშნავს, ანუ ერთ ადამიანს საშუალოდ რამდენი ადამიანის ინფიცირება შეუძლია. სხვადასხვა ვირუსს სხვადასხვა ინდექსი აქვს. კორონავირუსის რეპროდუქციულობის ინდექსი გრიპისას აღემატება, მაგრამ წითელას ჩამორჩება. მაგრამ ეს იცვლება და დამოკიდებულია დაავადების გავრცელებაზე და ეპიდსიტუაციაზე. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში ახალი შტამი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი გავრცელება ახასიათებს, ვიდრე კლასიკურ შტამს, რომელიც ადრეულ პერიოდში ცირკულირებდა. ამ ინდიკაციების დღევანდელი ზუსტი მაჩვენებელი არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ გაუარესება ყველა მაჩვენებლით გვაქვს და იმედია, რომ ეს კრიტიკულ ზღვარზე არ მივა, რომ მოვლენები ცუდი სცენარით განვითარდეს”, - ამბობს გოგინავა.
“ჩემი აზრით დიდი ალბათობით 4%-იან მაჩვენებელს და ალბათ სხვა მარკერების გაუარესებას მივუახლოვდებით, მაგრამ ამ ეტაპზე შესაძლებელია, რომ უფრო მსუბუქი და წერტილოვანი შეზღუდვებით და აქტიური კამპანიით რომ ადამიანებმა რეკომენდაციები დაიცვან, ჩვენ შევძლოთ და არ მივიღოთ ის, შედეგები, რაც შემოდგომაზე გვქონდა”, - მიიჩნევს ინფექციონისტი. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ამჯერად ლოკდაუნის შემოღება გაცილებით უფრო მძიმე ეფქტი ექნება, ვიდრე წინა პერიოდებში იყო, რადგან ყველანაირი რესურსი ამოწურულია”, - დასძენს გამოცემა.
“მაჩვენებლები მატულობს, ეს გასაგებია, მაგრამ ლოკდაუნის შემოღება ალბათ ის ზომაა, სადამდეც არ უნდა მივიდეთ და ამოცანა უნდა იყოს არა იმაზე ფიქრი, თუ ლოკდაუნი როდის შემიოვიღოთ, არამედ იმაზე, თუ საერთოდ როგორ არ შემოვიღოთ. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მისი ეფექტი გაცილებით უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ეს ადრე იყო, რადგან აბსოლუტურად ყველა რეზერვი ამოწურულია - ეკონომიკური, სოციალური კუთხით, ადამიანების დამოკიდებულებით. მკვეთრი ეროვნული მასშტაბის მობილობის შეზღუდვები რომც შემოვიტანოთ, მოქალაქეების მხრიდან დამყოლობა მაინც ნაკლები იქნება და პროტესტი კი გაცილებით მაღალი. შესაბამისად, ის ეფექტი არ ექნება, რომ ეპიდემიის გავრცელება შევაჩეროთ”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.
“ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ლოკდაუნი საერთოდ თავიდან ავიცილოთ. ამისათვის მოსახლეობამ და მათ შორის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. შეიძლება თვითონ აფეთქების კერაში ცალკეული ღონისძიებები გაატარო, მაგრამ ეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებებია. მოქალაქეებისთვის მნიშვნელობა ინდექსებს არ უნდა ჰქონდეთ, ეს ტექნიკური საკითხებია, რომლებსაც ექსპერტები განიხილავენ და ამის მეშვეობით მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებებს. შემთხვევები მატულობს და მატულობს და მომავალშიც მოიმატებს, თუ არ მივიღებთ იმ ზომებს, რაც აღვნიშნე”, - დაასკვნის ზოიძე.
თენგიზ ფხალაძე - “რუსეთს საქართველოში რისი გაკეთებაც სურდა, ყველაფერი გააკეთა და ამაში თავად შევუწყვეთ ხელი”
“ძალიან კარგია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელი მოაწერა დანიელსონის დოკუმენტს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს პარტნიორებს როგორც ევროკავშირიდან, ასევე ამერიკიდან. უთუოდ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტმა დაარწმუნა გუნდი, რომ დანიელსონის ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა. იმედია, ოპოზიციაც პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხს. ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური სპექტრის ზრუნვა განვითარებისთვის, რეგიონში არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ამისთვის კი საჭიროა თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია. ხელმოწერა ხელმოწერისთვის ვერაფერს უშველის. აუცილებელია საქმეც. ხელმომწერმა მხარეებმა თავი შეიკავონ ორმაგი ინტერპრეტაციებისგან. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია კრიზისიდან გამოსვლისთვის”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთს საქართველოში რისი გაკეთებაც სურდა, ყველაფერი გააკეთა და ამაში თავად შევუწყვეთ ხელი”.
“დოკუმენტი იძლევა ყველა თემაზე მსჯელობის საშუალებას. ეს დოკუმენტი პირდაპირ არ გვეუბნება, რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ არც გამორიცხავს. ისევე როგორც ევროკავშირი არ გვეუბნება, უნდა ჩავატაროთ თუ არა. პარტნიორები ყოველთვის გვეუბნებიან, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენ. ეს დოკუმენტი იძლევა სერიოზული რეფორმების გატარების შესაძლებლობას. ახლა მთავარია, ორივე მხარემ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, იხელმძღვანელოს სწორედ დოკუმენტით და გამორიცხოს ვალდებულებისგან თავის არიდება. თუ გვსურს ვიყოთ ევროპელები, ევროპელებივით უნდა მოვიქცეთ. სხვანაირად ქვეყნის პერსპექტივა იქნება არასახარბიელო. ძლიერი სახელმწიფო ბევრ სხვა რამესთან ერთად ძლიერ ინსტიტუციებს ნიშნავს. როდესაც ინსტიტუციები არ ან ვერ ფუნქციონირებენ, სახელმწიფო სუსტდება. დასუსტებული საქართველო ხელს აძლევს რუსეთს, განსაკუთრებით იმ ცვლილებების ფონზე, რაც კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ხდება. ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში და იმის მაგივრად, საფრთხეებზე ვიმსჯელოთ, არაფრის მომტან კინკლაობაში ვხარჯავთ დროსა და რესურსს. უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც გვითხრა დანიელსონმა, კომპრომისი არ არის სისუსტე, კომპრომისი ძლიერებაა. ახლა კომპრომისი სჭირდება ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ ორივე ძალა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრად ვალდებულია დათმობაზე წავიდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“ის, რაც უკრაინის ტერიტორიაზე ხდება, არ არის ჩვეულებრივი სამხედრო მანევრი, რუსეთს ძალიან კარგად გააზრებული ამოცანა აქვს, რომლის გადაჭრასაც სამხედრო გზით აპირებს. ეს ძალიან სერიოზულ ძვრებს გამოიწვევს რეგიონში. იმედია, ამ ინტერვიუს გამოსვლისას ჩვენი ელჩი უკვე უკრაინაში იქნება. თუმცა მხოლოდ ელჩის უკრაინაში გაგზავნა არ წყვეტს საკითხს. ვიმეორებ - უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება. როგორ შეიძლება არ მუშაობდეს უსაფრთხოების საბჭო? როგორ შეიძლება 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდეს კონსულტაციები ჩვენს პოლიტიკოსებს ან უწყებებს შორის? როგორ შეიძლება არ ვამუშავებდეთ ომის დაწყების სცენარს, როდესაც ის შეიძლება ყოველ წამს დაიწყოს? სადაც ეს სცენარები უნდა მუშაობდეს, ის უწყება დღეს უფუნქციოა. აი, ეს არის პრობლემა. კარგია, რომ უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კომუნიკაცია შედგა, მაგრამ ერთია კომუნიკაცია და მეორე - საფრთხეების პრევენციაზე მუშაობა. ამ მიმართულებით მუშაობაა საჭიროა არა მარტო უკრაინასთან, არამედ შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ნატოსთან”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა ახალი არხის გაჭრაზე შავ ზღვაში. მე ვესწრებოდი 2019 წელს ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტის პატრონაჟითა და შეერთებული შტატების ჩართულობით გამართულ შეხვედრას. სადაც საუბარი იყო სწორედ ახალი არხის გაჭრაზე. სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ ჩართული ასეთი სტრატეგიული საკითხების დაგეგმვასა და განხილვაში. ეს მხოლოდ თურქეთისთვის კი არა, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. თურქეთი მონტრეს კონვენციიდან კი არ გადის, უბრალოდ, თუ ახალი არხი გაიჭრება, მასზე მონტრეს კონვენცია ვერ გავრცელდება. შესაბამისად, ახალი არხის გაჭრა იმ შეზღუდვებისგან თავის არიდების შესაძლებლობას გააჩენს, რაც ახლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში მოქმედებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი უკვე ძალიან აძლიერებს შავი ზღვის ზონის მილიტარიზაციას. უზარმაზარ რესურსებს დებს ამ საქმეში. ამიტომ უკვე კრიტიკულად აუცილებელია რუსული სამხედრო ძალის შემაკავებელი მექანიზმის ამუშავება. მივესალმებოდი, რომ ამ საკითხზე არა მარტო თურქეთი, საქართველოც მსჯელობდეს”, - ამბობს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი.
“თურქეთი მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებებით კი არა, უკრაინას საფუძვლიანად ეხმარება იარაღით, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. თავის მხრივ, არც ბაიდენის განცხადებები რჩება მხოლოდ განცხადებებად. ამაზე მეტყველებს რამდენიმე დღის წინ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო შორსაც არის წამსვლელი. ვითარება ძალიან სერიოზულია. საქართველოს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს როგორც ეს ვითარება, ასევე ახალი არხის მშენებლობა. თუმცა ამისთვის პროცესებში ჩართვაა საჭირო. ახლა რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა სამხედრო ოპერაციით სეპარატისტული დონბასის რეგიონიდან ყირიმზე დერეფნის გაჭრა, რადგან თავისი მიზნებისთვის მხოლოდ ქერჩის ხიდი არ ჰყოფნის. ეს არის რუსეთის პროგრამა-მინიმუმი. აზოვის ზღვა უკვე ჩაკეტა და დაწყებული აქვს სამზადისი”, - განმარტავს თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “რამდენად შესაძლებელია პროგრამა-მინიმუმის შესრულების შემდეგ ჩვენი ჯერიც დადგეს?” - პასუხობს:
“რუსეთს საქართველოში რისი გაკეთებაც სურდა, ყველაფერი გააკეთა და ამაში თავად შევუწყვეთ ხელი. იარაღის გარეშეც მშვენივრად აღწევს მიზანს. რისი გაკეთება სურს? საქართველოს დასუსტება! იმისგან ნამდვილად არა ვართ დაზღვეული, რომ ხვალ-ზეგ რუსეთი სამხედრო ძალით არ შემოიჭრება, თუმცა დღეს ეს არ სჭირდება. ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ანექსირებული ყირიმი, ჩრდილო კავკასია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს მოქცეული ჰყავს ერთი სამხედრო ხელმძღვანელობის მმართველობაში, რომელსაც ჰქვია სამხრეთის სამხედრო ოლქი. როგორც წესი, ისინი სამხედრო წვრთნებს ყველა შემადგენლის ჩართულობით ატარებენ. ახლა ჩვენს ტერიტორიაზეც მიმდინარეობს რუსული ჯარის სამხედრო წვრთნა. უკრაინაში რუსეთის წარმატება ნიშნავს, რომ თუ ხვალ საქართველოში მოუნდება დერეფნის გაჭრა, უკრაინაში მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებს”.
“თავად ის, რომ საქართველოში ნაბრძოლი 58-ე არმია ახლა უკრაინაშია, ბევრს ნიშნავს. არც ის არის გამორიცხული, ბოევიკები, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან, ხვალ აქ, საქართველოში ვიხილოთ! პუტინი ისეთი ტიპის მმართველია, რომელსაც შეუძლია საკუთარი ხალხის გულის მოსაგებად პატარა ომი წამოიწყოს მეზობელ ქვეყანასთან. რუსეთის დუმის არჩევნები ახლოვდება და საფრთხე მით რეალურია. ამ დროს საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია უკვე იმდენი ხანია არ განახლებულა და იმდენად შორს არის დღევანდელი რეალობისგან, რომ მასზე სერიოზული მსჯელობაც კი არასერიოზულია”, - დასძენს ფხალაძე.
თუ “ოცნება” ზღვარს 50%-მდე აწევს, ოპოზიციამ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს - ჩიტაძე
“მმართველი პარტია პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ დათანხმდება და ამიტომ ოპოზიციამ მოლაპარაკებისას ადგილობრივ არჩევნებზე ე.წ. 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპზე უნდა გააკეთოს აქცენტი. ამის შესახებ “რეზონანსს” ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, რომლის აზრითაც ოპოზიციამ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შთანხმებას საბოლოოდ ხელი უნდა მოაწეროს, ოღონდ “გარკვეული დათქმებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თუ “ოცნება” ზღვარს 50%-მდე აწევს, ოპოზიციამ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს - ჩიტაძე.
“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს “ქართულმა ოცნებამ” პარასკევს მოაწერა ხელი. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია წელს თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი განიხილავენ ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც ჩიტაძე აღნიშნავს, ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც დოკუმენტს ხელს არ აწერს, ფიქრობს, რომ დანიესლონის დოკუმენტში მათი მთავარი მოთხოვნები გათვალიწინებული არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აქ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ალბათ ისაა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანაა. ამ შემთხვევაში ისინი თვლიან, რომ დანიელსონის დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა გათვალისწინებული არაა. ეს შეიძლება იყოს ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ აწერს ოპოზიცია ხელს ამ დოკუმენტს. თალაკვაძის წინადადებაა, რომ თუ თვითმართველობის არჩევნებში სახელისუფლო პარტია 40%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებები ამ მიმართულებით უნდა წარმართოს. უბრალოდ, რაღაც კონკრეტული მოთხოვნა უნდა ჰქონდეს, რომ, მაგალითად, არა 40, არამედ 50%-ზე იყოს საუბარი და მაშინ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს. ხელისუფლება პირდაპირ არ განაცხადებს, რომ მოდით არჩევნები, ვთქვათ, 2022 წელს დავნიშნოთ. ამიტომაც მგონია, რომ საერთო ჯამში ოპოზიციის მხრიდან გარკვეული დათქმები უნდა არსებობდეს და საბოლოოდ დოკუმენტს ოპოზიციამაც უნდა მოაწეროს ხელი იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში “ქართული ოცნება” კონსტრუქციული გამოდის და ოპოზიცია - არაკონსტრუქციული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები გაიმართოს და პოლიტპატიმრები იქნან გამოშვებული. ეს არა ოპოზიციის პირადი ამბიცია, არამედ ეს ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია პირად ამბიციებს უფრო მაღლა აყენებს. ამით რა სარგებელი აქვთ? ეს ბუნებრივი მოვლენაა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნა გააჩნიათ. ჩემი აზრით, ამაში ექსტრაორდინალური არაფერია, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ დოკუმენტს მოეწეროს ხელი, ოღონდ გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ოპოზიციას ეს ყველაფერი ალბათ მოლაპარაკებებისთვის სჭირდება, რომ იქ ეს მოთხოვნა დააყენოს. იქ ეს საკითხი ცალკე პუნქტად უნდა გაიწეროს, ანუ ეს მოთხოვნა დოკუმენტურად უნდა იყოს გაფორმებული და ამ შემთხვევაში გარანტი შუამავალი უნდა იყოს დასავლელი პარტნიორებიდან”, - მიიჩნევს ჩიტაძე.
ბადრი ჯაფარიძე - “დროა გახარიამ უამბოს საზოგადოებას ჩვენთვის გამოგზავნილი მუქარის წერილის ამბავი, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო”
“როგორც ჩანს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ზეწოლის გამო “ქართული ოცნება” იძულებული გახდა მოეწერა ხელი ბატონი დანიელსონის დოკუმენტზე. რაც შეეხება იმ 2 პუნქტს, როგორც ჩანს, “ოცნება” სათანადოდ არ არის მზად, რომ იმდაგვარად შევთანხმდეთ. მოგვიწევს გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს მედიატორებთან ერთად. თალაკვაძის განცხადებები არ პასუხობს იმ ამოცანას, რომ მართლაც დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი. როგორც განაცხადა, მათ აქვთ შენიშვნები ამ 2 პუნქტის შესახებ, მაგრამ შენიშვნები ჩვენც გვაქვს”, - აცხადებს “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თალაკვაძის განცხადებები არ პასუხობს იმ ამოცანას, რომ მართლაც დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი” / “დროა გახარიამ უამბოს საზოგადოებას ჩვენთვის გამოგზავნილი მუქარის წერილის ამბავი, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო” / “გახარია არის ივანიშვილის შემოყვანილი მოთამაშე, რათა შეაჩეროს “ოცნების” ელექტორატის რღვევა”.
“თუ რაიმე არ არის მკაფიოდ, მკაცრად გაწერილი, “ოცნება” ყოველთვის შეეცდება თავი აარიდოს ვალდებულებების შესრულებას. ამიტომ პოლიტიკური პატიმრების საკითხზე ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი მექანიზმი, რომელიც მმართველ გუნდს მანევრირების საშუალებას არ მისცემს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებზე 40%-იანი ზღვრის დაწესებას - ეს არ არის სამართლიანი შეთავაზება, სრულიად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას”. მე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია მომავალ კვირას მიწვევით მივდივართ ბრიუსელში, სადაც ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ გვექნება საშუალება კვლავ ვიმსჯელოთ კრიზისულ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე. ჩვენი პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებული ოპოზიციის განზრახვაზე, რომ ჩვენი ამოცანაა შედგეს პოლიტიკური შეთანხმება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა დარჩენილ ორ საკითხზეც მივაღწიოთ ისეთ ფორმულირებას, რომელიც არ იქნება ყალბი. ვგულისხმობ რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს არ არის სავაჭრო თემები, ვაჭრობა გამორიცხულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.
“ხოლო შეკითხვაზე - “ხელისუფლებაც ამბობს, რომ ვაჭრობა გამორიცხულია. ამასთან, ამბობს, რომ მხოლოდ დესტრუქციულ ოპოზიციას არ სურს დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა და იმედოვნებენ, რომ თქვენ შორის გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებიც საკითხს კონსტრუქციულად გადაწყვეტენ. ამასთან, პარლამენტში, უკვე წარმოდგენილია გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც პოლარიზაციის დასრულებაზე აქვს პრეტენზია. ეს ვითარება თქვენს ამოცანას, რომ დაარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები თქვენს სიმართლეში, ხომ არ ართულებს?”, - პასუხობს:
“პარტია, რომელიც ხელისუფლებას არ აკრიტიკებს, რომ პოლიტპატიმრები არ არსებობენ, რომ ანაკლიის პორტის გაჩერება გამართლებული იყო, სინამდვილეში ოპოზიცია არ არის. ეს ფსევდოოპოზიციაა. მათი “კონსტრუქციულობა” ადასტურებს უკვე არაერთხელ გამოთქმულ აზრს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის შემოყვანილი მოთამაშე, რათა შეაჩეროს “ოცნების” ელექტორატის რღვევა. ჩვენ კარგად გვახსოვს, გახარიას ნათქვამი, ივანიშვილი ქვეყნის სისტემური მზღვეველია, მისი სახით ქვეყანაში უნიკალური დაზღვევა გვყავსო. ამიტომ საინტერესოა, ვისი ოპოზიციაა გახარიას გუნდი, ჩვენი თუ ხელისუფლების? დროა ბატონმა გიორგიმ გულახდილად უამბოს საზოგადოებას ჩვენთვის გამოგზავნილი მუქარის წერილის ამბავი, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო. მან ასევე უნდა თქვას, თუ რატომ ან ვისი დავალებით გააჩერა ანაკლიის პროექტი. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მის სხვა განცხადებებს ვენდოთ”.