იმედისმომცემი ახალი ამბავი საქართველოდან: მიღწეულია შეთანხმება, რომელმაც პოლიტიკური ჩიხი უნდა დაასრულოს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„იმედი მაქვს, რომ ყველა პასუხისმგებელი მხარე ხელს მოაწერს შეთანხმებას და შემდეგ სრულყოფილად განახორციელებს მას. მადლობელი ვარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ყველა მხარის შეთანხმების მიღწევაში გაწეული დახმარებისთვის. ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია!“ - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში ხელი მოეწერა.
კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.
დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.