ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში 2020 წლის ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 123 ადამიანი გარდაიცვალა, ოკუპირებულ ცხინვალში კი 27

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში 2020 წლის ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 123 ადამიანი გარდაიცვალა, ოკუპირებულ ცხინვალში კი 27.

ამასთან, ომბუდსმენის ანგარიშში - „2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“, აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში ორივე ოკუპირებული რეგიონიდან, სულ გადმოყვანილია 892 კოვიდინფიცირებული პაციენტი, აქედან 256 - აფხაზეთიდან და 24 - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატული მზაობის მიუხედავად, განსხვავებული აღმოჩნდა დე-ფაქტო ხელისუფლებების პოზიცია ამ დახმარების მიღებაზე.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის დაწყებისთანავე თავად გამოავლინა ინტერესი, რომ საქართველოსგან საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ინფორმაცია (რაც შემდგომში ქართველ და აფხაზ ექიმებს შორის ონლაინ კონსულტაციით გამოიხატა) და მატერიალური დახმარება (სამედიცინო აღჭურვილობა) მიეღო. ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი, დღემდე კატეგორიულ უარზეა, საქართველოს კონტროლირებული ტერიტორიიდან მიიღოს დახმარება და ტვირთის რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეტანას მოითხოვს. გარდა ამისა, დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უარი განუცხადა სპეციალისტების ცხინვალში შეშვებაზე, თუ ისინი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდოდნენ და არა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალისგან განსხვავებით, შედარებით უკეთესი ვითარებაა. დე-ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთში დაუშვა, რომ ენგურის ხიდის გავლით შესულიყვნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადგილზე შეესწავლათ არსებული ჯანდაცვის სისტემა.

2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევები 8,920-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 7 682 ადამიანი, გარდაიცვალა 123. ინფორმაციას ამის შესახებ, აფხაზური საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ. ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19-ის შემთხვევების ზრდა ორი ძირითადი მიზეზით შეიძლება აიხსნას: 1. 2020 წლის 1 აგვისტოდან აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი გახსნა ყველანაირი შეზღუდვის გარეშე. შედეგად, ტურისტების ნაკადი, რეგიონში, ფაქტობრივად, უკონტროლოდ შედიოდა; 2. რეგიონში გაუმართავი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ექიმების დეფიციტი და მათი არასათანადო სამედიცინო კვალიფიკაცია.

პანდემიის დაწყებამდე, წლების განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით. ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, სახალხო დამცველი, წლებია, ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ყველა არსებული ფორმალური და არაფორმალურ საკომუნიკაციო არხი უნდა გამოიყენოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმების მისაღწევად, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საავადმყოფოებში პაციენტების ორგანიზებული გადმოყვანა, აფხაზეთში სამედიცინო პერსონალისა და შესაბამისი რესურსების გაგზავნა. ასეთი ძალისხმევა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო პერსონალის დეფიციტის გამო, დახმარებას აფხაზეთის მოხალისეებისგან ითხოვდა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კი, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირების 2,409 შემთხვევაა აღნუსხული, 1,647 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, 2020 წლის 27 თებერვალს, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ბოლო ღია მონაკვეთიც დაკეტა და დროებითი შეზღუდვები დაუწესა 60-ზე მეტ ქვეყანის მოქალაქეს გარდა, რუსეთისა“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ანგარიში მიმოიხილავს 2019-2020 წლებში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას და ამ შეზღუდვით გამოწვეულ მთელ რიგ პრობლემებს. ანგარიში ასევე მიმოიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო