ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021

შეიქმნება თუ არა მონიტორინგის ჯგუფი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად

“კარფურმა” თავი იმდენად აიშვა, რომ მისი საკითხით პარლამეტშიც დაინტერესდნენ

მესამე ლოკდაუნი აღარ იქნება! - მთავრობამ ექიმებს კიდევ ერთხელ უთხრა უარი

* * *

შეიქმნება თუ არა მონიტორინგის ჯგუფი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად

“ევროპისა და აშშ-ს ჩართულობით პოლიტიკურ ძალებში მიღწეული შეთანხმების დოკუმენტს სახელწოდებით - “საქართველოს წინსვლის გზა” ანალიტიკოსები ისტორიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა, როდესაც ერთობლივად აშშ და ევროკავშირმა ასე მიზანდასახულად და ეფექტურად იმუშავეს ერთი კონკრეტული ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაზე, არ ახსენდებათ. ამიტომ, მათი აზრით, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა პარტნიორების იმედები უნდა გაამართლოს და დროზე უნდა დაიწყოს აღებული ვალდებულებების შესრულება, თუმცა, შეშთფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან უკვე შეინიშნება ამ დოკუმენტის რევიზიის მცდელობა, რაც მათი აზრით, დიდი შეცდომაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეიქმნება თუ არა მონიტორინგის ჯგუფი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად / “პროცესი რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს, მედიაცია უნდა გაგრძელდეს ელჩების დონეზე”.

“ცნობისთვის, შეთანხმების ტექსტს ჯერჯერობით არ უერთდებიან “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. ისინი დოკუმენტს ხელს მაშინ მოაწერენ, როცა ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. ამასთან, “ნაციონალებისთვის” მიუღებლია, რომ, მელია გირაოს გადახდით, ან ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდეს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს პერიოდში, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას პროგნოზის გაკეთება უჭირს. მისი თქმით, აშშ და ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა ჩადო ამ დოკუმენტის შექმნაში, ამიტომ არ შეიძლება მხარეებმა ამ დოკუმენტის არსი დააზიანონ. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ პარტნიორების ჩართულობით უნდა შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს პერიოდში, არ ვიცი, თუმცა, განსხვავებული მოსაზრებები მოსალოდნელი იყო, რადგან მივადექით იმპლიმენტაციის ეტაპს, ანუ ხელშეკრულების შესრულების საკითხს და ყველას უნდა თავისი ვარიანტი წარმოადგინოს. ევროკავშირმა და აშშ-მ დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ დოკუმენტის შექმნაში და ვფიქრობ, რომ დოკუმენტის არსის დაზიანება არ შეიძლება. ეს დამოკიდებული იქნება მხარეებზე, რომ რაღაც დამატებითი საკითხები არ წარმოიშვას და დოკუმენტი არ დამძიმდეს. თუ ყველას მიეცემა საშუალება თავისი ვარიანტი წარმოადგინოს და ყოველ ერთ საათში ახალი საკითხები წამოჭრას თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ევროკავშირის და აშშ დელეგაციები ჩართული იყვნენ ამ პროცესში და მათთან ერთად მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ნაციონალებმა დააყენეს პირობა, რომ მელია როცა გამოვა საპატიმროდან, მაშინ მოაწერენ ხელს. მელია ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის და არც არავის მისცემს უფლებას გირაო გადაიხადოს. ანუ, ერთადერთი გზა არის ამნისტია. თუ ამნისტია იქნა გამოყენებული, მელიას არავინ შეეკითხება. რამდენადაც ვიცი, “ქართულ ოცნებას” ყოფნის ხმები რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიიღოს ამნისტია. რაც შეეხება დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულების საკითხს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ამბავი რომ ვიცი, დაიწყება - “ასე არ იყო, ასე იყო”, ამიტომ პროცესი რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს, ვფიქრობ, რომ მედიაცია უნდა გაგრძელდეს ელჩების დონეზე. შეიძლება შეიქმნას ახალი ფორმატი, საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს აღებული ვალდებულების შესრულების პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ “ნაცმოძრაობა” შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, გამორიცხული არ არის, რომ ევროპელების მხარდაჭერის საკითხში პრობლემები შეექმნას. არა მგონია “ნაცმოძრაობას” იმის რესურსი ჰქონდეს, რომ ევროკავშირის დახმარების გარეშე რამე გაკეთოს. გაუჭირდება ევროკავშირის იგნორირება და ვფიქრობ საბოლოო ჯამში შევა პარლამენტში”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“კარფურმა” თავი იმდენად აიშვა, რომ მისი საკითხით პარლამენტშიც დაინტერესდნენ

“საერთაშორისო ბრენდ “კარფურის” წინააღმდეგ დიდი ბრძოლა იწყება. ჰიპერმარეტს სასამართლოში უკვე 8 კომპანია უჩივის. დავის საგანი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტურია, თანაც საჩივრების რაოდენობა მატულობს. ბიზნესი პირდაპირ ამბობს, რომ “კარფურს” მწარმოებლები და დისტრიბუტორები გაკოტრებამდე მიჰყავს. საქმეში ჩარევას ხელისუფლებაც აპირებს. კომპანიები ამბობენ, რომ საერთაშორისო ბრენდი ქართველ მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდურ თანხებს აჭრის და სხვადასხვა დაუსაბუთებელი მიზეზით ასანაზღაურებელ თანხებს უკან არ უბრუნებს. საუბარია ათობით ათასს ლარზე, რომელიც თითქმის ყველა კომპანიის შემთხვევაში არ ანაზღაურდება. იმის გარდა, რომ “კარფური” კომპანიებს ქსელში დაშვებისთვის დიდი მოცულობის თანხებს ახდევინებს, ადგილი აქვს ე.წ. ქეშბექის სახით მარკეტინგული გადასახადის დაკისრებასაც და თანხების ჩამოჭრას ისე, რომ ამას მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “კარფურმა” თავი იმდენად აიშვა, რომ მისი საკითხით პარლამენტშიც დაინტერესდნენ / ჰიპერმარკეტების ქსელი მილიონობით ლარს ჰაერში აქრობს, მომწოდებლებს აკოტრებს და თავად ფართოვდება.

“სადისტრიბუციო კომპანია “გრანდის” პრეზიდენტის და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განმარტებით, მას შემდეგ რაც კომპანიებმა სასამართლო მიმართეს, “კარფურის” მხრიდან კომუნიკაცია არ შემდგარა. “რამდენადაც ვიცი, იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სასამართლო დავაში ჩაერთნენ, ახლა არის რვა, მაგრამ მათი ოდენობა მოიმატებს. ამ დავას, ცალსახად 100-პროცენტიანი გამარჯვება უნდა მოჰყვეს და ამ შედეგს ველით”, - განაცხადა ივა ჭყონიამ “რეზონანსთან”. “კარფურის” წინააღმდეგ სასამართლოში შესულ სარჩელებს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი, თევზისა და ხიზილალის იმპორტიორმა კომპანიის “ალასკას” სარჩელიც დაემატება. კომპანიის დირექტორის, ილია მოსულიშვილის განცხადებით, მათ ჰიპერმარკეტმა კუთვნილი თანხა იმ მიზეზით არ გადაუხადა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობის ვადის ამოწურვის მიუხედავად, ახალი მარკეტის გახსნის დროს ავტომატურად ქსელში მორიგი დაშვებისთვის თანხა დააკისრა და მიწოდებული პროდუქციის ასანაზღაურებელი თანხის ნახევარიც ჩამოაჭრა”, - განაგრძობს გამოცემა.

“87 000 ლარის ღირებულების პროდუქცია გვაქვს შეტანილი “კარფურში”. 87 000 ათასიდან ჩარიცხული აქვთ 40 000 ლარი. 47 000 ლარი ფაქტობრივად ჰაერშია. თავიდან ქსელში შესვლის გადასახადი რა თქმა უნდა გადაგვახდევინეს. 2016 წელს ჩვენ მათთან აღარ გვითანამშრომლია, მაგრამ მათ როგორც ჩანს, წინასწარ 2016 წლის გადასახადიც ჩამოგვაჭრეს. ეს ცხადად ჩანს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, რომ ჩვენ ერთი ზედნადებიც არ გვაქვს გაწერილი მათთან 2016 წელს. რეალურად კომპანია გაკოტრდა, უკრაინელი ინვესტორები ადგნენ და წავიდნენ ქვეყნიდან, რადგან როცა 47 000 ლარი არ იცი სად წავიდა, იქ საუბარი ზედმეტია. ვერ გავიგეთ რას გვაჭრიდნენ, რა ქეშბექი, რა გონდოლა, მათთან კომუნიკაცია არის ნული”, - განაცხადა ილია მოსულიშვილმა. კომპანიები “კარფურთან” “ჭიდილში” უკვე წლებია არიან ჩართულნი და არ არის გამორიცხული, რომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ჰიპერმარკეტების ქსელი საბაზრო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს”, - დასძენს გამოცემა.

“ახალგაზრდა ადვოკატების” დამფუძვნებლის, იურისტ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პრობლემის შესახებ მან დიდი ხნის წინ შეიტყო და ერთ-ეთმა კომპანიამ დახმარებისთვისაც კი მიმართა. კომპანია “კარფურს”მიწოდებული პროდუქციის თანხების ანაზღაურებას ედავებოდა. “ჩემთვის ეს პრობლემა და საკითხი ცნობილია. დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, ჩვენთან ერთი კომპანია მოვიდა, რომელმაც იურიდული დახმარების გაწევა მთხოვა. მის შემთხვევაში თანხის მოთხოვნა იყო დაგვიანებული, ასე რომ ვთქვათ ხანდაზმული. მე მას ყველაფერი განვუმარტე და სასამართლოში აღარ წავსულვართ, თუმცა საქმე მილიონამდე ლარს ეხებოდა. უცნობია, გაგრძელდა თუ არა მისის დავა სასამართლოში”, - განუცხადა “რეზონანსს” კაიკაციშვილმა და დასძინა, რომ პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ტენდენცია კი ხელშეკრულების პირობებიდან მომდინარეობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ახალგაზრდა ადვოკატებისთვის ცნობილა, საერთაშორისო ჰიპერმარკეტ “კარფურის” მიმართ არსებული პრეტენციზები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც ისმის. საერთო ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემაა სახელშეკრულებლო პირობებთან დაკავშირებით. არსებობს ორი კონტრაქტი - ქართულ და ინგლისურენოვანი, თუმცა უპირატესობა რატომღაც ინგლისურენოვანი ხელშეკრულების პირობებს ენიჭება და იგი რადიკალურად განსხვავებულია ქართულენოვანი ხელშეკრულებების შინაარსთან და პირობებთან. პრობლემა ძირითადად იკვეთება სახელშეკრულებლო პირობების შესრულების მიმართულებით. შესრულება ერთ ნაწილში გულისხმობს პრეტენზიებს ფინანსური ვალდებულებების გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ მოითხოვს შემოწმებას, როგორც მოთხოვნის ხანდაზმულობის, ასევე დასაბუთების ნაწილში. ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემა მასშტაბურია. საბოლოო სიტყვა უნდა თქვას სასამართლომ, რომელიც გადაწყევტილებას იღებს მტკიცებულებების საფუძველზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ კაიკაციშვილი.

“დარეგულირდება თუ არა სავაჭრო ქსელებსა და მიმწოდებლებს შორის პარტნიორული ურთიერთობები საკანონმდებლო დონეზე, ჯერ უცნობია. მსგავსი პაკეტი წინა მოწვევის პარლამენტმა მოამზადა, თუმცა მას კანონის სახე არ მიუღია. “კარფურის” მხრიდან ქართველ მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიებთან დამოკიდებულების შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციამ წინა თვეში საქმის კურსში ჩააყენა დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. მისი ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ “კარფურის” წარმომადგენლებსაც აუცილებლად შეხვდებიან. “დიახ, დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციას შევხვდით, ეს პრობლემა ვიცით და აუცილებლად შევხვდებით მეორე მხარესაც. უნდა ვიყოთ ფრთხილად, პირველ რიგში, რათა არ მოხდეს ბიზნესურთიერთობებში შესვლა. იქ, სადაც ვნახავთ, რომ ჩვენი კომიტეტის ჩართვა მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ პროცესი დარეგულირდეს და ჯანსაღ ბიზნესგარემოში წარიმართოს, აუცილებლად ხელს შევუწყობთ შესაბამისი პირობების შექმნას”, - განაცხადა სონღულაშვილმა. თავად “კარფური” კომპანიის ბრალდებებს არ პასუხობს. სერთაშორისო ბრენდმა მხოლოდ ერთი განცხადება გაავრცელა, ისიც რამდენიმე კვირის წინ, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში შემოსვლის დღიდან მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით მუშაობენ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

მესამე ლოკდაუნი აღარ იქნება! - მთავრობამ ექიმებს კიდევ ერთხელ უთხრა უარი

“მესამე ლოკდაუნს ეკონომიკა, სავარაუდოდ, გადაურჩა. მოლოდინის მიუხედავად, მთავრობამ მიანიშნა, რომ ახალ შეზღუდვებს არ დააწესებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ დამატებითი ლოკდაუნი მიზანშეწონილი არ არის და ამით ეკონომიკის ჩაკეტვის აზრს ემიჯნება. ასეთი პოზიცია განპირობებულია იმითაც, რომ შეზღუდვების დაწესებით მთავრობას მოუწევს დამატებითი ვალის აღება, რაც უკვე უდიდეს რისკს უკავშირდება, ზრდის საბიუჯეტო დეფიციტს და საბოლოოდ შეიძლება ეკონომიკაში ისეთი პროცესი გამოიწიოს, რის მართვაც შეუძლებელი გახდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გუშინ განაცხადა, რომ ეპიდემიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში ქვეყანაში მორიგი ლოკდაუნის გამოცხადება მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რადგანაც ბიზნესი სულს ღაფავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მესამე ლოკდაუნი აღარ იქნება! - მთავრობამ ექიმებს კიდევ ერთხელ უთხრა უარი / ქვეყანა ისეთ დღეშია, თუ ჩაკეტავენ შეიძლება ვეღარც გაიხსნას.

“მიზანშეწონილი არ არის დამატებითი ლოქდაუნი, რადგან ეს ნიშნავს ბიზნესის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რომელიც გარკვეული მიმართულებით ისედაც სულს ღაფავს. აქედან გამომდინარე ეს დიდი პრობლემაა. რამდენიმე მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, ჩვენ ამოგვივარდა კურსის სტაბილურობის უზარმაზარი ფაქტორი ტურიზმის სახით. მეორე მხრივ, ეკონომიკის შეზღუდვა ხდება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის მხრივ. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, სხვა ქვეყანაში თუკი გარე შოკია, იგი შეიძლება შემსუბუქდეს მონეტარული პოლიტიკის შერბილებით, აქ ეს არ გამოგვდის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმაგი შოკის პირობებში ვიმყოფებით”, - განაცხადა კოვზანაძემ. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის დამატებითი აკრძალვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღდგომის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება და ძალაში იქნება ყველა ის რეგულაცია, რომელიც ამჟამად მოქმედებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ბიზნესი, ასევე ეკონომისტები ფიქრობენ, რომ შეზღუდვების სქემიდან საბოლოოდ უნდა გამოვიდეს მთავრობა და ეპიდემიური სიტუაციის მართვა მთლიანად მიანდოს სამედიცინო სექტორს, რომელიც კოვიდ-19-თან დაკავშირებით მიმდინარე ეპიდემიური პროცესის მართვაზე სრული პასუხისმგებელია. ამდენად, როგორც “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა “რეზონანსთან” აღნიშნა, კორონავირუსთან ბრძოლის ერთწლიან პრაქტიკაში პირველად ხდება, როცა მთავრობა რიგი ობიექტური მიზეზების გამო იძულებულია, ეკონომიკის ჩაკეტვაზე უარი თქვას. როცა აღდგომის დღესასწაული ჩაივლის, სავარაუდოდ, სხვა შეზღუდვებიც გადაიხედება. შეიძლება არ გაუქმდეს, მაგრამ კომენდანტის საათის შემსუბუქების საკითხიც დადგება დღის წესრიგში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვალს ვეღარ აიღებენ, რადგან რთულ ვითარებაშია ქვეყანა, ბიზნესი და მონეტარული პოლიტიკაშიც დიდი დარღვევებია. საგარეო ვალმა ზღვარს გადააჭარბა და რომც მოვინდომოთ, შეიძლება აღარც მოგვცენ. მთავრობა არც უნდა ცდილობდეს დამატებითი ვალდებულებების აკიდებას, რადგან გადახდის მხრივ შეიძლება დიდი რისკი გაჩნდეს. რადგან არ ჩაკეტეს ეკონომიკა, სავარაუდოდ, ახალი ვალის აღების საჭიროებაც აღარ იარსებებს. მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად უწევთ ბრძოლა და ეს არ იქნება მარტივი. ასეთ სიტუაციაში, ცხადია, ეპიდემიოლოგებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისინი გამოსავალს მხოლოდ ჩაკეტვებში ხედავენ და ასე არ არის. აქამდეც უნდა ეზრუნათ, რომ უფრო ეფექტურად მიეღოთ ზომები - დროული ვაქცინაციისა და მოსახლეობის ინფორმირების მხრივაც შესაბამისი ნაბიჯები გადადგმულიყო. ყველა მხრივ მკვეთრი ჩამორჩენაა. ჩაკეტვა ჰგონიათ გამოსავალი და ეს არ არის ხსნა, მათ შორის, არც პანდემიასთან მიმართებაშიც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ გერლიანი.

“მთავრობა ჩაკეტვებისგან თავს შეიკავებს, ეს აშკარად გამოიკვეთა. სხვანაირად ვერ გამოსწორდება ვითარება. საბიუჯეტო შემოსავალ-გასავალს ვერ აბალანსებენ და ამიტომ დეფიციტიც სახეზეა. როდესაც ასეთი ნეგატიური მონაცემები აქვს მთავრობას, ხარჯების ოპტიმიზაციაზე უნდა იფიქრონ, მაგრამ ვხედავთ, რომ ფუფუნების უფლებას აძლევენ თავს, რაც ქვეყნის კრიზისულ ვითარებას არ შეესაბამება”, - განმარტავს გერლიანი. საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიციას შეზღუდვებთან დაკავშირებით იზიარებს კომპანია “ალბატროსის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, რომელიც მომხრეა, რომ მთავრობამ გამოძებნოს “ოქროს შუალედი” და ერთად უშველონ განადგურების პირას მისულ ეკონომიკას”, - დასძენს გამოცემა.

“ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, რომ ეპიდსიტუაცია ვმართოთ და არც ბიზნესი დაზარალდეს. რატომღაც ხელისუფლება მსჯელობს ცალმხრივად - დააწესოს ან არ დაწესოს ლოკდაუნი. მთავრობას სხვა გეგმა არ აქვს და ვერც ბიზნესი აკეთებს ამ სიტუაციაში პროგნოზს, რის გამოც მალევე უფრო მძიმე ვითარებაში ვარდება. ეკონომიკურ გუნდს ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა და ერთად მოეძებნათ გამოსავალი, ეს უფრო გამოადგებოდა საქმეს. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, ხელისუფლება მიგვანიშნებს, რომ ლოკდაუნი არ იქნება, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებაც არაპროფესიონალიზმის ბრალი მგონია. გამოსავალი არ არის მოძებნილი. ეკონომიკა განადგურების პირასაა, ლარი - კატასტროფულად გაუფასურებულია, ყველა მხრივ პრობლემაა და ეს ბიუჯეტის დეფიციტზე აისახება. ვხედავ, რომ არასწორი კურსი აიღეს. ვუყურებ სხვა ქვეყნებსაც, ეპიდემიის გამო შექმნილ სიტუაციებს და ვფიქრობ, პროფესიონალის ხელი აკლია ყველაფერს. როგორც ეპიდემიური სიტუაციის მართვისას, ასევე ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას, არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს შედეგი. ბიზნესის ენა არ ესმის მთავრობას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი.

“იმ შემთხვევაში თუკი საქართველო მორიგი კრიზისის წინაშე დადგა, სავალუტო ფონდი ქვეყნის მთავრობას აძლევს რეკომენდაციას, რომ ახალი სოციალური დახმარებების პროგრამის დაფინანსება მოხდეს არა ახალი ვალის აღებით, არამედ 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებით და თანხის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მოსახლეობის საოციალურ დაცვის მუხლებში გადატანით, რის შესაძლებლობაც ქვეყანას ნამდვილად არ აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო