ქართული პრესის მიმოხილვა 26.04.2021

ვახტანგ ძაბირაძე - “რეალური ვერსიაა, რომ თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყოს”

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები თბილისში მოდიან - აუღებელი აქციების ახალი სერია რუსთაველზე

მამუკა ხაზარაძე: “აღარავის გვერდით აღარ დავდგებით მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია ჰქვია”

“ოცნება” ოპოზიციის ახალ შეთავაზებაზე უარს ამბობს - “ეს უკვე ხელმოწერილი შეთანხმების რევიზიაა”

ზურაბ ბატიაშვილი - “მსოფლიოში წითელი ხაზების გავლების დრო დადგა”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “რეალური ვერსიაა, რომ თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყოს”

“სრულიად მოულოდნელი, მეტიც, გაუგებარი იყო პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარისგან ამგვარი განცხადების მოსმენა, ამის არანაირი წინა პირობა არ ჩანდა... ოპოზიციასთან მოლაპარაკება უშედეგო რომ ყოფილიყო და გადამდგარიყო, მაშინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის შეთანხმებაში, მათ შორის არჩილ თალაკვაძეც არის. ამიტომ მისი გადადგომის მოლაპარაკებასთან დაკავშირება ულოგიკოდ მიმაჩნია. ის არ ყოფილა ცუდი სპიკერი, ამიტომ, ვფიქრობ, ამ გადადგომის უკან შეიძლება სხვა საკითხი იმალებოდეს, ვიდრე ის, რომ მან თავისი მისია შეასრულა და ახლა ვიღაც უფრო ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს საქმე. რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ჩემთვის გაუგებარია. ალბათ, ამის რეალური მიზეზი გამოჩნდება”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რეალური ვერსიაა, რომ თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყოს” / “გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ამიტომ დასავლეთი ცდილობს ერთგვარი სარტყელი შექმნას საქართველოსთვის ახალი საფრთხეების გასანეიტრალებლად”.

“თუ “ქართულმა ოცნებამ” ეს შეთანხმება მარცხად აღიარა, მაშინ უნდა გადამდგარიყო კობახიძეც, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას საბოლოოდ თალაკვაძე კი არა, კობახიძე იღებს, როგორც პარტიის თავმჯდომარე. ჩემი აზრით, რეალური ვერსიაა არჩილ თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყოს მმართველი პარტიიდან და ვერ გამოვრიცხავთ, ისევე, როგორც ვერსიას შიდა გადაჯგუფებების შესახებ, ოღონდ ამაში დაპირისპირებას და განხეთქილებას არ ვგულისხმობ. თუ კახა კალაძე უარს იტყვის თბილისის მერობის კანდიდატობაზე, მმართველ ძალას ნამდვილად სერიოზული პრობლემა ექნება. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს უარი უკვე ნათქვამია... სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ბალტიისპირეთის ქვეყნებივით სწრაფი ტემპით წავსულიყავით ევროპისკენ. ეს დრო და პერიოდი ხელიდან გავუშვით, თუმცა მას მერე დამოუკიდებლად გვიწევს დასავლეთთან აქტიური ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფალი დეკლარირებულად ყოველთვის აცხადებდა, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია გვსურს, სინამდვილეში ამისთვის ბევრს არაფერს აკეთებდნენ. ამიტომაც დღემდე დავდივართ ერთსა და იმავე წრეზე და ვუშვებთ იმავე შეცდომებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“დასავლეთისთვის რეგიონში ჩვენ დავრჩით ერთადერთ საყრდენად. გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ამიტომ დასავლეთი ცდილობს ერთგვარი სარტყელი შექმნას საქართველოსთვის ახალი საფრთხეების გასანეიტრალებლად. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ფაქტობრივად, გაშიშვლდა და ერთი კაცის - მელიას ციხეში დარჩენა-არდარჩენის საკითხად აქცია, გადავდგამთ ნაბიჯს ევროპისკენ თუ ისევ დავრჩებით საბჭოთა კავშირში. ამ არჩევანზე ევროპიდან არაერთხელ მიგვანიშნეს. მეტიც, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გამაოგნებელი რამ თქვა, რაც ამგვარი სიმძაფრით მანამდე, ალბათ, არც მოგვისმენია. მან ერთმანეთის გვერდით ახსენა სააკაშვილი და პუტინი და განაცხადა: “ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს გაერთიანებული საერთო პოზიციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული. ეს არის სააკაშვილისა და პუტინის ინტერესი. ის ცდილობს ერთიანობა დაარღვიოს ოპოზიციაში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი ცდილობს რადიკალიზაციას და პროვოკაციას, რომლითაც გამარჯვებული მხოლოდ ვლადიმირ პუტინია, რაც, ვფიქრობ, სირცხვილია”... მეტი რაღა უნდა გვითხრან, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა სწორი დასკვნები გამოიტანონ? სამწუხაროდ, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როგორც კი შეთანხმებას ხელი მოაწერეს, მეორე დღესვე დაიწყო კამპანია, უნდა შეეხოს თუ არა ამნისტია 20 ივნისის საქმის ფიგურანტ სამ პოლიციელს. პოლიტიკური პროცესის მასშტაბურობიდან გამომდინარე, არ შეიძლება პოლიტიკოსები ასე იქცეოდნენ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ეჭვს აჩენს. გავიხსენოთ, რომ გარეშე ძალები ამ ქვეყნიდან არასდროს წასულან. ლაპარაკი იმაზე, პერსონალურად ვინ ვინ არის და ვისთან შეიძლება იყოს კავშირში, გამიჭირდება, მაგრამ როცა ცხადად ჩანს, რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, როცა ამაზე ლაპარაკობენ მეტ-ნაკლებად ობიექტური პირები და ამასვე გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, როცა ასეთი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსისგან სააკაშვილისა და პუტინის დაწყვილება პირველად მოხდა, ამის შემდეგ იფიქრო იმაზე, რომ არჩევნების გაყალბების გამოა ასე შეურიგებელი ის ჯგუფი, რომელიც 1995 წლიდან მოყოლებული აყალბებდა არჩევნებს, ძნელად დასაჯერებელია. ახლა გაახსენდათ, რომ დამოუკიდებელი უნდა იყოს სასამართლო, რომ მიტინგების დაშლას თავისი წესი აქვს და სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას არ უნდა გადაამეტონ? ამის მერე როგორ დაიჯერებ, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ პარტიული ინტერესია? ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“საქმე ისე წავიდა, დოკუმენტის ავკარგიანობაზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ მხოლოდ იმაზე, ოღონდ კი როგორმე შეთანხმდნენო. საქართველოშიც ასე ვართ და ჩვენი პარტნიორებიც ამ დღეში არიან. ჩემი აზრით, არანაირი პრობლემა არ არის 43%-იანი ბარიერის დაწესებაში, მაგრამ იცით, რა მაწუხებს? თუ “ქართულმა ოცნებამ” აიღო 43%, ისევ ახალ წრეზე უნდა წავიდეთ და საარჩევნო დღესვე დავიწყოთ ყვირილი, არჩევნები გაყალბდაო? კიდევ ერთი რამ მაეჭვებს - “ქართულ ოცნებას” დამოუკიდებლად შეუძლია ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, არ სჭირდება ოპოზიციის ხმები, რატომ არ იღებს? ცოტა ხანს დაანებონ თავი იმაზე ლაპარაკს, რას აკეთებს ოპოზიცია და თვითონ გადადგან ნაბიჯები. ხელისუფლებამ დაუშვა უზარმაზარი შეცდომა, როდესაც მელიას დაჭერით მძინარე ოპოზიცია ჯერ გამოაღვიძა, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა. მაგრამ ოპოზიციამ რა ქნა? იქამდე მიიყვანა საქმე, დღეს აშშ-ის ელჩი დეგნანი აცხადებს, მელიას გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ციხეში, ეს ჩვენი პრობლემა აღარ არისო”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ინიციატივის ხელში აღება არც ხელისუფლებას სურს. ეს ვითარება ყველას აწყობს. ამდენი ხანია ყველა იმაზე ვლაპარაკობთ, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა, გამოუშვებენ მელიას თუ არა და ა.შ. არადა, გვაქვს უდიდესი პრობლემები, ბოლოს და ბოლოს, პანდემიასთან გამკლავება უდიდესი გამოწვევაა; გვაქვს უსაფრთხოების პრობლემები, ეკონომიკური სიდუხჭირე, მაგრამ მათი გადაჭრისთვის სად გვცალია, ქვეყანა გადავაყოლეთ რამდენიმე კაცის პარლამენტში შესვლას და 2 კაცის ციხიდან გამოსვლას. ნუ შევა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, დარჩეს ქუჩაში, ამით საბოლოოდ მოხდება მისი მარგინალიზაცია, რაც ქვეყნისთვის უკეთესიც კი იქნება. ჩნდება ისეთი განცდა, რომ ორივე მხარე ცდილობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებში საქართველოს მიმართ უიმედო განწყობა გააჩინოს. სხვა მხრივ ყოვლად ულოგიკოა ის, რაც ახლა ქართულ პოლიტიკაში ხდება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეალური ლიდერი აწ და მარადის მიხეილ სააკაშვილია. მართალია, დღეს ისეთი სურათის შექმნა სურთ, რომ თითქოს ლიდერი მელიაა, მაგრამ მართალი ხართ, ამ პროცესებმაც აჩვენა, რომ მელიას ლიდერობა ფიქციაა. “ნაციონალურ მოძრაობას” ელექტორალური პრობლემა აქვს - მისი მომხრეების 90% სააკაშვილს უჭერს მხარს და არა “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს იცის სააკაშვილმაც, ამიტომაც პარტიაში იძულებული არიან მისი დირექტივებით იხელმძღვანელონ. სააკაშვილის აქ ჩამოსვლას არ ველი, ამისთვის მას უპირველესად სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან დიდი გარანტიები, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც ვერ გაბედავს ჩამოსვლას. მას შეიძლება აწუხებდეს, რომ მელია ასეთი პოპულარულია ჩვენთან თუ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში, მაგრამ არა მგონია, ამის გამო გარისკოს”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ექსპერტთა ნაწილის აზრით, ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში გახდება საჭირო და არა აქვს მნიშვნელობა, “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს აიღებს თუ არა...” - პასუხობს:

“სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა, მანამდე ვამბობდი, ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” კი გაიმარჯვებს, მაგრამ საქმე ის არის, 2024 წლამდე თუ მიაღწევს-მეთქი. დღეს “ქართული ოცნების” ისევ ხელისუფლებაში ყოფნას ხელს ის უწყობს, რომ მოსახლეობა ვერ ხედავს სხვა პოლიტიკურ ძალას, რომლის იმედიც ექნება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ “ქართულ ოცნებას” არა აქვს იმის ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი, რომ აქედან ამოიყვანოს ქვეყანა ან ხვალინდელი დღის იმედი მაინც გააჩინოს. მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კინკლაობაზე არიან გადასული - ეს ორნი თან ერთმანეთს ეკიდებიან, თან იძირებიან და ამასობაში ის პატარა, შუაში მყოფი პარტიები სრულად ჩაძირეს. ერთადერთი, რამაც შეიძლება სტაბილურობა ჯერ კიდევ შეინარჩუნოს, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერაა. იმედია, ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებენ, დახმარებასაც გამოგვიყოფენ და მთლად უფსკრულში არ გადავეშვებით”.

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები თბილისში მოდიან - აუღებელი აქციების ახალი სერია რუსთაველზე

“ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტი თბილისში გადმოინაცვლებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აუღებელ აქციებს დაიწყებენ. პარალელურად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კომპანია “ენკასთან” დადებული ხელშეკრულების დაზუსტება მოხდება, ხოლო ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაევალება. პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძის შეფასებით კი, აქციის თბილისში გადმოტანა სწორი გადაწყვეტილებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები თბილისში მოდიან - აუღებელი აქციების ახალი სერია რუსთაველზე.

“ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკაშირებით, საქართველოს მთვარობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით კომპანია “ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაევალა. განცხადების მიხედვით, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. “საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი “ნამახვანჰესის” გარემოზე ზემოქემდების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია “ენკასთან”. პროექტის სრულყოფნის მიზნით უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს. კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება, - მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტქუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში. საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის განხილვა, იმისათვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. გარდა ამისა “ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შემაცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცავების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე. საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ”, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება, რადგანაც მთავრობამ მხოლოდ კაშხლის მშენებლობა გადადო და მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების გაგრძელებას ჩვეულებრივად გეგმავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ჰესის აშენებაზე უარი არ უთქვამს. აქედან გამომდინარე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს აქციას უკვე თბილისში გამართავენ. “პროტესტი აქაც გაგრძელდება სავად ვართ. 23 მაისს კი დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში”, - ამბობს გოლეთიანი. პოლოტოლოგ, ვახტანგ ძაბირის შეფასებით, ხელისუფლება “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით უბრალოდ დროს აჭიანურებს, ხოლო საზოგადოებას ხელისუფლებისადმი ნდობა არ აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“პირველ რიგში ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება გვერდიდან უვლის მიმდინარე პროცესებს და ხეობის დამცველები არ ენდობიან ხელისუფლებას, ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობა უბრალოდ ცდილობს დროში გაწელოს პროცესი და რეალური შედეგების განხორციელების პერსპექტივები არ ჩანს. რეალურად მთავარი პრობლემა არის სწორედ ის, რომ საზოგადოება არ ენდობა ხელისუფლებას. რაც შეეხება აქციის თბილისში გადმოტანას, მე მივესალმები ამ ინიციატივას, უბრალოდ ყველაფერს სჭირდება სწორი ორგანიზება. არსებობს საფრთხე, კერძოდ კი, თუ თბილისში მოსახლეობა ისევე არ დაუდგება გვერდით აქციის მონაწილეებს, როგორც, მაგალითად, ქუთაისში, ეს პროცესს უკან დაიხევს და აქციის მონაწილეები დამარცხდებიან, თუმცა აქციის თბილისში გადმოტანა ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. ხელისუფლებას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა. ხალხი ამ შემთხვევაში სწორად იქცევა. „ნამახვანჰესის" პროტესტი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და სამართლიანი პროტესტი, რაც კი ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარებულა, ხოლო ყველაზე სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება ის, რომ მთავრობამ შეასრულოს აქციის მონაწილეების მოთხოვნები”, - ,ოოჩმევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

მამუკა ხაზარაძე: “აღარავის გვერდით აღარ დავდგებით მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია ჰქვია”

“საქართველოს ევროკავშირში შესასვლელად მაპ-ი სჭირდება და ამის შესახებ საკმაოდ საინტერესო წინადადებებია. მხოლოდ განცხადება, რომ 2024 წელს ევროკავშირში შესვლა გვსურს, არაფერს ნიშნავს, თუ დღესვე არ დავიწყეთ მოქმედება. მეორე საკითხი იყო ის შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით შედგა, თუმცა მელიას საკითხი უმთავრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გადავალთ იმ პუნქტებზე, რომელთა შესრულება ხელშეკრულებით ვიკისრეთ. უახლოეს ერთ დღეში “ლელოს” ევროპარლამენტარებთან ერთად შემუშავებული ექნება კონკრეტული ხედვა, რაც შეიძლება ღირსეული გამოსავალი შეიქნეს ყველა მხარისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია ევროკავშირის პარლამენტარების მიერ გადახდილი გირაოს ნაცვლად მათი თავდებობითვე იქნეს გათავისუფლებული”, - აცხადებს ბრიუსელიდან დაბრუნების შემდგომ “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა ხაზარაძე: “აღარავის გვერდით აღარ დავდგებით მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია ჰქვია”.

“ოცნება” ყველაფერზე უარს ამბობს, დანიელსონის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზეც უარს ამბობდა, მაგრამ მოუწია. დღეს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადააყენეს. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რამდენჯერ გაუკეთეს ხელშეკრულებას ტორპედირება, რათა შეთანხმება არ შემდგარიყო. რა თქმა უნდა. თალაკვაძე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას შეეწირა. ის პუნქტები, რომლებიც ხელშეკრულებაშია, განსაკუთრებით 43%-იანი ბარიერი, მიუთითებს, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად არ ჩატარებულა. დოკუმენტში ამ პუნქტის ჩაწერით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრაქტიკულად ახალი სტანდარტი დააწესეს... არ ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის კრიტიკულ მოსაზრებებს. ეს დოკუმენტი ჩარჩო-ხელშეკრულებაა და ყველა პუნქტი ვერ იქნება გაწერილი, იქ მოცემულია მხოლოდ ძირითადი პრინციპები. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, მაგრამ გასათვალისწინებელია რეგიონში არსებული გამოწვევები. ასევე ისიც, თუ ვინ არის შენი მედიატორი, ვინ გეუბნება, რომ დრო აღარ არის, 6 თვეზე მეტ დროს ვეღარ დაგითმობთო. პირდაპირ დაგვისვეს საკითხი - თუ არ მოგწონთ მიშელის მედიატორობა, გვითხარით, ვინ გსურთ მედიატორადო? შარლ მიშელი არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ, საქართველოში კი ჩამოვიდა ამ ხელშეკრულების დასადებად...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“სიტყვასიტყვით წაგიკითხავთ, თუ რა წერია დოკუმენტში: “ხელის მომწერები ვალდებულებას იღებენ ამ ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე (იცით, რომ ორი საკითხი რურუა და მელიაა) ამნისტიის საშუალებით და ან ისეთი ზომების მიღებით, რაც ანალოგიურ შედეგს მოიტანს” - სად წერია აქ, რომ ან გირაო არ შეიძლება, ან თავდებობა, ან ის, რომ ერთი მეორეს გამორიცხავს? როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” 40 ათასი ლარი ურჩევნია ევროპარლამენტარების თავდებობას. გირაო, ანუ ფულის გადახდა, “ოცნების” მიერ დღეს შექმნილ რეალობაში, უკანონოა. მელიას უკვე გადახდილი აქვს გირაო და მაინც ციხეში ზის. ეს რომ ნონსენსი და ადამიანით ვაჭრობის ტოლფასია, ნებისმიერი პატიოსანი იურისტი დაგიდასტურებთ. თავდებობა არის გარანტია, რომ ქვეყანას არ დატოვებს და მოწმეებზე ზეწოლას არ მოახდენს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ “ოცნება” უარს ეტყვის ევროპარლამენტარებს თავდებობაზე, ამით მათდამი უპატივცემულობას გამოხატავს და კიდევ ერთხელ მოიჭრის თავს საერთაშორისო არენაზე. თუ ასე მოხდა, მაშინ ერთადერთი გზა ამნისტიაა. სხვა გამოსავალი არ არის... დეტალებში მოლაპარაკების დროს ვერ შეხვალ. ხელშეკრულებაში წერია, რომ საჭიროა ამნისტია. სხვა დანარჩენი პარლამენტში უნდა გადავწყვიტოთ. ლაპარაკია 3 პოლიციელსა და 16 მანიფესტანტზე. ჩვენ დავაყენებთ ჩამკეტს - თუ იმ 3 პოლიციელის ამნისტირების საკითხი დადგება, მათ გათავისუფლებას დაზარალებულები უნდა დაეთანხმონ. ეს არის აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკა. სხვა შემთხვევაში “ლელო” პოლიციელების ამნისტიას ხმას არ მისცემს. ასევე მინდა დავაფიქსირო, რომ ამნისტია ვერ გავრცელდება ამ 3 ან 20-21 ივლისის მონაწილე სხვა პოლიციელებზე, რომლებიც მომავალში იქნებიან მხილებული ძალადობაში”, - განმარტავს “ლელოს” ლიდერი.

“საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გავედით - ეს იყო ჩვენი ნათლობა არჩევნებზე. ჩვენ უკვე დავიწყეთ თბილისში რაიონული ორგანიზაციების დაფუძნება და პარტიის სტრუქტურების შექმნა. რაც შეეხება პარტნიორებს, მათი შერჩევისას დიდ სიფრთხილეს გამოვიჩენთ. თუ რამეს გადავწყვეტთ, მხოლოდ საერთო მსოფლმხედველობის პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ. აღარავის გვერდით აღარ დავდგებით მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია ჰქვია. ეს აღარ მოხდება”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე და შეკითხვაზე - “გახარიას გუნდთან აპირებთ თანამშრომლობას?” - პასუხობს:

“გახარიას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, არა მარტო 20 ივნისის საქმეზე. მასთან თანამშრომლობას გამოვრიცხავ. ეს ადამიანი პირდაპირ არის დაკავშირებული ისტორიული პროექტის ჩაგდებაში. ანაკლიის პროექტის ჩაგდებით მან პირდაპირ შეუწყო ხელი რუსული ინტერესების გატარებას საქართველოში”.

“ოცნება” ოპოზიციის ახალ შეთავაზებაზე უარს ამბობს - “ეს უკვე ხელმოწერილი შეთანხმების რევიზიაა”

“ოპოზიციას სურს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტში ჩაიდოს პრინციპი, რომ ბრალდებულის ამნისტირება მოხდეს მხოლოდ დაზარალებულის ან დაზარალებულების თანხმობის შემთხვევაში. მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ქადაგიშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს უკვე ხელმოწერილ შეთანხმებაში პირობების შეცვლას ნიშნავს, რაც ყოვლად დაუშვებელია და შეთანხმება როგორც დაიდო, ისე უნდა შესრულდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” ოპოზიციის ახალ შეთავაზებაზე უარს ამბობს - “ეს უკვე ხელმოწერილი შეთანხმების რევიზიაა”.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების თანახმად, თუკი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ისევ უარს იტყვის გირაოს გადახდაზე, მაშინ პარლამენტში მყოფმა პარტიებმა 20 ივნისის ცნობილ მოვლენებთან დაკავშრებით აღძრულ საქმეებზე ამნისტიის კანონი უნდა მიიღონ, რის შედეგადაც მელია ციხიდან გამოვა. შესაბამის კანონპროექტში ზემოთხსენებული პრინციპის ჩადების საკითხი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კვირას გამართულ შეხვედრაზე განიხილეს და მოიწონეს, რის შესახებაც შეხვდრის შემდეგ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა და პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ამნისტია შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ წაყენებული ბრალი. დემონსტრანტების მხრიდან ეს არის 16 ადამიანი და სამ პოლიციელზე არის საუბარი. თუმცა, ჩემი აზრი მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა - რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც უნდა ჩაიდოს ამნისტიის კანონპროექტში, ეს არის დაზარალებულის თანხმობა ამნისტირებაზე. ვნახოთ რა პოზიცია ექნება “ქართულ ოცნებას” ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პრინციპი, რაც ყველას მნიშვნელოვნად მიაჩნია იმიტომ, რომ ეს არის ამნისტიის კანონპროექტის სულისკვეთებაც და დაზარალებულის თანხმობა ჩვენი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ვთქვა, რომ აქ საუბარი არის კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტულ დაზარალებულებზე და ეს ამნისტიის კანონი ვერანაირად ვერ გავრცელდება მომავალში ჩატარებულ გამოძიებაზე ან დადგენილ დამნაშავეებზე, მომავალის ქმედების ძალა ამ ამნისტიის კანონპროექტს არ ექნება - ეს იქნება შეზღუდული, შესაბამისად დროში”, - განაცხადა სამადაშვილმა კვირას ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ”, - განაგრძობს გამოცემა.

“საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილისთვის კი კანონპროეტში ამ პრინციპის ჩადება ყოვლად მიუღებელია, მისი აზრით, 20 ივნისის მოვლენებმა ყველა დააზარალა და შეტანხმება რა ფორმითად დაიდო, ისე უნდა იქნას მიღებული. “ვფიქრობ, რომ ამნისტიის შესახებ რაც წერია, იმ შეთანხმების რევიზია ყოვლად დაუშვებელია. ხელმოწერილზე პირობების შეცვლა უკვე მერამდენედ ხდება და ამიტომ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. თუ არის ამნისტია, ყველასი უნდა იყოს. დაზარალებული არავინ არ იქნებოდა, სახელმწიფოზე შტურმი რომ არ ყოფილიყო. მაშინ არც პოლიციელი იქნებოდა დაზარალებული და არც ნიკა მელია იქნებოდა ბრალდებული. “ამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმმა ყველა დააზარალა. ამიტომ ყველას უნდა შეეხოს. შეთანხმება როგორც დაიდო, ისე უნდა მივიღოთ, მაგათ თუ ჰგონიათ, რომ ნიკა მელია დამნაშავე არაა იმაში, რაც გააკეთა და რისი პროვოცირებაც მოახდინა, ძალიან ცდებიან”, - განაცხადა ქადაგიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ზურაბ ბატიაშვილი - “მსოფლიოში წითელი ხაზების გავლების დრო დადგა”

“დასავლეთი ასე აქტიურად არასოდეს ჩარეულა არც საქართველოს და არც უკრაინის საქმეებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ რეგიონში ძალიან სერიოზული პროცესები მიდის. საზოგადოდ, მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, წითელი ხაზების გავლების დრო დადგა. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ამერიკა გათვლებს აკეთებს არა მოკლევადიან პერსპექტივებზე, არამედ ფასეულობებზე. ეს არის: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა. ამას ხედავს ევროპა და იზიარებს ამ პოზიციას. ის, რაც საქართველოში ხდება, რეგიონში მიმდინარე პროცესების შემადგენელი ნაწილია. დასავლეთი დღეს ყველაფერს აკეთებს რუსეთის შესაჩერებლად. გაჩერებაში მხოლოდ სამხედრო ძალის შეკავებას არ ვგულისხმობ, “რუსული ცივილიზაცია”, რუსული მენტალიტეტი არ უნდა გავრცელდეს რეგიონში!” - აცხადებს საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზურაბ ბატიაშვილი: “მსოფლიოში წითელი ხაზების გავლების დრო დადგა”.

“ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გაიაზრონ, რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან. ჩვენ ახლა გზაგასაყარზე ვართ. საქართველო ან ბუნებრივი განვითარების გზისკენ დაბრუნდება და ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება, ან ალტერნატივად რუსეთი უნდა ავირჩიოთ. გაჯიუტებით არაფერი გამოვა, არადა, ორივე მხარეს არიან გაჯიუტებულები. თვითმმართველობის არჩევნებზე თუ ისევ შეეცდებიან გაყალბებას, ყველაფერი ისევ ყირაზე დადგება. სამწუხარო ის არის, რომ დასავლეთი ოპოზიციას, ხელისუფლებას და ამომრჩეველს ცალ-ცალკე არ აფასებს, ერთიანობაში განიხილავენ ქვეყანას. დღეს კი კარგად არ გამოვიყურებით. დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ევროპელებს, რომ ერთმანეთთან დასალაპარაკებლად დავესვით... 90-იან წლებში დასავლეთი ვერ იქნებოდა ასეთი აქტიური, რადგან ჩვენ არ ვიყავით მზად მათ მოსასმენად, ავტომატებით დავრბოდით და ერთმანეთს ვხოცავდით. ევროკავშირიც არ იყო ჩამოყალიბებული, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი საზღვრები. ჩვენი ძალიან დიდი დანაშაულია, რომ თავად არ მოვინდომეთ სახელმწიფოს აშენება. ახლაც გვიჭირს, იმისდა მიუხედავად, რომ დასავლური სამყაროს დიდი ნაწილი ჩვენს გადარჩენას ცდილობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.

“მოსკოვმა მხოლოდ განცხადება გააკეთა, რომ ჯარს გამოიყვანს ყირიმიდან, თუმცა ჯერ საამისოდ არაფერი კეთდება. რუსეთის დაუძინებელი მტერი, ფინეთის ლიდერი კარლ გუსტავ მანერჰაიმი, რომელიც მეფის რუსეთის ყოფილი გენერალი იყო და ძალიან კარგად იცნობდა ამ ქვეყანას, ამბობდა: “რუსებს მხოლოდ მაშინ უნდა ენდოთ, როდესაც მათ საფლავებზე ჩარჭობილი ხის ჯვრებიც კი დალპება და მტვრად იქცევა”. ჯერ არავინ იცის, შეასრულებს თუ არა სიტყვას. ჩვენ ხომ გამოვცადეთ მათი სიტყვის ფასი 1920 წელს გაფორმებული “მეგობრობის ხელშეკრულებით”, 1993 წელს აფხაზეთში გაფორმებული ხელშეკრულებით... რომც შეასრულონ, რუსეთის არსი შეიცვლება? ჯარი ისევ დარჩება მთავარ ინსტრუმენტად რუსეთის მმართველთა ხელში, რათა ნებისმიერ დროს შეიჭრან მეზობელ ქვეყნებში. ასე რომ, დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა ვიმოქმედოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება შავი ზღვის გარშემო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, წესით, ამას დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს ჩვენი ხელისუფლება. თურქეთი ხან რუსეთთან, ხან კი ამერიკასთან არის დაპირისპირებული, ხან პირიქით, მოკავშირეა. მონტრეს ხელშეკრულება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ეს თემა საქართველოს უსაფრთხოებისთვის შესაძლოა გადამწყვეტიც იყოს. მონტრეს კონვენცია შავ ზღვაში სამხედრო გემების ყოფნას არეგულირებს და ზღუდავს არაშავიზღვისპირა ქვეყნებისას (უპირველესად აშშ-ის) როგორც ტონაჟით, ისე დროში. ერდოღანის ხელისუფლება, რომელსაც ვაშინგტონთან ურთიერთობის დათბობა სურს, აცხადებს, რომ შესაძლოა გადახედოს მონტრეს ხელშეკრულებას. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელ-ფეხი გაეხსნება შავ ზღვაში. ცხადია, რუსეთი უკიდურესად ღელავს, მას არც ერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაში... ჩვენს რეგიონში პოლიტიკა ძალიან დინამიკურია, მოვლენები სწრაფად ვითარდება და იცვლება. სამწუხაროდ, საქართველო ძალიან ჩაკეტილია, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მძევლებად ვართ ქცეული და გარეთ ვეღარ ვიხედებით”, - თვლის ანალიტიკოსი.

“დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში დასაყრდენი სჭირდება ისეთი ქვეყნის სახით, სადაც მოსახლეობის უმეტესობას პროდასავლური განწყობა აქვს. საბედნიეროდ, კავკასიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში პროდასავლური განწყობა ძლიერია. გარდა იმისა, რომ ამერიკას საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობის წყალობით შესაძლოა სამხედრო ბაზების განლაგებისთვის დასჭირდეს, დასავლეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგომატარებლების ტრანსპორტირებასთან, საზოგადოდ, სატრანსპორტო დერეფნები”, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

“ჩვენი ხელისუფლება უპირველესად, დასავლეთის მითითების გარეშე, საკუთარი ნებით და ინიციატივით უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს. თუნდაც იმიტომ, რომ ერთ ბედქვეშ მყოფი, საერთო საფრთხის მქონე ქვეყნები ვართ და დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება; უნდა მოიწვიონ უშიშროების საბჭო, სადაც შეფასდება ვითარება და განიხილავენ პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებს. შემდეგ ამ სცენარებზე საქართველოს რეაგირების გეგმა უნდა გაიწეროს. სამწუხაროდ, ასე არ ხდება, რადგან ჩვენს პოლიტიკოსებს სახელმწიფოებრიობის აღქმა არა აქვთ. არ მომბეზრდება იმის შეხსენება, რომ ქვეყანას, რომლის გარშემო სულ საფრთხეებია, არა აქვს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ეს ნონსენსია”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ცოტა ხნის წინ ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ტახტიძირთან საოკუპაციო ძალებმა სოფლის პერიმეტრზე სპეციალური ტექნიკით ხნულები გაავლეს და ლითონის ბოძები დაამაგრეს...” - პასუხობს:

“ახალი არაფერი ხდება, რუსეთი დიდი ხნის დაწყებულ საქმეს განაგრძობს - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია-ბორდერიზაციას. ამიტომაც უნდა შევქმნათ მდგრადი სახელმწიფო, რომელიც მსგავს საფრთხეებთან გამკლავებას შეძლებს”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს