ირაკლი ანთაძე - უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით დიალოგი შედგა, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობა არის

უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით დიალოგი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობა არის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული რიგით 99-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ანთაძის ინფორმაციით, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების - ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნის პარალელურად, მთავარი განსახილველი თემა იყო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.

„დღევანდელ შეხვედრაზე, ბუნებრივია, მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების გადაწყვეტის საკითხი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის უპრეცედენტო ჩართულობა, რაც გამოიჩინეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, როგორც ზაზა გახელაძის, ისე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქის საკითხთან დაკავშირებით. დიალოგი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობა არის. ჩვენ შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს.

ასევე, საუბარი შეეხო ისეთ მტკივნეულ და პრობლემურ საკითხს, როგორიცაა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი ბორდერიზაციის თითოეულ ფაქტთან, რაც ასევე პირდაპირ ბმაშია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის როგორც სიცოცხლის და თავისუფლების, ასევე მათ ყოველდღიურ სასიცოცხლო ინტერესებთან იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, არის უამრავი სხვა საკითხი, რაშიც დაინტერესებულები არიან ადგილობრივი მცხოვრებლები, ეს არის მიწის უსაფრთხოდ დამუშავების საკითხი, ასევე ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო აქტივობებთან, რათა მათ იგრძნონ თავი ერთი მხრივ, დაცულად და მეორე მხრივ, სრულფასოვნად განახორციელონ თავიანთი აქტივობები. შედგა ამაზე თემატური დიალოგი, გარკვეულ ნიშნულამდე მისული ვართ და ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, დიალოგი გრძელდება. ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პროცესის დინამიკიდან გამომდინარე, გაააქტიურებენ ძალისხმევას და ვიმედოვნებთ, რომ ის მოლოდინები, რაც გააჩნიათ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახის წევრებს, იქნება გამართლებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პროცესზე, პროცესი და დეტალები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი და აქტუალური, რამდენადაც შედეგი. ჩვენ ვართ ორიენტირებულები შედეგზე, ამ შედეგებისკენ იდგმება გარკვეული ნაბიჯები, შესაძლოა, ეს ნაბიჯები არ არის ისეთი სწრაფი, რისი მოლოდინი და სურვილიც გვაქვს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო დგამს ყველა ნაბიჯს, რომ ეს პროცესი იყოს მოახლოებული“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციის ფორმატში შემდეგი შეხვედრა ერგნეთში ივნისში გაიმართება. მანამდე კი რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა დაიგეგმა, სადაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების უსაფრთხო გარემოში წარმოებასა და სარწყავი არხების მოწესრიგებაზე იმსჯელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო