ზვიად ზვიადაძის განცხადებით, IPRM-ის 99-ე შეხვედრაზე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, უკანონო დაკავებები, ზაზა გახელაძის საკითხი და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი განიხილეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძის განცხადებით, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, უკანონო დაკავებებს, ზაზა გახელაძის საკითხს და ასევე ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს.

მისი თქმით, რამდენიმე კვირაში დაინიშნა ტექნიკური შეხვედრები ადგილზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.

„ზაზა გახელაძის ოჯახთან სალაპარაკოდ მივდივართ, რომ ვუთხრათ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს აქ მოვისმინეთ მისი ჯანმრთელობის შესახებ და ასევე, არის კონკრეტული ნიუანსები, რაზეც ოჯახის წევრებს გავესაუბრებით პირადად.

ზუსტად იგივე გაიმეორა ცხინვალის წარმომადგენელმა, რაც წინა შეხვედრაზე, რომ გაამარტივეს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. მათი თქმით, აღარ არის საჭირო ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიმართვა და ცხინვალში ჩასვლა, ანუ ახალგორშივე შეუძლიათ მიიღონ ეს თანხმობა და მძიმე ავადმყოფები გადმოვიდნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ასევე ისაუბრეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა შექმნილი. მათივე განცხადებით, იქ მდგომარეობა სტაბილურია, მძიმე ავადმყოფები თითქმის არ ჰყავთ, არის დაავადების ერთეული შემთხვევები ყოველდღიურად, რასაც უმკლავდებიან და უახლოეს მომავალში იწყებენ ვაქცინაციის პროცესს რუსული ვაქცინით „სპუტნიკი", ეს არის მათი დღევანდელი განცხადება. ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, მათივე თქმით, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პრობლემა არ იქნება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო დაკავებებს, ზაზა გახელაძის საკითხს და ასევე ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, რომელიც უკვე წლების მანძილზე მიმდინარეობს. ამ თემებთან დაკავშირებით კონკრეტული საუბრებიც იყო, ზოგადი საუბრებიც იყო, როგორც ხდება ხოლმე და ასეთი პროცესის თანმდევია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ყველაფერი უფრო კონკრეტული იქნება, უფრო ქმედითი იქნება და ის გადადგმული ნაბიჯები, რაც ჩვენს მიერ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით იდგმება, შედეგის მომტანი იქნება და მოსახლეობა აღარ დადგება იმ პრობლემების წინაშე, რომლებიც რა თქმა უნდა, ხელოვნური და პროვოკაციულია.

კონკრეტულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, რომ რამდენიმე კვირაში დაინიშნა ტექნიკური შეხვედრები, ადგილზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით - ადამიანებს პრობლემები რომ არ შეექმნათ, უსაფრთხოების გარემო მაქსიმალურად რომ იყოს დაცული და ასევე სარწყავი არხების მოწესრიგებაზე, რომელიც როგორც იცით, უდიდესი პრობლემაა რეგიონისთვის. ჰუმანიტარული მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული შედეგები მიღწეულია და ამ ყველაფერს ვნახავთ რეალობაში როგორ განხორციელდება,"-განაცხადა ზვიადაძემ.

კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო