ოპოზიციის “ამნისტიის პროექტის“ შინაარსი ცნობილია

20 ივნისის სისხლის სამართლის საქმეებზე საპარლამენტო ოპოზიციის “ამნისტიის პროექტი“, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, ცნობილია.

“ინტერპრესნიუსი“ ამნისტიის თაობაზე ოპოზიციის მიერ წარდგენილ პროექტს უცვლელი სახით გთავაზობთ.

ამნისტიის შესახებ“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელმძღვანელობით, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის ჩართულობით განხორციელებული მედიაციის შედეგად საქართველოს პარლამენტში შესული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებს შორის მიღწეული და 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების, სათაურით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, შესაბამისად, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული და ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული დანაშაულის/დანაშაულების ჩადენისათვის ბრალდებული/მსჯავრდებული პირები და მათ ეხსნებათ ნასამართლობა, თუ მათი ბრალდება, მსჯავრდება და ნასამართლობა დაკავშირებულია 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან. ასევე, ამ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან დაკავშირებით დაედოთ, თუ ასეთი სახდელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულებული არ ყოფილა.

მუხლი 1

1.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით ბრალდებული/მსჯავრდებული პირი და მოეხსნას მას ნასამართლობა.

2.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ) ქვეპუნქტით ბრალდებული/მსჯავრდებული პირი, გარდა იმ პირისა რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს, და მოეხსნას მას ნასამართლობა.

3.გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე და 1741 მუხლების შესაბამისად, თუ ასეთი სახდელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულებული არ ყოფილა.

მუხლი 2

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირზე, თუ მისი ბრალდება/მსჯავრდება ან მასზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება დაკავშირებულია 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან.

მუხლი 3

ამ კანონის მოქმედება ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირზე ვრცელდება შესაბამისი დაზარალებულის (ფიზიკური პირის) ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

მუხლი 4

1.ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას, ამ კანონის ამოქმედებიდან 72 საათის ვადაში, გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იმავე ვადაში, პროკურორის შუამდგომლობით, − შესაბამისი სასამართლო.

2.მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, ამ კანონის ამოქმედებიდან 72 საათის ვადაში, პროკურორის შუამდგომლობით იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, 7 დღის ვადაში, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით, − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ამ კანონის ამოქმედებიდან 72 საათის ვადაში, უგზავნის თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. სასამართლო, საქმის მიღებიდან 72 საათის ვადაში, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4.ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას, ასეთი პირის განცხადების საფუძველზე, განცხადების შეტანიდან 72 საათის ვადაში, იღებს სასამართლო, რომელმაც დააკისრა პირს ადმინისტრაციული სახდელი. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაუყოვნებლივ წყვეტს ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიმართ სააღსრულებო წარმოებას.

5.სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 5

2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, პირადად ან მისი ადვოკატის მეშვეობით, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. საჩივრის ავტორის მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენით.

მუხლი 6

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 7

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს