პატრიარქი - ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, ადამიანის არასრულფასოვნებას კი ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“ - ტექნიკური მიღწევები უღვთო პიროვნებების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს

ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი "შეავსებს", - ამის შესახებ პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში საუბრობს.

გარდა ამისა, როგორც ილია მეორე აღნიშნავს, „ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს“.

„სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც - მისი აღდგომისა. მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს: თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე... ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან... და ასკვნის: ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით: ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი "შეავსებს". ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს. ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა... გაყალბებული, პიროვნების იდეალი - უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“, - აღნიშნავს პატრიარქი.

როგორც ილია მეორე განმარტავს, ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს. „ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია-საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი... მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“, - ამბობს ილია მეორე. პატრიარქის თქმით, დაახლოებით ასეთად აღიქმება თანამედროვე მდგომარეობაც. როგორც ის სააღდგომო ეპისტოლეში განმარტავს, ინოვაციების დამნერგავი ადამიანი „თავისი ქმნილების წინაშე დამცირდა და მისგან მართული ხდება“.

„სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს: „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. არც მოწმუნეთათვის არის ცხოვრება ადვილი; მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არასოდეს ყოფილა (აღარაფერს ვამბობთ საერთო ეკონომიკურ გაჭირვებაზე, რომლისგანაც ქვეყანა ათწლეულებია ვერ გამოდის)“, - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

იხილეთ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო