ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოზე ფიქრობს

როგორც ჩანს, პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოზე ფიქრობს - ვისურვებდი, რომ მან პროექტს ვეტო დაადოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს გუშინ პარტია "მოქალაქეებიდან" ლევან იოსელიანიც შეხვდა.

"კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იყო. პრეზიდენტს აინტერესებდა არგუმენტები, თუ რატომ არ დავუჭირეთ მხარი ჯარიმების გაზრდას და ეს არგუმენტები მას ლევან იოსელიანმა მოახსენა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი უფლებების თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია. პრეზიდენტი კანონპროექტს დაადებს თუ არა ვეტოს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ ის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს აწარმოებს. პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე არგუმენტები აინტერესებს", - განაცხადა ელისაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილმა და მისმა თანაგუნდელმა ლევან იოსელიანმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" იმ პროექტს დაუჭირეს მხარი, რომელიც ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებულ წესს ახლებურად განსაზღვრავს. როგორც ამასთან დაკავშირებით დღეს ელისაშვილმა განმარტა, სწორედ მათი მონაპოვარი და მათი ბრძოლის შედეგია, რომ პროექტის საბოლოო ვარიანტით ადმინისტრაციული დაკავების ვადად 24-საათი განისაზღვრა და არა 48-საათი, რაც პირვანდელ კანონპროექტში ეწერა.

გასულ კვირას პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი მიიღო.

პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა.

კერძოდ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

გარდა ამისა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება