ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021

იგორ კვესელავა - გახარიამ მაისს არ უნდა გადააცილოს, პოლიტიკაში საჭიროა დროზე მოსვლა

ახალი მოთამაშეები ქართულ პოლიტიკაში - ვინ იხეირებს ამით და ვინ დარჩება ხახამშრალი

მომავალი წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერების კრიტერიუმები გამკაცრდება

* * *

იგორ კვესელავა - გახარიამ მაისს არ უნდა გადააცილოს, პოლიტიკაში საჭიროა დროზე მოსვლა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური იდეოლოგია, ხედვა, ტაქტიკური ხაზი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ პარტიამ გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში მობრუნდეს, ამას ვერც ერთი განზომილებით ვერ ვხედავ, ვერც ხალხის განწყობით, ვერც პოლიტიკური, ვერც სოციალური, ვერც ეკონომიკური, ვერც ფსიქოლოგიური და ა.შ. ეს ტაქტიკა თავის დროზე ბოლშევიკებსაც ჰქონდათ და ავტორიტეტიც ასე იქმნებოდა, საზოგადოებაში წინააღმდეგობა და დაჩაგრული კაცის სინდრომი უნდა შეიქმნას, დაჩაგრულ კაცს კი საზოგადოება ყოველთვის მხარს უჭერს, ამ შემთხვევაში პიროვნება მელია გამოინახა, რომელიც ამ დინებას დაჰყვა - ეს მარტივი საქმე არაა, ამასაც გამბედავობა უნდა, თუმცა გამოინახა”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გახარიამ მაისს არ უნდა გადააცილოს, პოლიტიკაში საჭიროა დროზე მოსვლა - იგორ კვესელავა.

“ეს არჩევნები “ნაცმოძრაობისთვისაც” და “ქართული ოცნებისთვისაც” გადამწყვეტია, თითქოს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაღაცნაირად ქვედა საფეხურია, მაგრამ ამ ეტაპზე ასე არაა, რადგან ეს განსაზღვრავს იმას, ჩვენ გვექნება თუ არა 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მეორე მხრივ განმსაზღვრელია იმადაც, რომ თუ ოპოზიციამ თავის ხელში პოლიტიკური სადავეები აიღო, როგორც მსხვილ ქალაქებში ასევე რაიონებში, მაშინ უკვე ხელისუფლების ცვლა ქვემოდან ზემოთ დაიწყება. რაც შეეხება იმას, გაიმარჯვებს თუ არა მელია, მე ამაში ეჭვი მეპარება, თუნდაც იმის მიზეზით, რომ “ქართულ ოცნებას” თავისი კანდიდატურა ეყოლება, აქვეა გახარიას და მისი გუნდის ძალა, რომელმაც კი არ მიიძინა, მიყუჩებულია და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. გახარია მწვერვალზეა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ამ სიმაღლიდან ჩამოვიდეს და იბრძოლოს, მას თავის სტრატეგია და ტაქტიკა აქვს და ვფიქრობ, რომ მაისს არ უნდა გადააცილოს. პოლიტიკაში საჭიროა დროზე მოსვლა - არც გვიან და არც ადრე. ის ამჟამად უკვე აქტიური პოლიტიკისათვის ემზადება, რომ თვითონ კი არ უნდა იყოს შემყურე, მაგალითად ის მაინც “ქართული ოცნების” შემყურე იყო, მის პოლიტიკას ახორციელებდა, ახლა კი სურს, რომ იდეოლოგია თვითონ შექმნას და პოლიტიკა თვითონ განახორციელოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი სერიოზული ძალა იქნება, თბილისშიც და განსაკუთრებით სამეგრელოში, ასევე სხვა რეგიონებშიც. მას ჰყავს ძალა, რომელიც ალბათ მალე გააქტიურდება, პროგრამაზე მუშაობენ, თორემ სხვა შემთხვევაში ეს რომ არ გააკეთოს, საზოგადოება იტყვის, დამარცხდაო. ვფიქრობ, გახარია არაა ის ადამიანი, რომ დამარცხებულად წავიდეს, ან დამარცხებულთა რიგებში იყოს. საპარლამენტიო რესპუბლიკის პირობებში კოალიციაა საჭირო, ამიტომ ამ შემთხვევაში კოალიცია გამორიცხული არაა, მაგალითად, გახარიასი ვიღაცასთან... ახლა ფაქტიურად სამი ძალაა, “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და მესამე არის გახარიას ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ არა მეორე ან მესამე, არამედ პირველი ძალა იყოს. ანუ ეს ის ძალაა, რომელიც პირველობისთის ემზადება, ამას ვერც “გირჩი” ვერ გააკეთებს, ვერც “მოქალაქეები”, ვერც “ლელო” და ვერც სხვები, მაგრამ გახარიას გუნდს ექნება პრეტენზია იყოს პირელი და არა მესამე, ამ სიტუაციაში კი შესაძლებელია კოალიციის თვალსაზრისით გარიგება მოხდეს, ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ასეთი კალაძეა”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.

“გამორიცხული არაა, რომ ამით ახალი ძალა შემოვიდეს, ყველაფერი ბერდება, მათ შორის პოლიტიკაც, ვფიქრობ, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა გაიარა და ზამთარი დაუდგა. არის სხვა ვარიანტიც, თუ ვაშაძის მოქმედებებს დავაკვირდებთ, ის ხან ოპოზიციაშია, ხან სხვა პოზიცია აქვს, ის ამ სიტუაციას უყურებს თუ მისთვის სად სჯობია. მისი მოძრაობა პირველ ადგილზე რომ ვერ გავა, მისთვის ცნობილია, ამიტომ ის სადღაც უნდა დადგეს. გახარია კი არ მივა მასთან, ის უნდა მივიდეს. ვაშაძე “ნაცმოძრაობაში” ვერ მივა - წამოვიდა და ვერ მიბრუნდება. “ლელოსა” და ვაშაძის კავშირი მაინც გამორიცხული მგონია, იმიტომ რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე ლიდერები არიან, ვაშაძეც ლიდერია, ერთ ქუჩაზე ორი ლომი არ ცხოვრობს, ამიტომ პოლიტიკური მომენტიდან გამომდინარე, შესაძლოა პოლიტიკური კოალიცია შეიქმნას, ან გახარია-ვაშაძე, ან გახარია-კალაძის ერთობა. თუმცა მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, ალბათ ეს მალე გაირკვევა, შეიძლება გახარია მარტოც გამოვიდეს, მაგრამ თუ ბრძოლა უნდა, კოალიცია უნდა შექმნას", - დასძენს იგორ კვესელავა.

ახალი მოთამაშეები ქართულ პოლიტიკაში - ვინ იხეირებს ამით და ვინ დარჩება ხახამშრალი

“ქართულ პოლიტიკურ ფლანგზე ახალი მოთამაშე ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოდის. როგორც მან საზოგადოებას ამცნო, პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. მის ორგანიზაციას “ერთობა, რაობა, იმედი” ერქმევა. ბიზნესმენმა ახალი ორგანიზაცია შემოკლებით “ერი” დააფუძნა. ვასაძემ პოლიტიკურ გეგმებზე “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვაა, რომ მან საკმაოდ მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება მიიღო. რატომ მიიღო ბიზნესმენმა ეს გადაწყვეტილება და ვისთან ერთად შეიძლება ის ვიხილოთ, ჯერჯერობით უცნობია. არსებობს ვერსიები, რომ ის შესაძლოა მომღერალ “უცნობთან” იგივე გია გაჩეჩილაძესთან ერთად გამოჩნდეს. ასევე არაა გამორიცხული, რომ მან საპატრიარქოსგან დიდი მხარდაჭერა მიიღოს. ჩნდება ეჭვიც, რომ ვასაძე “ნამახვან ჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მხარდაჭერითაც საგებლობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი მოთამაშეები ქართულ პოლიტიკაში - ვინ იხეირებს ამით და ვინ დარჩება ხახამშრალი.

“თუმცა ვასაძესთან ერთად პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიასაც ელიან. ვინ ვისი კონკურენტი იქნება და რა გავლენას მოახდენენ ისინი პოლიტკურ ველზე, ჯერ უცნობია. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვასაძე არ არის იმ დონის ფიგურა, რომელმაც პოლიტკურ ცხოვრებაში რამე ცვლილება შემოიტანოს. მას ჰყავს თავისი მიზნობრივი აუდიტორია და ელექტორატი, რომელთა შორის კონკურენტებიც კი არიან. “მივიღე ჩემთვის, პირად ჭრილში მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ კერძო პირის მდგომარეობას და შემოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი არის, პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული და იდეოლოგიური”, აცხადებს ლევან ვასაძე. ის ფლობს მრავალმილიონიან ბიზნესებს რუსეთსა და საქართველოში. საზოგადოების ნაწილი მას “პრორუს ბიზნესმენადაც” მოიხსენიებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ოფიციალურად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, თუმცა პირველ საჯარო პრესკონფერენციაზე მას არ დაუკონკრეტებია, ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას. ჟურნალისტების კითხვას, ვიხილავთ თუ არა მომღერალს და შოუმენს, გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) მის პარტიაში, ვასაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე გაჩეჩილაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ბიზნესმენის ადასტურებს, რომ “უცნობი” მისი მეგობარია, პატივს სცემს მის საქმიანობას, თუმცა ამ საკითხზე მათ შორის საუბარი არ შემდგარა. ვასაძის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ეხმაურება - “ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება და შესაძლებლობა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. რაც შეეხება მის შანსებს, ამას, მათი თქმით, არჩევნები აჩვენებს. “ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. თუკი ვინმეს რამე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფრის პასუხი იქნება არჩევნებზე გაცემული”, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ლევან ვასაძე არის პრორუსი და რუსული ინტერესების გამტარებელი, ამიტომ მას მაღალი შანსები ქართულ პოლიტიკაში არ აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“პრორუს ადამიანებს და პოლიტიკოსებს და დეკლარირებულ რუსულ აგენტურას, რაც ნაკლები მხარდაჭერა ექნება საქართველოში, ვიქნები ამით უფრო ბედნიერი. ვასაძე არც მალავს, რომ კრემლზე ამოსდის მზე და მთვარე და ღიად ქადაგებს პრორუსულობას და იმას ლაპარაკობს, რაც რუსებს აწყობთ”, - აცხადებს პარლამენტის წევრი და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი. იგივე პოზიციას იზიარებენ “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე და “ევროპული საქართველოს” რეგიონული მდივანი ლაშა დამენიაც. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ის როგორც სამოქალაქო პირი ადრეც აქტიურობდა, ამიტომაც მისი გადაწყვეტილება გასაკვირი არ უნდა იყოს. რაც შეეხება იმას იქნებიან თუ არა ის და უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე ერთად, ძაბირაძე ამბობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად იქნებიან”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუკი უცნობიც პოლიტიკაში შემოსვლას ასე ღიად დაანონსებს, მაშინ მათ ერთი საერთო ელექტორატი ეყოლებათ. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელსაც ასევე უკვე გაცხადებული აქვს, რომ პოლიტიკაში შემოვა, ის ყველაზე გავლენიანი და მძიმეწონიანი ფიგურაა, ამიტომაც მისთვის უცნობი და ვაშაძე კონკურენტები ვერ იქნებიან. ოპოზიციურ ფლანგზე ახლად შემოსული პოლიტიკური ძალები ძირითადად მაინც ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე იმუშავებენ. “ლევან ვასაძე უფრო რუსული ვექტორის მიმართულებით აღიქმება. თუმცა ამ მხრივ პოლიტიკურ ველზე არაერთი მოთამაშეა და დიდი კონკურენციაც იქნება. დიდად ამ ვექტორის პოლიტიკოსებს და პარტიებს ჩვენი მოსახლეობა არ წყალობს. გავიხსენოთ იგივე მარში, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ვნახეთ რა შედეგიც მიიღეს”, - ამბობს ძაბირაძე. მისი თქმით, არ იცის “უცნობი და ვასაძე ერთად იქნებიან თუ არა, მაგრამ თუ გაჩეჩილაძეც პოლიტკურ ველზე შემოსვლას გადაწყვეტს, მაშინ ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად იქნებიან”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება შეიძლება ოპოზიციურ ველზე კონკურენციას სპეციალურად ზრდის, რათა მათი დაქსაქსულობით ხმების 43%-ი უფრო ადვილად აიღოს, ცოტა ლოგიკას მოკლებული მგონია. ვაშაძე თუ ვინმეს ხმებს წაიღებს, ეს ძირითადად მაინც „ოცნების“ ამომრჩეველი იქნება და არა „ნაციონალური მოძრაობის“. მმართველ გუნდს ახალი პარტიების გამოჩენა პოლიტკურ ველზე მაინც და მაინც ხელს არ აძლევს”, - მიიჩნევს ძაბირაძე. მისივე თქმით, ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლის. იქნებიან ადამიანები, რომლებიც მას ხმას მისცემენ, მაგრამ ეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერს ნიშნავს. ძაბირაძე ამბობს, რომ მისი ამომრჩეველი ძირითადად პრორუსული ორიენტაციის ამომრჩეველია, რომელიც ნაციონალური და პატრიოტული განცხადებებით გამოირჩევიან”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლის შესახებ აკეთებს განცხადებას და აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას “ერთობა, რაობა, იმედი”, რომელიც დიდი ალბათობით მომავალში პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება. პოლიტიკურ ველზე მეორედ გამოჩენას ოპოზიციისგანაც და ხელისუფლებისგანაც საკმაოდ ხისტი შეფასებები მოჰყვა. ვასაძემ მოძრაობის დაფუძნებაზე განცხადება “თბილისი მარიოტში” სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ”ძირითად მიზეზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური,ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური,იდეოლოგიური თვალსაზრისით”, - აცხადებს ვასაძე. რაც შეეხება ბიზნესმენის სამომავლო გეგმებს, მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” 16 მაისს, 9 აპრილის ბაღში აქციას გამართავს. აქციის ჩატარებამდე კი თავად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვასაძე პოლიტიკაში მოდის და პირველი გზავნილი საპრეზიდენტო მმართველობის დაბრუნებაა.

“ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა აპირებს 16 მაისს ჩაატაროს საჯარო აქცია. აქციის ადგილად გვინდოდა პარლამენტის წინ, თუმცა იქ პერმანენტული კარვების ქალაქია გაშლილი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს “ნაცებმა” და “ქოცებმა”. ხალხში ტყუილად არ არის გაჩენილი ტერმინი - ნაცქოცები და ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს ორი ძალა თეატრალურად ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ იდეოლოგიურად ერთმანეთის მკვებავია. ჩვენ ძალიან დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს 10-15 კაცს, თუმცა ასობით თანამოაზრე გვყავს. ეს არიან პოლიტიკური ექსპერტები, იურისპრუდენციის და ეკონომიკის ექსპერტები. დომხალში გაუსვრელი და პატიოსანი ხალხი, რომელთაც საქართველოში დიდი ავტორიტეტი აქვთ. ზეგიდან მოგზაურობას დავიწყებ საქართველოში, დავიწყებ მესტიიდან, მერე ზუგდიდი, სენაკი, გურია, ქართლ-კახეთი. 16 მაისამდე რამდენსაც მოვასწრებ, ვივლი”, - აღნიშნა მან. ვასაძეს მიაჩნია, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობას უნდა დაუბრუნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, ძლიერი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ ის გადაიქცეს ისეთ ტირანად, როგორადაც იქცა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა თუ არ გაქვს ასეთი ინსტიტუტი, მაშინ გარანტირებულად გაქვს ის ქაოსი, რომელშიც ჩვენმა მრჩეველებმა შეგვაგდეს ახლა”, - ამბობს ბიზნესმენი”, - დასძენს გამოცემა.

მომავალი წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერების კრიტერიუმები გამკაცრდება

“საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან ტექნიკური დათვალიერება ნახევარმა ცოტა მეტმა გაიაირა. პროცესის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული 1 300 000 მეტი მანქანიდან თითქმის ნახევარი საერთოდ არ გამოცხადებულა ინსპექტირების ცენტრებში. გამოდის, რომ საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უბრალოდ, თავი აარიდა ტექდათვალიერების პროცესს და პარალელურად უამრავი რეგისტრირებული მანქანა, უბრალოდ, ჯართია. ტექინსპექტირება ავტომობილების წელიწადში ორჯერ შემოწმებას ითვალისწინებს, მაგრამ აშკარაა, რომ მათი უმეტესობა ხშირად პირველად დათვალიერებასაც კი ვერ გადის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მომავალი წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერების კრიტერიუმები გამკაცრდება / “მძღოლები კონკრეტული დღისთვის ემზადებიან, ქირაობენ საბურავებს, კატალიზატორს, საქარე მინებსაც კი”

“მანქანების ნაწილში, რომელთაც ტექდათვალიერებისთვის ცენტრებს მიმართეს, განმეორებითი ინსპექტირების დროს, ზოგის შემთხვევაში ხარვეზი გამოსწორებულია, ზოგის შემთხვევაში კი - არა. მართალია, ავტომობილებს აქვთ პრობლემები და მოსაწესრიგებელია, თუმცა საგულისხმოა, რომ თავად სფეროც მოუწესრიგებელია. როგორც დარგის სპეციალისტი, ვაჟა იორდანაშვილი აღნიშნავს, ტექინსპექტირების მოთხოვნდები ისედაც მკაცრია, მომავალი წლიდან კი, გამონაბოლქვის კონტროლის კომპონენტი გამკაცრდება და ასევე მოთხოვნილი იქნება, რომ კატალიზატორმა გამართულად იმუშაოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აპრილის და მაისის თვეეში მიმართვიანობა ცენტრებში საგრძნობლად შემცირებულია. შარშან, პანდემიის პირობებში, 21 ივლისამდე ინსპექტირების ვადა გადავადდა. შესაბამისად, ავტომობილებმა დათვალიება გაიარეს ივლისის შემდეგ. ფაქტობრივად, ახლა, ვისაც ტექინსპექტირების გავლა უწევდა, ძალიან ცოტაა მათი რიცხვი, რადგან შარშან ხომ ვადამ გადაიწია. შეიძლება ითქვას, მხოლოდ ახალრეგისტრირებული ავტომობილები მიდიან. აქედან გამომდინარე, მიმართვიანობა მკვეთრად არის შემცირებული. ამ ეტაპზე მოთხოვნები ისედაც საკმარისად მკაცრია. 2022 წელს კი დამატებით, გამონაბოლქვის კონტროლი მკაცრდება და მოთხოვნილიიქნება კატალიზური კონვერტორის გამართული მუშაობა, შესაბამისად, მომავალი წლიდან ტექინსპექტირების გავლა საკმაოდ გართულდება. განმეორებითი ინსპექტირების დროს, როგორც წესი, ავტომობილი გამართულია. როდესაც პირველი შემოწმების დროს, მანქანა ხარვეზდება, შემდეგ შემოწმებაზე უკვე გამოსწორებული ხარვეზით მოდიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა იორდანაშვილი.

“კატალიზატორი, საბურავები, საქარე მინები, სამუხრუჭე სისტემა, ფარები - ეს დეტალების ის მცირე ჩამონათვალია, რაც სავალდებულო ტექდათვალიერებამდე მძღოლს წესრიგში უნდა ჰქონდეს. მომავალი წლიდან კი, ინსპექტირებაში ცვლილება შედის და ავტომობილების დათვალიერებისას გავლისას დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივას” წარმომადგენელი, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ტექნიკური ინსპექტირება მხოლოდ ფორმალურად არსებობს და მძღოლები შემოწმებისთვის სხვაგვარად ემზადებიან”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები წლებია ვაწარმოებით ადვოკატირებას, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების რეფორმის საჭიროებიდან გამომდინარე, რომ ქვეყნააში აღდგენილიყო ინსპექტირება. ერთი მხრივ, ეს იყო გამოწვეული ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკურულების ვალდებულებებით და მეორე მხრივ, იმით, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხეობის კუთხით. სამწუხაროდ, ევროპის მასშტაბით ვართ მოწინავე სახელმწიფო გზებზე სიკვდილიანობით და ასევე ეკოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ძალიან ცუდია. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ტექდათვალიერება შესულიყო ძალაში, თუმცა, სამწუხაროდ, ცუდი შედეგი მივიღეთ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვასო ურუშაძე.

“საქმე ისაა, რომ ხელისუფლებამ ეს შესაძებლობა ზედაპირულად აიღო და გაატარა ზედაპირული რეფორმა, რომელიც არ იყო სიღმირეული, კონკრეტულ გათვლებზე და ანლიზზე დაფუძნებული. შესაბამისად, ვერ გაუმჯობესდა მდგომარეობა, ვერც საგზაო უსაფრთხეობის და ვერც ეკოლოგიური მიმართულებით. რადგან ტექნიკური ინსპექტირება პერიოდულია, მძღოლები კონკრეტული დღისთვის ემზადებიან. ქირაობენ საბურავებს, კატალიზატორს, საქარე მინებსაც კი. ანუ, ტექინსპექტირება არააფექტურია, რაც განპირობებული სახელმწიფოს მხრიდან ზედაპირული დამოკიდებულებით. სახეზეა ფორმალური ტექინსპექტირება, რომელიც რეალობას არ ცვლის, ფორმალურად არსებობს. მძღოლები ერთი დღისთვის აწესრიგებენ ავტომობილებს. ამაში იხდიან კონკრეტულ გადასახადს. საბოლოო ჯამში კი, მდგომარეობა არ იცვლება“, - დაასკვნის ვასო ურუშაძე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა