დავით ზალკალიანი - ისრაელში საქართველოს საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან

ისრაელში საქართველოს საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო გმობს სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა.

"ძალიან გვაღელვებს ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რომლებიც ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის სურვილს წარმოადგენს რეგიონში სიტუაციის განმუხტვა, რათა მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება.

მინისტრის თქმით, ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოს მოქალაქე მსუბუქად დაშავდა.

"მან მიიღო ძალიან მცირე დაზიანება, მაგრამ მინდა დავამშვიდო ყველა, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, საელჩო არის მასთან კომუნიკაციაში, არანაირი გართულება არ არის და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, იგი უკვე გამოწერილია საავადმყოფოდან და უსაფრთხოდ გრძნობს თავს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა