ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2021

ორი ახალი პარტია, რომელიც ვადამდელ არჩევნებს გარდაუვალს გახდის - “ოცნება” შეიძლება არც ეცადოს 43%-ის აღებას”

“ოცნება” გახარიას გუნდის აქტივობამ შეაშფოთა - “ბიზნესმენებს ატყუებენ, რომ ისინი “ოცნება 2” არიან...”

როდის და როგორ დაიხსნიან გერმანიაში წასულ ქართველებს უმძიმესი პირობებისგან

* * *

ორი ახალი პარტია, რომელიც ვადამდელ არჩევნებს გარდაუვალს გახდის - “ოცნება” შეიძლება არც ეცადოს 43%-ის აღებას”

“პოლიტიკურ ველზე ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიების შემოსვლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს პარტიები “ქართულ ოცნებას” მომხრეების ნაწილს წაართმევენ და მმართველ პარტიას ადგილობრივ არჩევნებზე უკვე გაუჭირდება 43%-იანი ზღვარის გადალახვა. როგორც ცნობილია, შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, თუ “ქართული ოცნება” ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაინიშნოს. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, შესაძლოა ეს მოცემულობა “ოცნებას” აწყობდეს კიდეც, რადგან ვადამდელ არჩევნებზე სავარაუდოდ იმაზე მეტ საპარლამენტო მანდატს აიღებს, ვიდრე ახლა აქვს. მისი აზრით, ვასაძისა და გახარიას გუნდები ადგილობრივ არჩევნებზე ცალ-ცალკე ამჟამად რეიტინგით მეორე პარტიაზე, “ნაციონალურ მოძრაობაზე” მეტს ხმას მიიღებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორი ახალი პარტია, რომელიც ვადამდელ არჩევნებს გარდაუვალს გახდის - “ოცნება” შეიძლება არც ეცადოს 43%-ის აღებას”.

“მათი მონაწილეობით ბოლო რეიტინგები მაინც რომ იყოს ცნობილი, ამაზე პასუხი უფრო მიახლოვებული იქნებოდა. თუმცა, ჩემი აზრით, ვასაძესაც და გახარიასაც ცალ-ცალკე უფრო მეტი რეიტინგი ექნებათ, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” იმიტომ, რომ ენმ-ეს რეიტინგი ძირითადად სააკაშვილზეა, ვისიც მხარდამჭერებს უსიტყვოდ სჯერათ. ანალოგიური ქარიზმატულობა მეტ-ნაკლებად ვასაძესაც აქვს. ვასაძეს რეიტინგი ექნება ქარიზმატულობისა და აგრეთვე იმის ხარჯზეც, რომ ბევრი ის თემა, რომელსაც იგი პედალირებს, სხვადასხვა წრეებისთვის აქტუალურია. თან ის ხელისუფლებაში არ ყოფილა, მის მიმართ საყვედურები არაა, რომ რაღაც რატომ არ გააკეთა ან გააკეთა. საყვედურები ძირითადად რუსეთთან მის ურთიერთობაზეა, რაც, როგორც აღმოჩნდა, შესაძლოა დიდი მნიშვნელობის შეიძლება არ იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ვიცით, რომ გახარიას საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა მაშინ, როცა მან პრემიერის პოსტი დატოვა და შეიძლება დღეს პასიურობის გამო ეს რეიტინგი იგივე ხარისხის არ იყოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევისთვის, გარკვეული ტიპის ამომრჩევლებისთვის მიმზიდველი ფიგურაა, მაგალითად ისეთებისთვის რომლებიც ევროპაზე არიან ორიენტირებული და რომლებისთვისაც მიუღებელია როგორც “ოცნება”, ისე “ნაციონალური მოძრაობა”. ასეთებიც ბევრი იქნება, თან იმაზე მეტი, ვიდრე “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებია. ამავე დროს როგორც გახარია, ისე ვასაძე მხარდამჭერების რიგებს შეივსებს იმ ხალხით, ვინც პასიური იყო და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა - ესაა ამომრჩევლების დაახლოებით 40%, რომელიც თითოეული მათგანისთვის ძალიან სერიოზული დანამატი იქნება. თუ დღეს “ნაციონალურ მოძრაობის” რეიტინგი მაქსიმუმ 15% აქვს და ამათმა ერთად 30% აიღეს, “ქართული ოცნებისთვის” რაღა დარჩება? თან სხვა პარტიებიც ხომ არიან. ამიტომ მგონია, რომ “ოცნებას” ადგილობრივ არჩევნებში მიცემული პირობის შესრულება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწიოს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ამ ლოგიკას თუკი გავყვებით, მიმაჩნია, რომ გახარიასა და ვასაძის პარტიები ძალიან ბევრ ხმას აიღებს, რომლის ფონზედაც “ქართულ ოცნებას” 43%-ის დაგროვება გაუჭირდება. მაგრამ აგრეთვე მიმაჩნია, რომ “ოცნება” ამ 43%-ის მიღწევას მაინცდამაინც არც ეცდება. მას შეიძლება მოცემულ მომენტში ვადამდელი არჩევნები აწყობდეს, რადგან სანამ ვასაძის და გახარიას ჯგუფი მოღონიერდება, “ოცნებას” დიდი შანსი აქვს, რომ მან უფრო მეტი მანდატი აიღოს, ვიდრე ახლა აქვს და დიდი შანსია იმისიც, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ჯერჯერობით დესტაბილიზაციის ნიშნით არიან ცნობილი, მანდატების გაცილებით მცირე რაოდენობა აიღონ. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” 43% თუ ვერ აიღო დაიღუპება, მემგონი ნაადრევია და დიდი შანსიცაა, რომ მის ინტერესში იყოს სწორედ ის, რომ შეპირებულ ბარიერამდე ვერ მიაღწიოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

“ოცნება” გახარიას გუნდის აქტივობამ შეაშფოთა - “ბიზნესმენებს ატყუებენ, რომ ისინი “ოცნება 2” არიან...”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები ბიზნესმენებთან და პოლიტიკურ აქტივისტებთან მართავენ შეხვედრებს, რომლის დროსაც საკუთარ თავს მმართველი პარტიის ახალი პროექტს “ოცნება 2”-ს უწოდებენ. მმართველი გუნდის წევრები ამ ტენდენციით შეშფოთებული არიან, თუმცა ასეთი შეხვედრების კონკრეტულ დროსა და ადგილს ვერ ასახელებენ. “ე.წ. გუნდი დადის საზოგადოებაში, იქ ბიზნესმენებთან დადიან, აქტივისტებთან, ჩვენს აქტივისტებთან მათ შორის და ამბობენ, რომ ესენი არიან “ოცნება 2” - “ქართული ოცნების” მეორე პროექტი. მესიჯებში აირივნენ - ან არიან “ოცნების” პროექტი, რითაც ატყუბენ აქტივისტებს და ბიზნესმენებს, ან ვიღაც ახორციელებს მათზე ზეწოლას. ერთიც და მეორეც ტყუილია. ისინი არ არიან “ქართული ოცნება”. შესაბამისად, ტოვებენ პოლიტიკურ თანამდებობებს და ვურჩევ მესიჯებში არ აიბლანდონ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” გახარიას გუნდის აქტივობამ შეაშფოთა - “ბიზნესმენებს ატყუებენ, რომ ისინი “ოცნება 2” არიან...”

“აღნიშნულ საკითხზე “ქართული ოცნების” წევრებმა დეტალები არ იციან. პარლამენტარ ლადო კახაძის თქმით, მან არ იცის სად, როდის და რა სახის შეხვედრებს მართავენ გახარიას გუნდის წევრები, თუმცა ირაკლი კობახიძის სიტყვებს ენდობა. “კონკრეტულად რომელ რეგიონებში იყო მსგავსი შეხვედრები, ან რა საკითხები განიხილეს, მე ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ეს ფაქტი ცნობილია და ირაკლი კობახიძის, როგორც პარტიის თავმჯდომარის სიტყვებს მე ვენდობი. ადამიანები რომ ასეთ მაპროვიცირებელ ნაბიჯებს დგამენ, რასაკვირველია შეშფოთებას იწვევს და ძალიან შემაწუხებელია მსგავსი ქმედებები. არ ვიცი რა ლოგიკით მსჯელობენ - იმით, რომ “პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა?” რეალურად ჩვენი გუნდი ნებისმიერ ნაბიჯს კეთილსინდისიერად დგამს და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში ყველაფერი იყო გამჭვირვალე და სანდო, არა ბოროტული ნაბიჯებით, არამედ სიკეთით”, - ამბობს ლადო კახაძე. “ქართული ოცნების” წარმომადგენელი კიდევ ერთი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით კი, ის არავითარ დეტალებს არ ფლობს იმის შესახებ, თუ სად და რა შინაარსის შეხვედრებს მართავენ გახარიას გუნდის წევრები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე არ ვიცი ნამდვილად რა სახის შეხვედრებს მართავენ და სად. ამ საკითხში კომპეტენტური ირაკლი კობახიძე იქნება, რადგან ამაზე ინფომაცია მან გაავრცელა”, - ამბობს ირაკლი ზარქუა “რეზონანსთან” საუბრისას. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემ გახარიას გუნდის წევრების გააქტიურებაზე განცხადება ზუგდიდის მერის გადადგომაზე საუბრისას გააკეთა, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მსგავსი ფაქტები სამეგრელოში ხდება, სადაც გიორგი გახარიას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს”, - დასძენს გამოცემა.

როდის და როგორ დაიხსნიან გერმანიაში წასულ ქართველებს უმძიმესი პირობებისგან / შესაძლოა, ბევრმა გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლა აღარც ისურვოს

“გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველებს ენით აუწერელი ვითარება დახვდათ. პირობები უმძიმესია, ანაზღაურება კი ბევრად დაბალი, ვიდრე პირობა იყო. არის კვებისა და საცხოვრებელი პირობების პრობლემა. საქართველოს მოქალაქეები ახლა დახმარებას ითხოვენ. საქმეში უკვე გერმანიის ელჩიც კი ჩაერთო. გერმანიაში ლეგალური სამუშაოები, სადაც დასაქმება საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოინდომა, როგორც გაირკვა, უმძიმესია - კონტრაქტისგან სრულიად განხსვევებული. ამიტომ ახლა 24 ქართველი დამხარებას ითხოვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის და როგორ დაიხსნიან გერმანიაში წასულ ქართველებს უმძიმესი პირობებისგან / შესაძლოა, ბევრმა გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლა აღარც ისურვოს.

“მოტყუებული ვართ. კონტრაქტით გვპირდებოდნენ საათში 9,5 ევროს და კვირაში 6 სამუშაო დღე უნდა გვემუშავა. აქ ჩამოსვლისას დაგვხვდა სხვა რეალობა. საათში 3 ევროს გვიხდიან, თან დილის 6 საათზე ვიწყებდით და 4 საათი ვმუშაობდით. საცხოვრებლად ერთ პატარა ოთახში რამდენიმე კაცი ვართ. საკვები პრობლემაც შეგვექმნა”, - ამბობენ დასაქმებულები. სამუშაო ვითარების და ხელფასის დაკლების გარდა, პრობლემაა საცხოვრებელ პირობებშიც. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, საგანგაშო და გაუსაძლისია ის ვითარება, რომელიც გერმანიაში ჩასულ ქართველებს დახვდათ. “პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს გერმანიის ელჩს, შეისწავლოს საკითხი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რადგან სწორედ ეს უწყებაა გერმანიაში დასაქმების ორგანიზატორი”, - განაცხადეს საქართველოს პროფკავშირებში. ვითარების გამოსასწორებლად ქართული მხარე უკვე ჩაერთო. როგორც საქართველოს დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, ქართველებს, რომლებმაც დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს, ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აუცილებლად მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურება, რომელიც მათ იმუშავეს. ეს არის საკითხი, რასაც გერმანულ მხარესთან დავაზუსტებთ. მაქსიმალურად სამართლიანად მოხდება ანაზღაურება”, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა და აღნიშნა, რომ წინა სამ ჯგუფს, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა, არანაირი პრობლემა არ შექმნია. თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ვალდებულებებს, გერმანიაში წასული ქართველების ნაწილს, სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილებენ. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ “სოლიდარობის ქსელში” იმ გზებზე საუბრობენ, რა ხერხითაც ამ პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ასეთი გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს. ქართველ ემიგრანტები დავაკავშირეთ უცხოეთში არსებულ პროფკავშირებს. კონკრეტულ შემთხვევაში იყო ჩაგვრა და სხვა სახის დარღვევები. იქაურ პროფკავშირებს დამსაქმებელთან მოლაპარაკება ჰქონდა და ასეთი ჩარევის შემდეგ პრობლემა მოგვარდა”, - განუცხადა “რეზონანსს” სოფო ჯაფარიძემ. საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოდან წასული მოქალაქეების სამუშაო პირობებთან დაკავშირებით პროცესში მალევე ჩაერია. მას გერმანიის უწყებებთან ჰქონდა შესაბამისი საუბარი და მოხერხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულება. “მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი. პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს”, - აღნიშნა ელჩმა. მძიმე პირობებზე საუბრობენ გერმანიაში დასაქმებული სხვა ქართველი ემიგრანტები. როგორც ისინი აღნიშნავენ, ზოგიერთ შემთხევაში დამსაქმებლისგან დარღვევები ხშირია და იურისტების ჩარევამდე პრობლემა არ გვარდება”, - დასძენს გამოცემა.

“100 ათასამდე მსურველის მიუხედავად, ამ დრომდე გერმანიაში მხოლოდ 54 ადამიანია ჩასული სამუშაოდ. ბოლო ჯგუფი საქართველოდან 9 მაისს წავიდა. შეიძლება ისე მოხდეს, რომ სეზონურ სამუშაოზე წასულებმა საქართველოში თანხა საერთოდ ვერ ჩამოიტანონ, რადგან როგორც გაირკვა იქ ჩასულ ქართველები სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე დაპირება იყო. ამ კონკრეტულმა მაგალითმა კი შესაძლოა, სხვები დააფიქროს და გერმანიაში სეზონურ სამუშაოების პროგრამაში ჩართვა აღარ ისურვოს”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა