ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2021

შეუწყდება თუ არა საქართველოს ფინანსური დახმარება დასავლეთისგან

"გოლეთიანმა თავისი პოპულარობა არასწორად შეაფასა და შეცდომა დაუშვა“

***

შეუწყდება თუ არა საქართველოს ფინანსური დახმარება დასავლეთისგან

“შესაძლოა 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეების კონფერენცია და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 ახალი მოსამართლე წევრის არჩევა საქართველოს ფინანსური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ ღიად მიანიშნეს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დონორების დაუკითხავად მოსამართლეების არჩევა არ ღირს და თუ მაინც მოხდა, სარისკოა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეუწყდება თუ არა საქართველოს ფინანსური დახმარება დასავლეთისგან

"22 მაისს, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ერთობლივი წერილით მიმართეს. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით შიდა განხილვები და შესაბამისად, გადახედოს სასამართლოებში მოსამართლეებისა და სასამართლო პერსონალის დანიშვნის წესს, დანერგოს ატესტაციის, დაწინაურების, გადაყვანის გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.ეს კი არის მკაცრი პირობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გასაწევად. მედიაციის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს გადამწყვეტი როლი აქვს უზენაეს სასამართლოში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტების განსაზღვრაში. ეს ცვლილებები ევროპის საბჭოს შესაბამისი სტანდარტებისგან სარგებელს მიიღებს საერთაშორისო ექსპერტების მიერ უკვე გაწეული რჩევების ფონზე, მათ შორის ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრებების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გასაწევად. გარდა ამისა, შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება თუ შესწორებები მიიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნამდე და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების კენჭისყრამდე", - ნათქვამია წერილში”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ელჩების წერილზე ხელისუფლების პირველი რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იყო, ისინი აცხადებდნენ, რომ მოსამართლეების საქმეებში ვერ ჩაერევიან, წერილის ადრესატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კი ელჩების მოწოდება არ გაიზიარა, რომ შეჩერდეს უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი დანიშვნები, სანამ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლო რეფორმა არ განხორციელდება. კუჭავამ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ, პარლამენტი ვალდებულია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს და კანდიდატების დამტკიცების პროცედურა დაიწყოს. მისი თქმით, ეს პროცესი ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში იქნება, რაც "პოლიტიკური შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს". კონფერენციის დღის მოახლოვებასთან ერთად, მოსამართლეების ტონის შერბილება შეიმჩნევა. ორშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებდა, რომ მოსამართლე წევრების არჩევა ვერ გადაიდებოდა, ხოლო სამშაბათს "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ თუ 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია სხდომის დღის წესრიგს არ დაამტკიცებს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კონფერენცია გადაიდება და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა არ მოხდება. თუ ხვალ კონფერენცია არ დაამტკიცებს დღის წესრიგს, ეს სამართლებრივად ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კონფერენციის მუშაობა აღარ გაგრძელდება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აღარ იქნებიან არჩეული. ამიტომ ვამბობ, რომ ამ მოწოდების ადრესატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვერ ვიქნებით. ხვალ, ეს მთლიანი სამოსამართლეო კორპუსის გადასაწყვეტია, როდესაც დადგება საკითხი დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ", - განაცხადა დიმიტრი გვიტიშვილმა. „რეზონანსი" შეეცადა ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგანაც მიეღო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ანალიტიკოსები კი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ დასავლელი პარტნიორების აზრის იგნორირება გამართლებული არ იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

"როგორც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, დაუკითხავად მოსამართლეების არჩევა არ ღირს, სანამ პარტნიორები არ ჩათვლიან, რომ კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი თუნდაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. „ფინანსური დახმარება, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის მხრიდან ათობით მილიონს მოიცავს. რამდენადაც მახსოვს, შეერთებული შტატების სადღაც 60 მილიონზეა საუბარი და დაახლოებით ასეთივე თანხაა ევროკავშირიდან. ძნელი სათქმელია, ამის გამო ფინანსურ დახმარებას შეაჩერებენ თუ არა. უბრალოდ, რა თქმა უნდა, მათ დაუკითხავად მოსამართლეების არჩევა არ ღირს, სანამ დონორები არ ჩათვლიან, რომ კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი თუ გნებავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ჩვენი მთავრობა საუბრობს იმაზე, რომ რეკომენდაციების უმეტესობა გავითვალისწინეთო და რატომ უმეტესობა და არა ყველა რეკომენდაცია, ეს არ მესმის. ამიტომ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სარისკოა, რომ ეს მოსამართლეები მაინც უნდათ რომ აირჩიონ და საერთოდ მიკვირს რატომ მიდის სიტუაცია ამ დონემდე. ეს ყველაფერი ხომ შეიძლება დიპლომატიურ დონეზე ყოველგვარი გახმოვანების გარეშე მოგვარდეს - ელჩი მივიდეს მინისტრთან, მინისტრთან მივიდეს ელჩი, ისაუბრონ, რაღაცაზე შეთანხმდნენ. ესე იგი ვერ შეთანხმდნენ და მაინც კონფლიტს აქვს ადგილი. სულ რაღაც გარეთ გამოდის, სულ ვიღაც უკმაყოფილოა, ეს თავისთავად მგონია, რომ რაღაც სიპტპომია, რომ მიდგომებია არასწორი", - თქვა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას. კითხვაზე თუ მოხდა ისე, რომ ფინანსური დახმარება შეჩერდა რა პრობლემის წინაშე დადგება საქართველო? - გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დანაკლისი ყველა სექტორს შეეხება. ამ ბოლო ხანებში რითი ვსულდგმულობთ? როგორც მოგეხსენებათ, ამ კოვიდის გამო, საქართველოში ყველა ბიზნესი გაჩერებულია. უზარმაზარი ვალი დაგვიგროვდა, მაგალითად იგივე საავადმყოფოებში მედიკამენტები და სხვა საშუალებები. ეს ყველაფერი საიდანაა? ეს ყველაფერი საერთაშორისო გრანტებიდანაა და მათ შორის ევროკავშირისა და შეერთებული შტატების დახმარებიდან. ჩვენ კოვიდის შემდგომი რეცესიიდან გამოსვლისთვის დახმარება აუცილებლად გვჭირდება სოფლის მეურნეობისთვის, მცირე ბიზნესისთვის, გრანტები მრეწველობის განვითარებისთცვის და ა.შ. ამ ყველაფერზე ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება თუ არ იქნება, კრიზისიდან გამოსვლა და წინსვლა ძალიან გაგვიჭირდება. ეს ყველა სექტორს დააკლდება. ეს ის თანხა არაა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს, მაგრამ ეს ის თანხებია, რომლებიც ძალიან გვჭირდება", - განაცხადა გოგოლაშვილმა. მისივე თქმით, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ პროცესი შეაჩეროს და პარლამენტის მიერ ახალი კანონების ინიცირებას დაელოდონ. თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გვთხოვენ, რომ დროებით შეაჩერეთ და ეს კანონმდებლობა წესრიგში მოიყვანეთ და შემდეგ ჩაატარეთო, ამის გაკეთებას არაფერი არ უნდა. ეს დაახლოებით იმას, ჰგავს, პარლამენტში მაჟორიტარების ფრაქცია აჯანყდა და დაპირებას ამიტომ ვეღარ ვასრულებთო, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე იყო საუბარი. ეს არავინ დაიჯერა, რადგან როგორ შეიძლება მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილის დაპირების წინააღმდეგ წასულიყვნენ, რომელი მაჟორიტარი გაბედავდა ამას?! ახლაც ასეთი სიტუაციაა - რომელი მოსამართლეთა კოლეგია, ან საბჭო გაბედავს იმას, რომ თუ პარლამენტმა და მთავრობამ სთხოვეს, რომ მოდით დროებით შეაჩერეთ, ან ვადები გადასწიეთ, მათ უარი თქვან და მაინც ჩაატარონ, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ამას არავინ დაიჯერებს," - განაცხადა გოგოლაშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუკი ოცნებამ" თავისი წილი პასუხისლმგებლობის რეალიზაციაზე უკან დაიხია, დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გაიზრდება. „ელჩების ეს განცხადება პესონალური განცხადება არაა, ევროპული სტრუქტურებიდან მომდინარე სიგნალია და ამ შემთხვევაში ის ნაბიჯები, რომელიც ამ რეკომენდაციებში არ ჩაჯდება, ესაა მიშელის ხელშეკრულების შეუსრულებლობა, როგორც მათ მიერვე ითქვა. თუკი ხელისუფლება ხელშეკრულების შესრულებას ოპოზიციის პარლამენტში შესვლის დროს მოითხოვდა, ახლა უკვე ის დრო დადგა, როცა ხელშეკრულება თვითონ აქვს შესასრულებელი. თუკი თავისი წილი პასუხისმგებლობის რეალიზაციაზე უკან დაიხია, ალბათ ამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გაიზრდება", - განაცხადა საყვარელიძემ. კითხვაზე, ხელისუფლება ახდენს თუ არა მიშელის დოკუმენტის რევიზიას და გამიზნულად ხომ არ ამბობს უარს მისთვის არასასურველი პუნქტების შესრულებაზე, საყვარელიძე ამბობს, რომ: თუ არ ასრულებს, ესე იგი გამიზნულად არ ასრულებს. ასეთ სიტუაციაში შემთხვევით არშესრულება თითქმის შეუძლებელია და რა თქმა უნდა, დიდი შანსია, რომ გამიზნულად ჰქონდეს განზრახვა, რომ ამ პუნქტების შესრულებიდან თავი დაიძვრინოს. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, თუკი ეს ასეა, ჩემთვის გაუგებარი იქნება ხელისუფლების მოქმედება, რადგან როცა ხელისუფლება კანონდარღვევებზე ძალიან თამამად მიდის, როგორც სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა, ისეთ ხელისუფლებას ფარის მაგვარი რამ სჭირდება და შესაბამისი ფარის მაგვარი სასამართლო სტრუქტურები, რომ თავი დაიცვას. ამ ხელისუფლებასთან კი კანონზე ასეთი თამამი გადაბიჯება არ ხდება. ასე რომ, გაუგებარია რაში სჭირდებათ მათ მოსამართლეთა კორპუსში ეს ამდენი წვალება და სალანძღავად თავის გახდომა, გინდ საკუთარი ქვეყნის მოქალქეების და გინდ უცხოელების მხრიდან," - განაცდა საყვარელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

"გოლეთიანმა თავისი პოპულარობა არასწორად შეაფასა და შეცდომა დაუშვა“

"ვარლამ გოლეთიანს გვერდით ჭკვიანი ხალხი ჰყავს შემოკრებილი და საპროტესტო აქციის დამთხვევა 26 მაისის ზეიმთან სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, თავად გოლეთიანის მიერ 26 მაისზე გაკეთებული განცხადების შემდეგ უკან დახევა და დამატებითი განცხადების გაკეთება შეცდომა იყო. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გოლეთიანმა თავისი პოპულარობა არასწორად შეაფასა და შეცდომა დაუშვა“

"ნამახვანიჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა 26 მაისთან დაკავშირებით განცხადებაზე განმარტება გააკეთა, სადაც ამბობს, რომ საუბარი არა დამოუკიდებლობის დღის დაკნინებაზე, არამედ ჩინოვნიკებზეა, რომლებიც აღლუმზე გამოდიან, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი პოპულარულ ფიგურად ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არაა, რომ საზოგადოებამ ნებისმიერი პოზიცია მიიღოს, რაც შეეხება განცხადებაზე განმარტებას მათი აზრით ეს სისუსტის ნიშანია. "ნამახვანიჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე საპროტესტო მოძღაობის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პირველი განცხადება 24 მაისს გაკეთა, როცა აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდნენ. დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. იქიდან მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის. ერთხელ და სამუდამოდ, შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი. ამაში თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა. დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ და იქიდან გავაკეთოთმოწოდება, რომ ყველა ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის საშენებლად", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს განცხადება საზოგადოების ნაწილმა პროვოკაციად შეაფასა, რის შემდეგაც გოლეთიანმა დამატებითი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი მიზანი 26 მაისის მნიშვნელობის დაკნინება არ ყოფილა, როდესაც მოქალაქეებს არა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, არამედ მათ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამით გოლეთიანმა სისუსტე გამოავლინა. „გოლეთიანი ჯერ არაა იმდენად პოპულარულ ფიგურად ჩამოყალიბებული, რომ საზოგადოებამ მისი ნებისმიერი პოზიცია მიიღოს. პირობითად რომ ვთქვათ, თავის დროზე სააკაშვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ საკმარისი იყო ეთქვა ასეთი რაღაცა, რომ არ მიხვიდეთ შევარდნაძის აღლუმზე და მოდით ჩემთანო, ხალხი მივიდოდა მასთან და არა შევარდნაძის აღლუმზე. მისმა განცხადებამ უკურეაქცია რომ გამოიწვია, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან მის მიმართ კითხვები არსებობს. ვიცით, რომ 26 მაისი წმინდა დღეა, მაგრამ აღლუმი ხელისუფლების ღონისძიებაა და საზოგადოებამ გოლეთიანს ხელისუფლების ღონისძიებაზე არმისვლა დაუწუნა. ანუ ის კიდევ იმდენად პოპულარული და მისი პოზიციები იმდენად მყარი არაა, რომ მან განცხადებები ასე თამამად გააკეთოს. სწორი განცხადება გააკეთა, უბრალოდ ვერ გათვალა, რომ ჯერ კიდევ პოპულარული არაა და უკანდახევა და თავის ფრაზების კორექტირება მოუწია. ეს უკვე ახალგაზრდა პოლიტიკოსისთვის კარგი აღარაა, რადგან როცა კორექტირება გიწევს, შენ შენს სისუსტეს აღიარებ. ჩემი აზრით, პირიქით, შემტევი უნდა ყოფილიყო. აშკარად ჭკვიანი ხალხი ჰყავს, იმიტომ, რომ ეს გამოსვლები ისეთ დროს დანიშნეს, რომ აშკარად 26 მაისს დაამთხვიეს. ეს სწორად გათვლილი ნაბიჯი იყო და მე მისი მრჩეველი ვერ ვიქნები, თუმცა ამ ფონზე ვურჩევდი, რომ როცა პირიდან რაღაცას გამოუშვებს, უკან არ დაიხიოს, პირიქით, შეტევაზე გადავიდეს. უნდა თქვას - "დიახაც!" - განაგრძობს გამოცემა.

“ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, თუ ადამიანის უფლებებს არ არღვევს, დაცვადია და უნდა ეთქვა, რომ დიახაც, მიაჩნია, რომ ახლა აღლუმების დრო არაა. მე ბევრი კითხვები მაქვს, მაგრამ მას ხომ კითხვები არ აქვს და მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. ამ ტიპის რაღაც უნდა ეთქვა, რომ აღლუმები კიდევ იქნება და „ნამახვანჰესის" საკითხი დღეს უნდა გადაწყდეს და რომ 26 მაისი მარტო დღეს კი არა ყოველ დღეა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ყოველ დღე უნდა დავიცვათ და საქართველოს დამოუკიდებლობა „ნამახვანჰესზე" გადის. მაშინ მემგონი საზოგადოებას ალბათ მოეწონებოდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას. თავად აქვიას იგი ზოგადად დადებითად აფასებს, თუ ის კანონისა და ადამიანის უფლებების ჩარჩოებს არ გასცდება. თუ შედეგიანი იქნება, ჩემი შეფასება დადებითია, ზოგადად ამაში მიუღებელი არაფერია. აქციები, ქუჩების გადაკეტვები - ეს დემოკრატიის ნაწილია და ყველგან ხდება, მაგაში ტრაგიკული არაფერია. მთავარია ძალადობა არ იყოს, რაც მიტინგზე მოხდა, როცა ლგბტ სამკლაურით ერთი ადამიანი მივიდა და განდევნეს. ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს, რადგან ამ ტიპის ღონისძიებებს ჩრდილს აყენებს. ძალადობა არ უნდა იყოს და უხეშად რომ ვთქვათ ნაგვის ყუთების თავზე დაფარება არ უნდა ხდებოდეს. შესაძლოა იყოს ფიტული და მას დაახურო, მაგრამ არა ცოცხალ ადამიანს. თუ ეს საზოგადოება მოახერხებს, რომ თუნდაც მათთვის მიუღებელი ადამიანების პატივი და ღირსება არ შეილახოს, მაშინ ყველაფერი მოსულა და კანონში ზის. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა ის იქნება, თუ ამ ფორმებით საზოგადოება დაიღლება. ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. თუ გოლეთიანის მოწოდებებს აყვება, ეს ეფეტური იქნება, მაგრამ თუ ის იტყვის, რომ მოდი ქუჩები გადავკეტოთ და არ გადაიკეტება, მაშინ მან თავის თავში უნდა ეძებოს მიზეზები, თუ ეს რატომ ხდება და სტრატეგია და ტაქტიკა ხომ არ შეცვალოს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო