არ არსებობს სასამართლო სისტემაში "კლანი", სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი,- ასე უპასუხა მოსამართლე ლევან მურუსიძემ "სირცხვილიას" აქტივისტის ნოდარ რუხაძის კითხვას " არსებობს თუ არა ჩინჩალაძე-მურუსიძის "კლანი".
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სადაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ, კონფერენციის დაწყებამდე ნოდარ რუხაძემ მოსამართლე ლევან მურუსიძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ამასთან, მოსამართლემ ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
"საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას აქვს გამოხატვის უფლება, უბრალოდ ვისურვებდი, რომ ეს არ გასცდეს გამოხატვის თავისუფლებას და შეურაცხყოფაში არ გადავიდეს. ყველა ქვეყანა არის სპეციფიკური, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას ცოტა ფრთხილად უნდა მივუდგეთ. არ უნდა შევზღუდოთ კანონით, ყველა ადამიანს აქვს თავისი მორალური და შინაგანი კულტურა. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ღირსება, რომელიც არ უნდა შეურაცხყო, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს. თქვენ იცით ერთი იგავ-არაკი: დათვი, რომ სტუმრად ესტუმრა გლეხს და ცოლმა რომ მოიხსენია, რა მყრალი სუნი აქვსო. მან უთხრა, რომ თავში ჩამარტყი ნაჯახი, ერთი თვის შემდეგ კი ასეთი რაღაც უთხრა - შენი ნაჯახით დაკოდილი მომირჩა და შენი ენით დაკოდილი არა. ეს არის დიდი სიბრძნე, ქართული სიბრძნეა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ამ კონტექსტში ნოდარ რუხაძემ მოსამართლეს ჰკითხა, რა პოზიცია აქვს უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასევე რა პოზიცია აქვს ე.წ. კარტოგრაფების, გიორგი რურუას, "რუსთავი -2" ის, "ტვ პირველის" საქმეებზე და ა.შ.
„რაც ახლა საქმეები ჩამოთვალეთ, სასამართლოს არცერთ საქმეზე არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. განაჩენი არ აქვს გამოტანილი პირველ ინსტანციას, აქედან გამომდინარე, ყველა საქმეს, რასაც ასახელებთ და ამბობთ, რომ სასამართლო არ გვაქვს საქართველოში, არცერთ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის საქმეს , რომელიც ლანძღვა-გინების ფლაგმანი იყო სასამართლო სისტემის მიმართ, მან გაიარა 3 ინსტანცია, წავიდა სტასბურგში და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ შიდა სასამართლოებმა "რუსთავი 2"ის საქმე განიხილეს სწორად", - განაცხადა მურუსიძემ.
ამასთან, ნოდარ რუხაძემ მოსამართლეს ჰკითხა, რას ფიქრობს გირგვლიანის საქმეზე, რაზეც მან ასე უპასუხა - "ახლა, ვფიქრობ, რომ პირადულზე გადმოდიხართ, მაგაზე ბევრი მილაპარაკია", - განაცხადა მურუსიძემ.
ცნობისთვის, მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევენ და ჩაანაცვლებენ საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს, რომლებსაც საბჭოში მუშაობის ვადა ეწურებათ. ესენი არიან: ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"