სალომე სამადაშვილი - დრამაა, რომ 30 წელი ვერ მოვახერხეთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა, რაშიც დანაშაულის თავისი წვლილი ყველას მიუძღვის, რადგან ჩინჩალაძე და მურუსიძე ციდან არ ჩამოფრენილან

როდესაც ეს სასამართლო თითს გიქნევს და გეუბნება: „დამოუკიდებელი ვარ“, უბრალოდ დაცინვაა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც სამადაშვილი ამბობს, დრამაა, რომ 30 წლის მანძილზე ქვეყანამ ვერ შეძლო სისტემის შექმნა, რასაც დამოუკიდებელი სასამართლო ჰქვია.

მისივე თქმით, ამაში ყველას, მათ შორის ყოფილ ხელისუფლებასაც მიუძღვის წვლილი, რადგან ჩინჩალაძე და მურუსიძე ციდან არ ჩამოფრენილან.

„ძალიან დიდი დრამაა ჩვენი რეალობის, რომ დღეს დამოუკიდებლობის 30 წელიწადს აღვნიშნავთ, 30 წლის მანძილზე, რომელიც ბევრია, ცოტა არ არის, ვერ მოვახერხეთ მთავარი საყრდენი სისტემის შექმნა, რასაც დამოუკიდებელი სასამართლო ჰქვია. ამაში თავისი წვლილი დანაშაულის ყველას მიუძღვის, რადგან ჩინჩალაძე და მურუსიძე ციდან არ ჩამოფრენილან. სწორედ ამაშია უბედურება და „კლანი“ იმიტომ არის სასამართლო სისტემა. რომ შეიცვლება ხელისუფლება, ეს ხალხი იმ ხელისუფლებასაც მოერგება, თუ სწრაფად არ განხორციელდა შესაბამისი სასამართლო რეფორმა, რომელიც მართლა დაფშვნის და დაანგრევს „კლანს““, - განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, სისტემის რეფორმა ხელისუფლების ცვლილების გარეშე წარმოუდგენელია და ეს უნდა იყოს პირველი რეფორმა, რომელსაც ახალი ხელისუფლება განახორციელებს.

მისივე თქმით, სასამართლო „კლანი“, სისტემას მართავს, რომელიც შეკვეთილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს ყველა საკთხზე, რომელიც მნიშნველოვანია ხელისუფლებისთვის, ეს იქნება ბიზნეს თუ პოლიტიკური ინტერესები.

„ხომ ვიცით, რა გადაწყვეტილებებსაც იღებს სასამართლო. ვიცით, როგორ დააკომპლექტეს უზენაესი სასამართლო, ივანიშვილის პირადი ანტურაჟით - მისი ანტურაჟიდან გამოსული ადამიანებით. ეს სასამართლო როდესაც გესაუბრება, თითს გიქნევს და გეუბნება, რომ მე დამოუკიდებელი ვარ, ეს ცხადია არის უბრალოდ, დაცინვა ჩვენი კონსტიტუციის, დაცინვა ყველანაირი პრინციპების“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ამასთან სალომე სამადაშვილმა ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები.

„ჩვენი სახელმწიფო დღეს ჰგავს გემს, რომელსაც ბევრი ნახვრეტი აქვს და ბევრი ნახვრეტის გამო იძირება. ეს შეთანხმება ნავი კი არ არის, რომელშიც უნდა გადავსხდეთ, საცობია და ახალი ნავი შეიქმნება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. ამიტომ გვჭირდება ვადამდელი არჩევნები. შორს ვარ აზრისგან, რომ ეს ქვეყანა ოთხი წელი შეიძლება ვინმემ მართოს ისე, როგორც დღეს მიდის საქმე.

ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენმა ფრაქციამ დავიწყეთ ამაზე აქტიურად კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ მაქსიმალურად დავაბალანსოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. ნახეთ, რომ მოსამართლეები არ დაემორჩილნენ, არ შეისმინეს პირდაპირი განაცხადი ჩვენი დასავლელი პარტნიორების, გააკეთეს ის რაც გააკეთეს. მართლა „კლანივით“ არიან, "კლანი" რას ნიშნავს, რომ გადარჩენისთვის იბრძვის, ერთმანეთს ეხმარება“, - ამბობს სამადაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა