პრეზიდენტი - სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არ არსებობს - ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ჯილდო ოჯახურ და ასევე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პოლიციელებს ეკა ბუწკირიძეს, ანი ნაცარაშვილსა და გვანცა გოგავას გადაეცათ.

„მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ღირსების მედლით ვაჯილდოვებ სამ ახალგაზრდა პოლიციელს, ახალგაზრდა ქალს, ეკა ბუწკირიძეს, ანი ნაცარაშვილსა და გვანცა გოგავას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ოჯახური და ასევე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვისურვებ, რომ თქვენნაირი ძალიან ბევრი პროფესიონალი კიდევ გაიზარდოს და ემსახუროს ხვალ ქართულ პოლიციასა და ქართულ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სამსახურისთვის. ვამაყობ ქართული პოლიციით!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად სწორედ პოლიციას ევალება, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები.

„დღეს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევის პროცესში, იქნება ეს კოვიდპანდემიასთან და ბუნებრივ სტიქიასთან ბრძოლა, მართლწესრიგის დაცვა ან პოლიტიკურად თუ სოციალურად მოტივირებული საპროტესტო აქციების მშვიდობიანად და უსაფრთხოდ წარმართვა, პოლიცია მუდამ წინა ხაზზე დგას. ყველაზე მეტად სწორედ პოლიციას ევალება, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები. ამ ურთულესი მისიის შესრულებაში პოლიციას უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო და საზოგადოება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი ნორმების მიღება, რომლებიც პოლიციას მისცემს შესაძლებლობას, ეფექტურად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები და მოქალაქეების უფლებები. საზოგადოების ვალია, პატივი სცეს პოლიციას და ამით, თავადაც შეუწყოს ხელი პოლიციის საქმინობის წარმატებით განხორციელებას. სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არ არსებობს. ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მიზანი სწორედ დემოკრატიულ, ევროპულ და სტაბილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა და ამ მიზნის მიღწევაში ქართული პოლიციის როლი უდიდესია.

„მივესალმები ყველა პოლიციელს, რომლებიც ამ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გვიცავენ და იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას, იცავენ სიმშვიდეს, იცავენ ჩვენ მოქალაქეებს, ძალიან დიდი მადლობა. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი პროფესიული დღე. თქვენთან ერთად დღევანდელ დღეს ვულოცავ ვეტერან პოლიციელებს, ყველას ვისაც სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვაში წვლილი მიგიძღვით. ამ დღეს მსურს პატივი მივაგო მათ, ვინც სიცოცხლე ან ჯანმრთელობა არ დაიშურა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. დემოკრატიული, ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როცა ქვეყანაში უზრუნველყოფილია მოქალაქეების უსაფრთხოება, დაცულია მათი უფლებები. საქართველოს მიზანი სწორედ ასეთ დემოკრატიულ, ევროპულ და სტაბილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მიღწევაში ქართული პოლიციის როლი უდიდესია.

საქართველოს დამოუკლიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა. ქართულ პოლიციაზე, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ინსტიტუტზე, სრულიად აირეკლა 3 ათეული წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები და საზოგადოების მოთხოვნები. ქართულ სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ერთად ქართული პოლიციაც დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას. ძირეული და მასშტაბური რეფორმებისა და თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგად იგი თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტების მქონე პოლიციად ჩამოყალიბდა.

დღეს საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდრატებით აღჭურვილი პოლიცია, სადაც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები მუშაობენ. სწორედ ამან განაპირობა საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, ამით ევროპის პოლიციის სამსახურმა ქართული პოლიციის სანდოობა აღიარა და მნიშვნელობა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. ევროპოლთან სტრატეგიული თანამშრომლობა ნიშნავს ქართული პოლიციის სრულფასოვან ჩართულობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურბის განმტკიცებიის პროცესში. ეს ნიშნავს ქართული პოლიციისა და შესაბამისად, საქართველოს მზაობას ეფექტიანად ებრძოლოს საერთაშორისო დანაშაულს და ამით წვლილი შეიტანოს რეგიონის ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებაში"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით