ნუგზარ თინიკაშვილი - დე ფაქტო რეჟიმის „შავ სიაში“ ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საბიუჯეტო სამსახურებში მუშაობენ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილ „შავ სიაში“ ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.

ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმი შიშობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებულებმა რაიმე ტიპის ინფორმაცია არ გაიტანონ და ამიტომ გაამკაცრეს მათ გადაადგილებაზე შეზღუდვა.

“ამ ეტაპზე, ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლებას იქ მცხოვრებ პირებს მხოლოდ სამედიცინო სერვისების მიღების მიზნით აძლევენ, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმმა გარკვეული “შავი სია“ შეადგინა, სადაც იმ ადამიანების გვარებია, ვინც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებას ვერ შეძლებს იმის მიუხედავად, პირადობის დამადასტურებელ რომელ დოკუმენტს ფლობს ან გააჩნია თუ არა ე.წ. პროპუსკი. აღნიშნულ “შავ სიაში“ ძირითადად მოხვდნენ ოკუპირებულ ახალგორში მოქმედ ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, როგორც ჩანს, დე ფაქტო რეჟიმი შიშობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ სამსახურებში დასაქმებულებმა რაიმე ტიპის ინფორმაცია არ გაიტანონ და ამიტომ გაამკაცრეს მათ გადაადგილებაზე შეზღუდვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას და უკიდურესად არაჰუმანიტარულ მიდგომებს, რაზეც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამის ფორმატში გამართულ ყველა შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა