დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას - პანდემიის პერიოდში, როცა მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება მოქალაქეებს მოუწოდებდა დაეცვათ დისტანცირება, თქვენ საკუთარ მოქალაქეებს  ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდით

პანდემიის პერიოდში, როცა მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება მოქალაქეებს მოუწოდებდა დაეცვათ ფიზიკური დისტანცირება, თქვენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდით ქუჩაში გამოსულიყვნენ თქვენი პოლიტიკური მიზნების მხარდასაჭერად, ასეთია ,,თქვენი ჩვეული მთოდები“ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, საკუთარ პოლიტიკურ სარგებელს ანაცვალეთ მოქალაქეების ეპიდუსაფრთხოება“, - ასე მიმართა ოპოზიციას ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ყველაზე დიდი უზნეობაა, როდესაც პოლიტიკოსი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს სოციალურ თემატიკას და საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა მხოლოდ ტრიბუნაზე ახსენდება.

„ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მას არ მოუსმენია მართველი გუნდის მხრიდან არცერთი განცხადება. რა თქმა უნდა ვერ მოისმენდა იმიტომ, რომ ის დარბაზში არ იყო და დღესაც ვერ მოისმენს პასუხს, რადგან ის უკვე დარბაზში აღარ არის. ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სხვადასხვა კომიტეტების მხრიდან. განცხადებები გაკეთდა მაშინ, როდესაც ამისათვის განკუთვნილი დრო იყო პარლამენტში, ანუ სამი დღის წინ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტს სტუმრობდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, შეხვედრა გაიმართა ,,იუნისეფის, ,,ვორდ ვიჟენის“ წარმომადგენლებთან. ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო შეიკრიბება ხვალ და განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას. ასეთი შეხვედრების შედეგია, რომ დღეს ბავშვთა უფლებები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საფრთხის ქვეშ არ დგას. რა თქმა უნდა სახელმწიფო თავის პოლიტიკას გააგრძელებს, რომ მოხდეს დეინსტიტუციონალიზაცია და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვების გადაყვანა ოჯახურ გარემოში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, პასუხები ვერ მოისმინა ვერც დავით კირკიტაძემ, რომელმაც კითხვა დააგდო და დარბაზიდან გავიდა.

„დავით კირკიტაძემ განაცხადა, თითქოს ბავშვთა ჯანმრთელობა უყურადღებოდაა დატოვებული, მაგრამ ისიც ვერ მოესწრო პასუხს იმიტომ, რომ დააგდო კითხვა, დატოვა პოზიცია და გავიდა დარბაზიდან. ასევე თქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ადამიანზე ორიენტირებული არცერთი კანონპროექტი არ ყოფილა მიღებული. ის ვერ დაინახავდა, იმიტომ რომ არც ამ დროს არ იმყოფებოდა სხდომაზე“ , - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, მან სამი დღის წინ მიღებული კანონები ჩამოთვალა. ესენია - სოციალური დახმარების შესახებ კანონი; სახელმწიფო კომპენსაციების და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონი; სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი, რომელიც ეხება 3 600 ოჯახს და მათ ათავისუფლებს ბიუჯეტის სასარგებლოდ, ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნების ვალდებულებისაგან.

„არც სამი დღის წინ და არც გუშინ, როცა მისი მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი, ის სხდომებს არ დასწრებია. რომ დასწრებოდა, მინიმუმ ეცოდინებოდა მაინც, რომ აქ არ განიხილება მხოლოდ ამნისტიის შესახებ კანონი და არ განიხილება მხოლოდ ის კანონი, რომელიც ეხება პარტიების დაფინანსებას. მე ძალიან მიკვირს, თუმცა მიხარია თუ ეს გულწრფელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს ჯანდაცვის საკითხებზე საუბრობენ, მაგრამ მე არ მჯერა მათი გულწრფელობის რადგან მახსოვს, როდესაც ადამიანები ქუჩაში იღუპებოდნენ, იმის გამო, რომ მათ ფული არ ჰქონდათ, ვერ მიდიოდნენ კლინიკებში სამკურნალოდ და საკუთარ ქონებას ყიდიდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა და ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო დავით სერგეენკო, ვის მიმართაც იყო სრულიად უსამართლოდ გაშვერილი თითი, ვისი უშუალო ჩართულობითაც მართველმა გუნდმა შეიმუშავა საყოველთაო პროგრამა, დღეს ადამიანი უფულობის გამო ქუჩაში არ იღუპება“ , - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა ჯანმრთელობას, ხუნდაძე ოპოზიციას შეახსენებს, რომ იმ დროს, როცა ისინი ,,იმდაგვარად“ ზრუნავდნენ ბავშვების ჯანმრთელობაზე, ფინანსდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველი, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ დაფინანსება ეძლევა ყველა 0-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვს, მიუხედავად ოჯახის სოციალური მდგომარეობისა. თუმცა არსებობს სხვა პროგრამებიც, ეს არის რეფერალური პროგრამა, როცა არ არის საკმარისი თანხა და სახელმწიფომ შეიძლება კიდევ მიიღოს მნიშვნელოვანი მონაწილეობა მოქალაქის, ამ შემთხვევაში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვაში და დამატებით დააფინანსოს.

ასევე არსებობს მუნიციპალური პროგრამები, არსებობს სოლიდარობის ფონდი, რომელიც 0-დან 21 წლამდე, ძირითადად ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს და ახალგაზრდებს აფინანსებს. არ ვიცი, რა კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობდა დავით კირკიტაძე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის საჭირო დაფინანსებასაც სახელმწიფო პროგრამა ვერ ფარავს და თუ პროგრამები არ არის საკმარისი, საზოგადოებაც უნდა იყოს აქტიურად ჩართული“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, რომელზეც, ხუნდაძის თქმით, ანა წითლიძე და სალომე სამადაშვილი იყვნენ გამორჩეულად აქტიურები და ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობას აფასებდნენ, როგორც კატასტროფულს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მათ სიღარიბის ის მაჩვენებელი შეახსენა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში იყო.

„რა თქმა უნდა სიღარიბე და მით უმეტეს, ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველია, ეს პრობლემაა, 2019 წელთან შედარებით 1.8 %-ით გაიზარდა სიღარიბე, რაც განპირობებულია ეკონომიკური კრიზისით და პანდემიით. არა ერთმა ქვეყანამ განიცადა ეკონომიკური ვარდნა და ეს აისახებოდა ბავშვიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების შემოსავალზე. მაგრამ მინდა შევახსენო მათ, სიღარიბის რა მაჩვენებელი იყო მათ დროს და რა გვაქვს დღეს. თუ თქვენი მხრიდან, დღევანდელი მდგომარეობა, ფასდება კატასტროფულად, მაშინ რა შესატყვისი სიტყვა მოეძებნება იმ ვითარებას რა სიღარიბის მაჩვენებლებიც, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო? მაგალითად: 0-18 წლამდე ბავშვთა სიღარიბის აბსოლუტური ზღვარის ქვევით მყოფთა წილი. 2011 წელს - 37% -ზე მეტი, 2019 წელს - 25% -ზე ნაკლები უკიდურესი სიღარიბე 2011წ. - 9 % მეტი 2017 წ. - 7% ნაკლები, ზოგადი სიღარიბე 2011წ. - 40 %- ზე მეტი 2017 წ. - 28 % -ზე ნაკლები. რამ განაპირობა ეს პოზიტიური დინამიკა? კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყანაში შიმშილით ბავშვები საბედნიეროდ არ იღუპებიან, მაგრამ არასრულფასოვანი კვების პრობლემა ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ის რომ კლებადია ზოგადად ბავშვთა სიღარიბე, ამას ადასტურებს, საქსტატი, უნისეფი, მსოფლიო ბანკის მონაცემები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის 67%-ზე მეტი ამა თუ იმ სოციალურ დახმარებას იღებს, რაც მანამდე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო. 2012 წელს სხვადასხვა პროგრამით სარგებლობდა 124.000 ბავშვი. დღეს სარგებლობს 194.000 ბავშვი.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძემ ის პროგრამები ჩამოთვალა, რაც 2012 წლამდე არ არსებობდა: ყოველი მე-3 და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა (8115), არ მოქმედებდა მთის კანონი, რომლის მიხედვითაც ბავშვზე ფულადი დახმარება გაიცემა (4671), არ არსებობდა მრავალშვილიანი ოჯახების ელექტროენერგიით სუბსიდირების პროგრამა. 2000-მდე ოჯახი, არ არსებობდა ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, არ არსებობდა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა, 2021 წელს დაემატა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, 2012 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების სამედიცინო დაზღვევას დაემატა 0-5 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, 6-23 თვის ბავშვები ღებულობენ მიკროელემენტების შემცვლელ საკვებ დანამატს, ბიუჯეტი შეადგენს 250,000 ლარს, რაც მანამდე არ არსებობდა, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას დაემატა ბავშვის დანამატი 10 – 50 -100 ლ. 2015 წლამდე არ არსებობდა. უფრო მეტიც ამ დახმარების ზრდას პრემიერის გადაწყვეტილებით არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ოჯახის ბავშვები მიიღებენ, არამედ 120 ათას სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებიც, შშმ ბავშვების დახმარება 2012 წლის შემდეგ 70-დან 250 ლარამდე გაიზარდა, 42$ დან 79$ - მდე, ომში დაღუპულთა ოჯახები იღებენ 1000 ლარიან დახმარებას, რაც ოჯახებში მყოფ ბავშვებსაც ხმარდება, 27.000-მდე ოჯახი ღებულობს. მანამდე არ არსებობდა და საბავშვო ბაღები გახდა ხელმისაწვდომი და ბავშვთა კვებაზე იხარჯება 100.000.000-ზე მეტი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა