დავით უსუფაშვილი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფიქრობენ, რომ საპარლამენტო იმუნიტეტი საერთოდ უნდა გაუქმდეს - ჩემი აზრით, იმუნიტეტი გონივრულ ფარგლებში შესანარჩუნებელია

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დეპუტატისთვის იმუნიტეტის შესაწყვეტად საჭირო ხმათა რაოდენობის გაზრდის საკითხზე პარტიაში აზრები იყოფა.

როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ დეპუტატს იმუნიტეტი საერთოდ არ უნდა იცავდეს. უსუფაშვილის შეფასებით, მათი პოზიცია შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადშესულები არიან.

„არ ვიცი ეს საჯარო ინფორმაცია არის თუ არა, მაგრამ მე ვიღებ ჩემს თავზე და ვასაჯაროებ, რომ „ლელოში“ ამასთან დაკავშირებით არის შიდა პარტიული აზრთა სხვადასხვაობა. მაგალითად, პარტია „ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე არიან მომხრე იმისა, რომ იმუნიტეტი საერთოდ გაუქმდეს და პარლამენტის წევრებს საერთოდ არ ჰქონდეთ არანაირი იმუნიტეტით დაცვა. მე პირადად და კიდე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ფიქრია ჩიხრაძე და სხვები, ვისაც პრაქტიკული გამოცდილება დაგვიგროვდა იმის თაობაზე თუ რა ხდება ხოლმე უმრავლესობის მიერ ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების მიმართ რეპრესიების დროს, ვამბობთ, რომ გონივრული იმუნიტეტი გონივრულ ფარგლებში შესანარჩუნებელია.

მე ამას იმით ვხსნი, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ახლადჩართულები არიან ამ პროცესში და შესაძლოა მეტი იმედი აქვთ, თუმცა მათ თავს უკვე დატრიალდა პოლიტიკური რეპრესიების ქვა, მაგრამ მე რაც ვნახე, ჩემი ცხოვრებიდან, პარლამენტის წევრი, სანამ სასამართლო არ იტყვის, რომ ის არის დამნაშავე, მანამდე არ იჯდეს ციხეში პარლამენტის თანხმობის გარეშე, მე ამას მხარს ვუჭერ. მელიას ციხეში ჩასმის მცდელობას „ოცნების“ მხრიდან და ამ სურვილს, რომ წინასწარ დაესაჯათ როგორმე, მათი აზრით დამნაშავე ადამიანი, კინაღამ საქართველო გადაჰყვა, იმხელა სისულელეები ჩაიდინეს ამ პროცესში. გარეთ მყოფი მელია არ იყო იმდენად სახიფათო ქვეყნისა და „ოცნებისთვის“, ვიდრე ის, რაც ჩაიდინეს და მთელი დედამიწა და გლობალური სამყარო თავზე დაიმხეს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მან მითი და ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იმუნიტეტი იცავს პარლამენტის წევრს კორუფციულ დანაშაულებებში მხილებისგან. როგორც უსუფაშვილმა განმარტა, მაქსიმალური ხელშეუხებლობით მხოლოდ პრეზიდენტია უზრუნველყოფილი.

„იმუნიტეტი არსებობს ბევრნაირი, არის რომ საერთოდ ხელშეუხებელია, ხელს ვერ ახლებ, ასეთი იმუნიტეტი დღეს მხოლოდ აქვს პრეზიდენტს - რაც არ უნდა ჩაიდინოს, მას ვერავინ ვერ გაეკარება ახლოს. არის იმუნიტეტის სხვა ზომა, რომ მას წინასწარ პატიმრობაში ვერ აიყვან პარლამენტის თანხმობის გარეშე, დანარჩენი ყველაფერი შეგიძლია უქნა: გამოიძიე დაკითხე, პასუხისგებაში მიეცი, სასამართლომ გაასამართლოს, მიუსაჯოს და რომ მიუსჯის, ავტომატურად უწყდება მას პარლამენტის წევრის სტატუსი“, - განმარტა უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს