პირები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ, გამოცდის ჩაბარებას 2 კვირის შემდეგ შეძლებენ

2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. აღნიშნულ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან სოფო გორგოძესთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან პაატა იმნაძესთან ერთად სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, საგამოცდო პროცესი 1-ელ ივლისს დაიწყება, რისთვისაც საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა. მისივე თქმით, არსებული რეკომენდაციები გადაიხედა კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული გამოსაცდელის, ასევე გამოცდების ორგანიზებაში ჩართული პირების უსაფრთხოება, რის კონტექსტშიც გამოცდაზე მისულ თითოეულ აპლიკანტს დახვდება უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც ისინი ცოდნის სრულფასოვნად გამოვლენას შეძლებენ.

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, გამოცდები 2021-ის მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ 19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა.

თავის მხრივ, სოფო გორგოძემ განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:

მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;

მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;

დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;

სოფო გორგოძის თქმით, ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19.

პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო