ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო უწყება“ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს ეხმიანება.

„ნატო-ს სამიტის დასკვნითი განცხადება ტრადიციულად მოუწოდებს რუსეთს „გაიყვანოს ჯარი საქართველოდან", უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და შეასრულოს მითიური "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება". ამ მოთხოვნების აბსურდულობა აშკარაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამკვირვებლისთვის, რომელიც იცნობს 2008 წლის აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და არ საჭიროებდა სხვა სახელმწიფოებისგან დამოწმებას. მოსკოვისა და სოხუმის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები ასევე არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების მტკიცებით, ნატო-ს ან ნაბიჯმა შეიძლება სერიოზულად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში და საბოლოოდ შეარყიოს მონაწილეებისა და საერთაშორისო შუამავლების მუშაობა, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევისკენაა მიმართული.

შეგახსენებთ, ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსის ლიდერები ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ნატოს ქვეყნები რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარის გაყვანისკენ და ამ რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს