დიმიტრი მედოევი საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივას ეხმაურება

დიმიტრი მედოევი საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივას ეხმაურება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი მედოევი საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივას „კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და დეოკუპაციის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების საკითხს ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს მორიგი ინიციატივა ე.წ. სამხრეთ ოსეთში განიხილება როგორც მორიგი ჰუმანიტარული დახმარება რამდენიმე თბილისური ოჯახის ბიუჯეტისთვის. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„როგორც ჩანს, კლასიკური გამონათქვამი - „დასავლეთი დაგვეხმარება“ იძენს რეალურ კონტურებს“ , - აცხადებს მედოევი.

მან გაიხსენა, რომ „რესპუბლიკამ“ უკვე გადაიტანა მთელი რიგი მსგავსი პროექტები, დაწყებული სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან.

„მათგან არავითარი სარგებელი არ ყოფილა, რა თქმა უნდა, თუკი არ ჩავთვლით იმ ფუნქციონერთა სარგებელს, ვინც მაშინ, თბილისში ამით იყო დაკავებული. ამით დაკავდებიან დღესაც. მთავარი მიზანია - ფინანსური სახსრების გადანაწილება, რომლებსაც ამ პროექტებიდან იღებენ. სხვაგვარად მათ არასოდეს გამოსდით“, - აცხადებს მედოევი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღის წინ შეიქმნა სამთავრობო კომისია „კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და დეოკუპაციის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და რეალიზაციისთვის.