თენგიზ ცერცვაძე - მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი, ოღონდ, ყველა ჩვენების და უკუჩვენების გათვალისწინებით

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ ტოცილიზუმაბთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ აშშ-მ გადაუდებელ შემთხვევებში, გარკვეული კატეგორიის ავადმყოფებში ტოცილიზუმაბის გამოყენების ნებართვა გასცა. მისივე თქმით, საქართველოში უკვე გვაქვს ჰოსპიტალიზებულ კოვიდ ავადმყოფებში ტოცილიზუმაბის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მას ჯერ კიდევ გასული წლიდან იყენებდა.

"24 ივნისს აშშ FDA-მ გასცა გადაუდებელ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის გამოყენების ნებართვა (Emergency Use Authorisation) გარკვეული კატეგორიის ჰოსპიტალიზებულ COVID-19-ით ავადმყოფებში (მათ შორის პედიატრიულ პაციენტებში), რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს და საჭიროებენ დამატებით ჟანგბადის მიწოდებას, არაინვაზიურ ან ინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციას. მანამდე FDA-ის მიერ ტოცილიზუმაბის გამოყენება რეკომენდებული იყო ზოგადად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს.

ჩვენს პოსტებში არაერთგზის აღვნიშნავდით, რომ ტოცილიზუმაბი სარწმუნოდ ამცირებს ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას და სიკვდილობის რისკს, ასევე სარწმუნოდ ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID პაციენტებში. აგრეთვე COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინში შეტანილი გვაქვს რეკომენდაცია მძიმე და კრიტიკულად მძიმე ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტებში ტოცილიზუმაბის გამოყენების თაობაზე.

ამის მიუხედავად საქართველოში დღემდე მხოლოდ 8 COVID კლინიკას აქვს გამოყენებული ტოცილიზუმაბი და მათგანაც მხოლოდ 4 COVID კლინიკა (ინფექციური საავადმყოფო, „ჩაფიძის გულის ცენტრი“, . ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა დათბილისი ცენტრალი“) იყენებს ტოცილიზუმაბს სისტემატურად საჭიროების შემთხვევაში და არა ეპიზოდურად. ტოცილიზუმაბის, როგორც COVID ავადმყოფებში პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტის მსგავს იგნორირებას არავითარი გამართლება არა აქვს. მითუმეტეს ახლა, როცა აშშ FDA-იმ გასცა გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა უშუალოდ COVID ავადმყოფებში (და არა ზოგადად ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს).

საქართველოში უკვე გვაქვს ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში ტოცილიზუმაბის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა. ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მას წარმატებით იყენებდა ჯერ კიდევ გასული წლიდან, დიდი ხნით ადრე, სანამ ა.წ. იანვარ-თებერვალში ინგლისელების დიდი კვლევების პოზიტიური შედეგები დაიდებოდა. 2020 წლის მაისში ჩვენს ცენტრში ერთ-ერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფის (ქალი, 83 წლის) წარმატებულ მკურნალობაზე მოკლე ტელეფილმიც არის გადაღებული.

ბოლო ორი თვის მანძილზე „ჩაფიძის გულის ცენტრში“ ტოცილიზუმაბით უმკურნალეს 8 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID პაციენტს და მათგან 7 პაციენტი გადარჩა. ეს ძალიან კარგი მაგალითია სხვა კლინიკებისთვის.

მოვუწოდებთ COVID კლინიკებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენების და უკუჩვენების, აგრეთვე ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ზედმიწევნით გათვალისწინებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ“, - წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა