ეკა გიგაური - მთავარია, მმართველმა პარტიამ გამოხატოს პოლიტიკური ნება და მიუკერძოებელი პირი იქნას არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე - ასეთი შესაძლებლობა ჩადებულია კანონმდებლობაში

მთავარი არის ის, რომ მმართველმა პარტიამ გამოხატოს პოლიტიკური ნება და მიუკერძოებელი პირი იქნას არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე. დღეს ასეთი შესაძლებლობა ჩადებულია კანონმდებლობაში, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსთან“ თამარ ჟვანიას მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ეკა გიგაურმა განმარტა, არჩევნების პროცესისადმი ნდობის აღდგენისა და გამყარებისთვის არა მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილებაა საჭირო, არამედ მნიშვნელოვანია ცესკო-ს შემადგენლობის ცვლილება და ისეთი მიუკერძოებელი პირების დანიშვნა, რომლებიც არ იქნებიან დაკავშირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და მოსახლეობაში ნდობას გამოიწვევენ.

ამასთანავე, გიგაურის განმარტებით, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უფრო დიდი ფუნქცია აკისრია და მის შედეგებზე გადის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

„რადგანაც ჩვენ ვატარებთ და დღეს პარლამენტში განიხილება სერიოზული საარჩევნო რეფორმა, მნიშვნელოვანი იყო, რომ მთლიანად ცესკო-ს შემადგენლობა შეცვლილიყო, იმიტომ, რომ მოსახლეობას აქვს ძალიან ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშავა ცესკო-მ და მისმა თავმჯდომარემ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩვენც გვქონდა ამასთან დაკავშირებით კითხვები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესთან მიმართებით, რომ გაიზარდოს მოქალაქეების ნდობა, გაიზარდოს ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობასთან დაკავშირებით. არა მხოლოდ კანონმდებლობის შეცვლაა მნიშვნელოვანი, არამედ კონკრეტული ადამიანების შეცვლაც და მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს პოლიტიკური პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი პირი, რომელიც ჩაატარებს ამ მნიშვნელოვან ადგილობრივ არჩევნებს.

იცით, რომ აქ, ასევე, განიხილება ვადამდელი არჩევნების თემაც - 43% არის დაკავშირებული ვადამდელ არჩევნებთან, ამიტომ, ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები, ეს არის უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე არჩევნები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ კანონმდებლობა, არამედ კონკრეტული პირები შევცვალოთ ისეთი პირებით, რომლებსაც ექნებათ ნდობა. ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ მმართველმა პარტიამ გამოხატოს პოლიტიკური ნება და მიუკერძოებელი პირი არჩეულ იქნას ამ თანამდებობაზე. დღეს ასეთი შესაძლებლობა არის ჩადებული კანონმდებლობაში და შესაბამისად პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მართლა სანდო პირი დაინიშნოს თანამდებობაზე - არც ერთი პარტიის წევრი, არც ერთ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვისაც, რომ ჩვენ თავი ავარიდოთ და არ გვქონდეს მომავალში ისეთი კრიზისი, როგორიც გვქონდა საპარლამენტო არჩევნების დროს“, - განაცხადა გიგაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა