ქართული პრესის მიმოხილვა 01.07.2021

რატომ აფეთქდა ეპიდვითარება და როდის შემოვა ვაქცინები რეალურად

“თუ ხელისუფლება არჩევნებში 43%-ს აიღებს, ოპოზიციის არგუმენტი, არჩევნები ჟვანიამ გააყალბაო, უკვე წაერთვა” - ძაბირაძე

მაისის ნახტომი - წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდა ორნიშნა იქნება!

* * *

რატომ აფეთქდა ეპიდვითარება და როდის შემოვა ვაქცინები რეალურად

“უკვე მესამე დღეა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, არადა მანამდე სპეციალისტები შედარებით მშვიდ ზაფხულს პროგნოზირებდნენ. ჯანდაცვის ექსპერტების აზრით სიტუაციის გაუარესება გარკვეული შეზღუდვების მოხსნამ გამოიწვია და მათი თქმით, ახლა როცა კომენდანტი საათიც აღარ იმოქმედებს, ქვეყანა შესაძლოა დიდი საფრთხის წინაშე დადგეს. დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.მინისტრისვე განმარტებით, ქვეყანაში ამ ეტაპისთვის მობილიზებული რესურსით, დღიურად 17 000 მოქალაქის აცრა არის შესაძლებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ აფეთქდა ეპიდვითარება და როდის შემოვა ვაქცინები რეალურად / “საქართველო დიდი საშიშროების წინაშე შეიძლება დადგეს - წყალში არ ჩაიყაროს იმ საცოდავი ექიმების შრომა”.

“დღეს ჩვენ ვმართავთ შეხვედრას იმ კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში და ასევე, გვინდა დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით... ამ ეტაპისთვის ჩართული არის 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს 281 ამცრელთა ბრიგადა, თითოეული ამცრელი ბრიგადის გამტარუნარიანობა არის 60 პაციენტი 8 საათიანი გრაფიკით, თუმცა ჩვენ წინა კვირაში არა ერთი სამუშაო შეხვედრისას კლინიკების მხრიდან მოვისმინეთ, რომ მათ აქვთ მზაობა და ასევე, შესაძლებლობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა როგორც ბრიგადების დამატებით, ასევე შესაბამისი საათების დამატებით” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ტიკარაძის შეფასებით, მოქალაქეებს “ფაიზერის” ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში ექნებათ, „ასტრაზენეკას" ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება კლინიკების ნაწილში, ხოლო “სინოფარმით” და “სინოვაკით” ვაქცინაცია შესაძლებლი იქნება დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია ისეთი რეგიონები, სადაც სამწუხაროდ, კლინიკურ ნაწილთან ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს ნაკლები აქვთ. სწორედ ამ მომენტში, სხვა ფორმატში შევეცდებით და გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობას. საქართველოში ერთი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ კი, თბილისში, “ჰუალინგის” ცენტრში”, - თქვა ტიკარაძემ. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზებზე საუბრობს, მისი თქმით, ეს ინდური შტამის გამო მოხდა და ახლა როცა რეგულაციები მოიხსნა, მოსახლეობას სიფრთხილე მართებს, რათა უარესი მდგომარეობა თვაიდან ავიცილოთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ყველაფერი გააუარესა იმან, რომ დელტა შტამი ჩვენ მეზობელ ქვეყნებში მათ შორის რუსეთში საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, შესაბამისად, როცა რეგიონში ახალი შტამის გავრცელებაა, ძალაუნებურად რისკები, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, იზრდება. რეგულაციები მოხსნილია და ეს რისკები არის და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს იმისთვის, რომ სტაბილური სიტუაცია შევინარჩუნოთ. ამიტომ, მიუხედავად რეგულაციების მოხსნისა, მოსახლეობამ გაცემული რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულონ, რადგან სხვა შემთხვევაში საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით და თუ ვარაუდი იყო, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში ეპიდსიტუაციის გაუარესება მოხდებოდა, შესაძლოა უფრო ადრე გაუარესდეს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების მოსხნის პირობებში მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და რეკომენდაციები დავიცვათ. პირბადე გამოვიყენოთ დახურულ სივრცეში და არა მხოლოდ, ღია სივრცეშიც, სადაც დისტანცია ვერ ხერხდება, ასევე, ხალხმრავალი ადგილების თავის არიდება, რადგან ეს დაავადების გავრცელების მაღალი რისკია, ამ რეკომენდაციების ზედმიწვნით დაცვის შემთხვევაში შევძლებთ, რომ ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რომ ვაქცინები უახლოეს პერიოდში უნდა შემოვიდეს, რაც მთავარია მისი შემოსვლისთანავე საყოველთაო ვაქცინაცია სწორად უნდა დაიგეგმოს, რადგან პანდემიის დასამარცხებლად არ არსებობს სხვა გზა, რადგან ვირუსი რაც უფრო დიდხანს ცირკულირებს, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ახალი შტამები წარმოიქმნას და უკვე არსებული ვაქცინები შესაძლოა შემდეგი ახალი შტამების მიმართ უეფექტო იყოს. ამიტომ, ვაქცინაცია დროულად უნდა ჩატადეს, რათა ვირუსის ცირკულაცია შევამციროთ”, - მიიჩნევს გოგინავა. ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესება რეგულაციების მოხსნამ გამოიწვია და ამიერიდან მოსახლეობას დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს”, - დასძენს გამოცემა.

“თუ ადამიანს კორონავირუსი ახალი გადატანილი აქვს, ან აცრილია, ისინი კიდევ არაუშავს, რომ რეგულაციების მოხსნის შემდეგ შეიკრიბონ, მაგრამ, თუ ამ ხალხს შორის ისინიც იქნებიან, ვინც გაურკვეველ პოზიციაზე არიან, არ არიან აცრილები და არც გადაუტანიათ, სჯობს, რომ მათ პირბადე გამოიყენონ და დისტანცირებული ურთიერთობა ჰქონდეთ, ყოველგვარი ჩახუტებებისა და ხვევნა-კოცნის გარეშე. ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით დაუმორჩილებლობით, როცა ეტყვი, რომ არ შეიძლება, მაინც და მაინც იმას აკეთებს, ახლა კი ამის დრო არაა და მაქსიმალურად ყველამ უნდა გაითავისოს თუ თითოეული მათგანი, მათი ოჯახები და საერთოდ საქართველო რა დიდი საშიშროების წინაშე შეიძლება დადგეს. წყალში არ ჩაიყაროს თუნდაც იმ საცოდავი ექიმების შრომა, რომლებმაც ამდენი რამ გააკეთეს იმისათვის, რომ ადამიანები გადარჩენილიყვნენ და ფეხზე დამდგარიყვნენ. ასეთ შემთხვევაში, სიტუაციის გაუარესებისგან სოციალური დისტანცირება და რეკომენდაციების გათვალისწინება დაგვიცავს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“სიკვდილიანობის გაზრდა რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია, რაოდენობის გაზრდა კი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესუსტებამ. ახლა კი კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ, გაუარესდება თუ არა უფრო სიტუაცია, ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები სწორად მოიქცევიან, იგივე რაოდენობაზე ჩამოვალთ, რაც ცოტა ხნის წინ იყო, მაგრამ არის ხალხი, რომ ასე ფიქრობს - არიქა და კომენდანტი საათი მოიხსნაო, ვირუსი აღარ არისო. დავაკვირდეთ ქუჩაში ვინ როგორ დადის და ვინ როგორ იცავს რეკომენდაციებს, პირბადე ღია სივრცეში არა, მაგრამ დახურულ სივრცეშიც არასწორად იყენებენ, სამედიცინო დაწესებულებებშიც კი მხოლოდ პირზე აქვთ აფარებული და ცხვირით თავისუფლად სუნთქავენ, ამიტომ მე მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის ეპიდსაშუალებები, რომელიც მათ დაიცავთ”, - დაასკვნის ხმალაძე.

“მანამდე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შესამაბისი სამსახურები მზად არიან, რომ ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს. ვაქცინების მობილიზებაზე საუბრისას ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო კვირის ბოლოსთვის “სინოფარმის” და “სონოვაკის” ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს. მისივე თქმით, ასევე ცნობილია თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა, თუმცა კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ჯერ ვერ გააცხადებს. “რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ “ფაიზერის” ვაქცინას, კონტრაქტიდან გამომდინარე მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომლის თქმით, “შესაბამისად, “ფაიზერიც” ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუ ხელისუფლება არჩევნებში 43%-ს აიღებს, ოპოზიციის არგუმენტი, არჩევნები ჟვანიამ გააყალბაო, უკვე წაერთვა” - ძაბირაძე

“მმართველი გუნდი თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატს მომავალ კვირაში ოფიციალურად წარადგენს. როგორც “ოცნებაში” აცხადებენ, მათი რეალური კანდიდატი ყოველთვის იყო და არის კახი კალაძე და მისგან მხოლოდ თანხმობას ელოდებიან. “ნაციონალურ მოძრობაში”კი აცხადებენ, რომ ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” უნდა წარადგინოს და ეს კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს. თვითმმართველობის მომახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით “რეზონანსი” პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ ხელისუფლება არჩევნებში 43%-ს აიღებს, ოპოზიციის არგუმენტი, არჩევნები ჟვანიამ გააყალბაო, უკვე წაერთვა” - ძაბირაძე.

“ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რისთვის ემზადება, რიგგარეშე არჩევნებისთვის თუ დიდ ქალაქებში გამარჯვებისთვის? თუ რიგგარეშე არჩევნეისთვის ემზადება, მაშინ ამაზე უნდა იმუშაოს, თუ დიდ ქალაქებში გამარჯვებისთვის, აქცენტი ამაზე უნდა გააკეთოს. ორივეს ერთად ვერ შეძლებს, ამის რესურსი არ აქვს. ხელისუფლებაც ხომ გულხელდაკრეფილი არ იჯდება? ოპოზიციამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ხელისუფლებამ 43%-ი ვერ აიღოს... კახი კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი თბილისის მერობის და ოპოზიციიდან ვერ ვხედავ, რომ კალაძეს ვინმემ მოუგოს. ნიკა მელიას აქვს რეიტინგი და გლდანში შეიძლება მოიგოს, მაგრამ თბილისს მთლიანად ვერ აიღებს. ოპოზიციას გამორჩა კალაძე, მთელი ამ ხნის განმავლობაში აქცენტს აკეთებდა ივანიშვილზე და გახარიაზე. კალაძე თავის საქმეს წარმატებით უძღვებოდა და ახლაც მშვენიერ პრეზენტაციებს აკეთებს, როგორი იყო მისი მოღვაწეობა დედაქალაქის მერის რანგში 4 წლის განმავლობაში. ოპოზიციამ ახლა დაიწყო შტურმი კალაძეზე, მაგრამ, დააგვიანა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გახარია მუშაობს იმაზე, რომ 43%-ზე კითხვის ნიშანი გააჩინოს. ორნიშნა რეიტინგი კი აქვს, მაგრამ არჩევნების დროს შეიძლება მოაკლდეს და 5%-ზე ჩამოვიდეს მისი რეიტინგი. გახარიას პარტიული კუთხით ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. მოსაგვარებელია ორგანიზაციული და სტრუქტურული საკითხები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამის მოგვარება კი 3 თვეში რთულია”, განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თვითმმართველობის არჩევნებმადე 3 თვით ადრე როგორ შეაფასებდით ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას? ჟვანიამ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეგავლენით მიიღო თუ თავად წავიდა?” - პასუხობს:

“ ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთანხმებული ვერსია ხელისუფლებასა და თამარ ჟვანიას შორის - გაიარეს და ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე ასე სჯობს, ეს არის ჩემი ვერსია. თვითმმართველობის არჩევნებში თუ ხელისუფლება 43%-ს აიღებს, ოპოზიციის ერთ-ერთი არგუმენტი, რომ არჩევნები ჟვანიამ გააყალბაო, უკვე წაერთვა”.

მაისის ნახტომი - წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდა ორნიშნა იქნება!

“საქართველოს სწრაფი ეკონომიკა გაჯანსაღების გზას ადგას. 2021 წლის გაზაფხულის თვეებში მოულოდნელი მაჩვენებლები დაფიქსირდა. პოზიტიურია მაისის მონაცემებიც. წინასწარი შეფასებით, მშპ-ის ზრდამ თითქმის 26% შეადგინა. ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან უკვე გამოდის, წლის ბოლო ორნიშნა მაჩვენებელი გამორიცხული არ არის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 25.8% შედგინა, რაც შეეხება პირველ 5 თვეს, წინა წელთან შედარებით, მშპ-მა 11.5%-ით მოიმატა. “ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება”, - ნათქვამია “საქსტატის” დოკუმენტში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მაისის ნახტომი - წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდა ორნიშნა იქნება! / ეკონომიკა ისეთი ტემპით ვეღარ გაიზრდება, როგორითაც აპრილსა და მაისში, მაგრამ წლის დარჩენილ თვეებშიც დადებითი დინამიკა შენარჩუნდება.

“საკმაოდ დადებითი გაზავნილი გაისმა მთავრობის მხრიდან. ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ წლიურ ჭრილში ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდება. “მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარით მიმდინარეობს, რომელიც წლიურ ჭრილში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს”, - განაცხადა ხუციშვილმა. ეკონომიკური აღმავლობა გვექნება მომდევნო თვეებშიც. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკა, სულ მცირე, 6.5%-იან მაჩვენებელზე გავა, მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ რა დარჩენილ თვეებშიც ზრდის ტენდენცია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა ყველა პირობა არსებობს იმისა, რომ წინსვლის ტემპი გაგრძელდეს. შემდეგ თვეებში ისეთი აღარ იქნება, როგორიც აპრილსა და მაისში, მაგრამ ზოგადი ტენდენცია შენარჩუნდება 2021 წლის მომდევნო თვეებშიც. დღეიდან წლის ბოლომდე, ეკონომიკური ზრდა სულ რომ აღარ გვქონდეს ამ ტემპით, რომელიც ახლა გვაქვს, კუმულაციური ეფექტით შეგვიძლია, სულ ცოტა, 6,5%-ულ ნიშნულზე გავიდეთ. ასევე, ყველანაირი პირობა გვაქვს იმისათვის, რომ მომდევნო თვეებშიც გვქონდეს ეკონომიკური ზრდა, ანუ 6,5%-ზე გაცილებით უკეთესი შედეგი დადგება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად არა მარტო შარშანდელთან გვაქვს ეკონომიკური ზრდა, არამედ კრიზისამდელ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთანაც. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია იმისათვის, რომ უფრო სოლიდურად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე, მეტად კონკურეტუნარიანი იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

“ბოლო თვის მონაცემები ადასტურებს, რომ იზრდება საქართველოს როგორც გეოგრაფიული სატრანსპორტო საკომუნიკაციო ჰაბის როლი. ქვეყანა რჩება მიმზიდველ ეკონომიკურ სივრცედ უცხოელი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის”, - მიიჩნევს არჩვაძე. ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ე.წ. “საბაზო ეფექტმა”. ამის მიზეზია ის, რომ წლევანდელი რეალური ეკონომიკური ზრდა ედარება შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 2020 წლის პირველ 5 თვეში კი ქვეყანაში 5,4%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო, ამიტომ რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კალკულაციით გამოდის, რომ 2021 წლის პირველ 5 თვეში საქართველოს მშპ-ის ზომა არა მხოლოდ 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან შედარებითაც გაზრდილია და ეს მატება 6,1%-ს შეადგენს. ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე დარწმუნებულია, რომ აღმავლობის ტემპს შემდეგ თვეებშიც უნდა ველოდოთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“რეალურად, ეკონომიკა ცოცხლდება და არ არის გასაკვირი, რომ, გასულ წელთან შედარებით, როდესაც ეკონომიკა გაჩერებული იყო, ზრდა ფიქსირდება. ეს გარემოება მისასალმებელია. ტურისტულ სექტორში მიმდინარე ძვრაც საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზის საშუალებას იძლევა”, - თქვა კუკულაძემ. საკმაოდ იმედიან განცხადებას აკეთებს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძეც. ის მიიჩნევს, რომ ქართულმა ეკონომიკამ პანდემიურ კრიზისს თავი ნამდვილად დააღწია... მართალია, 2021 წელი საქართველოსთვის რთულად დაიწყო, თუმცა ახლა ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვიურად კარგ შედეგზე გადის. ეკონომიკამ რეცესიიდან გამოსვლა უკვე მარტის თვიდან დაიწყო, რა დროსაც 4%-იანი ზრდა აღინიშნა, აპრილში კი ქვეყანამ არნახულ შედეგს მიაღწია და მშპ 44.8%-ით გაიზარდა”, - დასძენს გამოცემა.

“უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკამ თავი დააღწია პანდემიურ კრიზისს და დაიწყო სწრაფი აღდგენა. ამის დასტურია ჯერ აპრილის 44,8%-იანი და შემდეგ მაისის 25,8%-იანი ზრდა, 5 თვის საშუალო მაჩვენებელმა კი 11,5% შეადგინა, რაც აღემატება მთავრობისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის საპროგნოზო მაჩვენებლებს. მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია არათუ მხოლოდ 2020 წლის მაჩვენებელზე, არამედ 8%-ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს, პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 5 პროცენტით აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლებს. ეს ცალსახა ილუსტრირებაა იმისა, რომ მთავრობისა და ბიზნესსექტორის კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ ვითარებას”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოთარ ანგურიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო