ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2021

კვლავ დაძაბულობა რუსთაველზე - პოლიცია სასტიკი შეხლა-შემოხლის აღკვეთას ახერხებს

"ამ პავლიკ მოროზოვების მთავარი სამიზნე დღეს ირაკლი ღარიბაშვილია“ - ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციაზე

***

კვლავ დაძაბულობა რუსთაველზე

“პარლამენტთან გუშინ მდუმარე აქცია გაიმართა, ხოლო ამის პარალელურად რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილები არიან "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე სიძულვილის ჯგუფები. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გუშინ 11 საათისთვის, პოლიცია ძალადობის აღკვეთას ახერხებდა. ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილმა რადიკალებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის პირველი კორდონის გარღვევა. ისმოდა აგრესიული შეძახილები და ისრიდნენ ბოთლებს და სხვა საგნებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კვლავ დაძაბულობა რუსთაველზე - პოლიცია სასტიკი შეხლა-შემოხლის აღკვეთას ახერხებს

"პოლიცია ძალადობრივი ჯგუფების წევრებს აკავებდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ პოლიციელს სახეში გაურკვეველი ნივთიერება შეასხეს. ამბობდნენ, რომ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქება მოხდა. ადგილზე აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალი დაშავდა, მას თავის არეში ქვა მოხვდა. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ტერიტორიიდან საკაცით გადაიყვანა. აგრესიული ჯგუფები აქციას ეკლესიასთან მართავდნენ, ბოთლების გარდა, კვერცხებსა და ქვებს ისვროდნენ "თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მისამართით, რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევაც. ყველაზე მეტად ისინი ფერადი დროშების გამოფენამ გააღიზიანა და მათი მოშორება მოითხოვეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა, რომლებმაც რკინის ჯებირები აღმართეს. "თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციაზე იმყოფებოდა. "წარმოუდგენელი ძალადობა იყო 5 ივლისს თბილისის ქუჩებში. დაგვდევდნენ აქტივისტებს, სცემდნენ ჟურნალისტებს. მაგრამ დღეს აქ შეკრებილმა ადამიანებმა თანამოქალაქეებს უთხრეს, რომ ძალადობა არ იქნება ის ფორმა, რომ ჩვენ ურთიერთობაში დავნერგოთ და იმედი გვაქვს ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მშვიდობიანად შევძლებთ შეკრებას, ისე, რომ ეს არ იქნება ძალადობის წყარო. გუშინ ჩვენ არ გვქონდა საერთოდ პოლიციის მხარდაჭერა. ჩვენ იმის თქმა გვინდოდა ყოველთვის, რომ ძალადობის პრობლემა მხოლოდ ჩვენი არაა, არამედ ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანების საერთო გამოწვევაა, ამიტომ გვჭირდება ერთად დგომა," - განაცხადა გიორგი თაბაგარმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ექიმ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ქმედებები, რომელიც ორშაბათს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ძალადობრივმა ჯგუფებმა განახორციელეს. აღნიშნული კომენტარი ცნობილმა ექიმმა გუშინ პარლამენტის წინ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე "რუსთავი 2“-თან გააკეთა და აღნიშნა, რომ აქციაზე მისვლაც იმ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებამ აჩვენოს, რომ ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სურს მსგავს ძალადობრივ გარემოში ცხოვრება: „ეს არის სრულიად მიუღებელი, ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელშიც არ მინდოდა, რომ გამღვიძებოდა. ამიტომ ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა, რომ ქვეყანამ იცოდეს, ჩვენ ვართ უმრავლესობა, ადამიანები, რომლებიც ვთვლით, რომ სწორად ვაზროვნებთ და ეს არის სწორედ ქრისტიანული მორალით აზროვნება, რომ სხვა ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, ყველანი ვართ თანაბრები და ჩვენ ამ მრწამსს შევინარჩუენებთ და ამ ქვეყანას მომავალი მხოლოდ აქ აქვს,“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. მისი თქმით, 5 ივლისის პროცესებს თვითორგანიზებულობის ელფერი არ დაჰკრავდა, თუმცა მნიშვნელოვანია არა ის თუ ვისგან იყო ორგანიზებული, არამედ ის, რომ პოლიციამ თავისი მოვალეობა შეასრულოს. აქციას რუსთაველზე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც შეუერთდა. ვაჟა ექიმი სოლიდარობას უცხადებს სიძულვილის ჯგუფების მიერ დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს. „მე ვითხოვ კანონის დაცვას. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. თუ კანონით არ არის აკრძალული, მე ყველაფრის უფლება მაქვს. ყველა დამნაშავე უნდა იყოს დაკავებული. ადამიანს ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს ჩაცმულობისა და იერის გამო”, - წერს სტატიის ავტორი.

"ამ პავლიკ მოროზოვების მთავარი სამიზნე დღეს ირაკლი ღარიბაშვილია“ - ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციაზე

"პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციის მოთხოვნას 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომაზე აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი სამიზნე დღეს ღარიბაშვილია, რომელიც საშუალებას არ აძლევს „ნეოტროცკისტებს“ და პავლიკ მოროზოვებს ქვეყანა დაანგრიონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ამ პავლიკ მოროზოვების მთავარი სამიზნე დღეს ირაკლი ღარიბაშვილია“ - ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციაზე

"რუსთავალზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ პოლიციელებზე გაცემული იყო ბრძანება, არ მიეღოთ მონაწილეობა ძალადობის აღკვეთასა და პრევენციაში და მიიჩნევენ, რომ პირადაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელისა და შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ოპოზიცია ღარიბაშვილს "თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის გამართვამდე გაკეთებულ განცხადებაშიც ადანაშაულებს. რამდენჯერ გააფრთხილა ხელისუფლებამ და პირადად პერმეირმა, რომ ამ აქციას შეიძლება გართულებები მოჰყოლოდა. გაიგეს? არა, ახლა გაჰყვირიან, პრემიერი გადადგესო”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მათი მთავარი სამიზნე დღეს ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ამ 20-იანი წლების ტიპიურ "ნეოტროცკისტებს“ და პავლიკ მორზოვებს საშუალებას არ აძლევს ქვეყანა დაანგრიონ. ჯერ კიდევ გამოსაძიებელია, ვინ ძალადობდა. სულ ახლახანს გავრცელდა კადრები, რომ ერთ-ერთი დამრბევი სწორედ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი თუ წევრია, რომელიც თავს იწონებს გიგა ბოკერიასთან გადაღებული სურათით. მოკლედ ძალიან აშლილია "საფანჩატურეთი“, თვე არ გავა, რომ რაიმე საძაგლობა არ ჩაიდინონ. უფლება რომ მისცე ამ ერთი მუჭა ავანტურისტებს, განსხვავებული აზრის გამო კოცონზე დაგწვავენ,“ - განაცხადა "რეზონანსთან“ ედიშერ გვენეტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს