საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ

საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ჩამოაბრძანებს და ქართველ ხალხს გადასცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 9-10 ივლისს ეწვევა. ის დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს საქართველოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის გადაწყვეტილებით გადასცემს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.

„საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.

მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთერთობებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქართული მხარე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე. ჩვენს შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთმხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

როგორც ცნობილია, 2017-18 წლებში დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილებმა ერთი წლით უკვე იმოგზაურა საქართველოში, რის შემდეგაც ისევ ინდოეთში დაბრუნდა. ამჟამად კი, გოას არქეოლოგიურ მუზეუმში დასვენებული წმინდა ნაწილი საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოეცემა.

ასევე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორი გახლავთ ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა.

10 ივლისს, 14:00 საათზე, დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ.

იხილეთ ვიდეო:საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს დღეს ჩამოაბრძანებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა