სუს-ის წარმომადგენელი - ერგნეთში შეხვედრის საკვანძო საკითხია ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის საკითხი, რათა ისინი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდნენ ოჯახებს - ამ პროცესში გარკვეული დინამიკაა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით 101-ე შეხვედრა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხებზე შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
მისი განცხადებით, რიგით 101-ე შეხვედრის საკვანძო საკითხს წარმოადგენს ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი.
,,დღევანდელი შეხვედრის მთავარ საკვანძო საკითხს წარმოადგენს ჩვენი თანამოქალაქეების - ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის საკითხი, რათა ისინი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. პროცესს აქვს დინამიკა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ შეხვედრებზე, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისად, პროცესში არის გარკვეული დინამიკა, რიგი მიზეზების გათვალისწინებით, მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან. როგორც აღვნიშნე, დღევანდელ შეხვედრაზეც ეს საკითხი იქნება აქტიური განხილვის საგანი. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხება წინა შეხვედრიდან დღემდე, პრაქტიკულად ერთი თვის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, მათ შორის, აქტიურ ფაზაში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

























